კლინტონი ობამას პოლიტიკას აკრიტიკებს

კლინტონი ობამას პოლიტიკას აკრიტიკებს

წიგნში "დავუბრუნდეთ სამუშაოს: რატომ გვჭირდება ჭკვიანი მთავრობა იმისთვის, რომ ძლიერი ეკონომიკა შევქმნათ" ("Back to Work: Why We Need Smart Government for a Strong Economy"), აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ქვეყნის ამჟამინდელი მმართველის პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებს. წიგნი აშშ-ში 8 ნოემბერს გამოვა.

კლინტონის აზრით, შარშან ზაფხულში სახელმწიფო ვალის ზედა ზღვართან დაკავშირებით ხანგრძლივი დებატების შემდეგ ქვეყანა დასუსტდა. აშშ მაშინ პრაქტიკულად ტექნიკური დეფოლტის ზღვარზე იყო, რაშიც ბრალი უშუალოდ ქვეყნის ლიდერს მიუძღოდა.

კლინტონის ვერსიით, ობამას ადმინისტრაციას სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარი მანამდე უნდა გაემყარებინა, ვიდრე რესპუბლიკელები 2010 წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებდნენ.

"დემოკრატიულ პარტიას მკაფიო სარეკლამო კამპანია არ გააჩნდა, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გასაგებს გახდიდა და რესპუბლიკელთა წინადადებების საპირწონედ აქცევდა", - წერს ექს-პრეზიდენტი.

კლინტონმა პრეზიდენტის რანგში საკუთარი მიღწევების შესახებ ისაუბრა. კლინტონმა აღნიშნა, რომ მისი რვაწლიანი მმართველობის დროს მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები და უმუშევრობის დაბალი დონე იყო. მან ასევე ისაუბრა უოლ-სტრიტელი ბანკირების სტაბილური მხარდაჭერის შესახებ, რომელთა უმრავლესობა "მილიონერებისთვის გადასახადების გაზრდასთან" დაკავშირებით ბარაკ ობამას შეთავაზებას გულგრილად შეხვდა.

კრიტიკის გარდა, კლინტონი დემოკრატი კოლეგის მიმართ საქებარ გამონათქვამებსაც არ იშურებს. მთლიანობაში კლინტონი მაღალ შეფასებას აძლევს კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის მიზნით, ობამას მცდელობებს. კრიზისზე პასუხისმგებლობას კი წიგნის ავტორი აშშ-ის ექს-პრეზიდენტ - ჯორჯ ბუშ-უმცროსს აკისრებს.

კლინტონისა და ობამას ურთიერთობა ყოველთვის დაძაბული იყო. 2008 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კლინტონი ხშირად აკრიტიკებდა მაშინდელ სენატორ (ილინოისის შტატიდან) ბარაკ ობამას, რომელიც მისი მეუღლის - ჰილარი კლინტონის მთავარი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო წლების განმავლობაში ყოფილმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტებმა საერთო ენის გამონახვა მაინც შეძლეს და ამერიკული ელიტისთვის საყვარელი გოლფის მოედანზე ხშირად ერთად დადიან.

მომზადებულია Life News-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს