ვის შეაგინა წიგნის პრეზენტაციაზე ჯანსუღ ჩარკვიანმა

ვის შეაგინა წიგნის პრეზენტაციაზე ჯანსუღ ჩარკვიანმა

მძიმე ბავშვობა ჰქონდა, ექვსი წლის ასაკში დილის ექვს საათზე იღვიძებდა და ნავთის რიგში დგებოდა. დამოუკიდებლად ზრდიდნენ მშობლები. ხუთი წლისა უკვე ცხენზე იჯდა. 12 წლისამ რამდენიმე თანაკლასელთან ერთად სამამულო ომში წასვლა გადაწყვიტა.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი საკმაოდ საინტერესო პარალელებს ავლებს იმ დროისა და დღევანდელ ქუჩას შორის, საბჭოთა კავშირის დროინდელ სკოლასა და დღევანდელ სკოლას შორის. ბატონ ჯანსუღს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- მამაჩემი, ავდიდ ჩარკვიანი, პროფესიით აგრონომი გახლდათ. დამთავრებული ჰქონდა ტაშკენტის აკადემია. ვაჟკაცი, რაინდი კაცი იყო, მაღალი, მოსული, ჭკვიანი, მკაცრი. ერთი საოცარი თვისება ჰქონდა. ბავშვობაში ბორჩალოში ვიზრდებოდი, მამა იქ აგრონომად მუშაობდა. დაახლოებით 2 კილომეტრში ჰყავდა თავისი ცხენი. მე, 5 წლის ბავშვს, ამხელა მანძილზე მაგზავნიდა, მეტყოდა ხოლმე, ცხენი მომიყვანეო. მივიდოდი, შემიკაზმავდნენ ცხენს და მომყავდა მამასთან.

- როგორ ახერხებდით?

- თვითონ როგორ ახერხებდა ასე დამოუკიდებლად, კაცურად გავეზარდე, ესაა საქმე. ერთხელ, მახსოვს, რომ მოვდიოდი და ცხენი მომყავდა მამასთვის, მდინარე ხრამი უნდა გამევლო. გველი დახვდა წინ ჩვენს ცხენს. ცხენი ვერ იტანს გველს, ასწია წინა ფეხები და ურტყა და ურტყა, მე კი გადამაგდო მდინარეში. ცურვა ვიცოდი თუ რა?! ერთი ჭიჭიკო ახვლედიანი იყო, მამას ამხანაგი, მასთან მუშაობდა. მან ამომიყვანა წყლიდან. აი, ასე რაინდულად მზრდიდა მამა.

- არ აპროტესტებდით, არ გეშინოდათ?

- არა. შიშის გრძნობა მამამ დამაკარგვინა. მომწონდა, უფროსების გასაკეთებელ საქმეს რომ მავალებდნენ.

- დედაზე რას მეტყვით?

- დედა - პისტი გელოვანი (პისტი სარწმუნოებას ნიშნავს), თავადის ქალი იყო. ბრწყინვალედ მღეროდა, შესანიშნავად უკრავდა გიტარაზეც. ძალიან დახვეწილი და ლამაზი ქალბატონი გახლდათ. ერთ სოფელში ცხოვრობდნენ თურმე ჩემი მშობლების ოჯახები, ზემო სურმუშში - გელოვანები, ქვემო სურმუშში - ჩარკვიანები. სვანურად სურმუშ - ბევრ თოვლს ნიშნავს.

- დედა რას საქმიანობდა?

- არაფერს, დიასახლისი იყო. ყველა ეხვეწებოდა, კონსერვატორიაში ჩაებარებინა, მაგრამ მამა იყო წინააღმდეგი. ეჭვიანობდა. მაშინ თეატრალურში, თუნდაც კონსერვატორიაში ჩაბარება ცოტა უხერხული გახლდათ. დღეს რომ გვეამაყება არტისტობა და მომღერლობა, ასე კი არ იყო საქმე.

- განსაკუთრებული დარიგება გახსენდებათ მშობლების მხრიდან?

- საშინელი ბავშვობა გამოვიარე, ეს იყო სამამულო ომის წლები, გერმანიის წინააღმდეგ. ვერაზე ვცხოვრობდით. იქ იყო მოსკოვის ქუჩა, სადაც დედა მიდიოდა და ნავთის რიგში დგებოდა. მერე, ექვსი წლის რომ გავხდი, მე მიშვებდა ხოლმე ნავთის რიგში, დილის ექვს საათზე. ზუსტად ექვს საათზე თუ მივიდოდი, მეასე ვიყავი რიგში. ძალიან ციოდა. რომ წამოვიზარდე, დედას ვუთხარი, ხომ მაგარი ვიყავი, ექვსი წლის ბავშვი ნავთის რიგში რომ ვდგებოდი-მეთქი. კი მაგრამ, მე რატომ არ მეკითხები, რატომ გიშვებდი ამ ასაკში მარტოო. რატომ-მეთქი, ვკითხე. უბანში თითს ვინ დაგაკარებდაო, მიპასუხა. მართლაც ასე იყო. მაშინ ერთმანეთს პატივს ვცემდით.

მახსოვს, ზამთარში უბანში რომ გავდიოდი, აუცილებლად გამომეკიდებოდა რომელიმე უბნელი გოგო, გამომყევიო მთხოვდა. რატომ? გუნდა რომ არ ესროლა ვინმეს. ბიჭთან ერთად თუ იყო გოგო, იმას ასეთ რამეს არ აკადრებდნენ. ჩხუბიც იყო უბან-უბან, ყოჩობაც, მაგრამ შევრიგდებოდით ხოლმე უმალ. მაშინ შატალოებზეც დავდიოდით. იმიტომ, რომ თავისუფლება გვინდოდა. დღეს ბავშვს გაკვეთილის გაცდენა რომ მოუნდება, ეტყვის მშობელს, აუ, დე, არ მინდა რა სკოლაში წასვლაო და გათავდა. ისე გვიდუღდა სისხლი 12 წლის ბავშვებს, მახსოვს, ერთ კრეტინ რუს კაპიტანს შევეკარით და ომში წავედით. სამამულო ომში. ერთმა ძმაკაცმა გაგვყიდა. მატარებლით მივდიოდით. მცხეთაში დაგვეწივნენ ჩვენი მშობლები მანქანით. თან ყურს გვიწევდნენ და თან მცხეთურ ღვეზლებს გვაჭმევდნენ. ეს პატრიოტულად აღზრდის შედეგი იყო.

- განსხვავება რა არის დღევანდელსა და მაშინდელ ქუჩას შორის?

- პაატა ბურჭულაძემ წიგნი გამოსცა - "ქართველი პოეტები ძველ თბილისზე". პრეზენტაციაზე ვიყავი და ჩემს თბილისზე ვილაპარაკე. ერთი თინეიჯერი წამოდგა და მეკითხება, ბატონო ჯანსუღ, ასე რომ ლაპარაკობთ, რა განსხვავებაა ჩემსა და თქვენს თბილისს შორისო. ვიფიქრე, ახლა ამას ისე შევაგინებ დედას, გინებად რომ არ ჩამითვალოს და თან განსხვავებასაც ავუხსნი-მეთქი. დიდი არაფერი განსხვავებაა, უბრალოდ, ჩემს დროს ამბობდნენ შენი დედა (დავუბოლოვე ფრაზა) და შენს დროს ჩემი დედას ამბობენ-მეთქი, ვუპასუხე. აი, ეს განსხვავებაა მაშინდელსა და დღევანდელ ქუჩას შორის. მაშინ გოგონა რომ ბიჭთან დადიოდა, მთელ უბანს უხაროდა, იმიტომ, რომ იმ სიყვარულის 99% შეუღლებით მთავრდებოდა.

- დღეს?

- დღეს? დღეს ნეტავ ბიჭმა ცოლი მოიყვანოს და მაგას რა სჯობს, შენი ჭირიმე. ბიჭს ბიჭი უყვარს და ვერ გაიგებ, ვისი ვიოლინო ვის როიალშია (იცინის). ეს ვთქვი ადრე, "ვერ გაიგებ, დღეს ვისი ვიოლინო ვის როიალშია". მეტი გინება რა ვთქვა?!

- სკოლაზე, მასწავლებლებზე რას მეტყვით. განსაკუთრებით თუ დაგამახსოვრდათ რომელიმე?

- ეს იყო ჩემი დამრიგებელი ნინო სუხიაშვილი. ოთხი წელი გოგონები და ბიჭები ერთ კლასში ვსწავლობდით. მერე გაგვყვეს ამ დეგენერატებმა. თავიდან გოგონების ჯინაზე ფრიადოსანი ვიყავი, გაყოფის მერე სამოსანი გავხდი. ნინო სუხიაშვილი საოცარ ბიჭებად გვზრდიდა. იცოდა, რომ უკვე ლექსებს ვწერდი, გამომიყვანდა ხოლმე და მეტყოდა, ჯანსუღ, აბა, ვაჟას ლექსი მითხარიო, იცოდა, ვაჟა რომ მიყვარდა. ისიც იცოდა, რა ლექსი უნდა მეთქვა და მეუბნებოდა, ხელები მაგრად მოუჭირე ქამარს, ვითომ ხანჯალი გიკეთიაო.

მეც დავიწყებდი: "დაჟანგებულხარ გორდაო, დაგობებია ქარქაში"... ასე იყო სკოლაშიც, პიონერთა სასახლეშიც. ამათ პიონერები ყელსახვევიანი კურტანები ჰგონიათ. ქეთევან ანანიაშვილი ლიტერატურის წრეს ხელმძღვანელობდა. მან გაგვაცნო გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, იოსებ გრიშაშვილი. პატრიოტულად გვზრდიდნენ, სიყვარულით, სამშობლოს სიყვარულს გვინერგავდნენ. ომში რომ მივდიოდი 12 წლის ასაკში, საბჭოთა კავშირის კი არა, საქართველოს დასაცავად მივდიოდი.

- პროფესია როგორ აირჩიეთ?

- მოგეხსენებათ, ბავშვობიდან ლექსებს ვწერდი. სკოლა რომ დავამთავრე, ჩემი ლექსები უკვე იბეჭდებოდა. მინდოდა, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, მაგრამ მაშინ გაჩნდა ახალი ფაკულტეტი - ჟურნალისტიკა და ეს ავირჩიე. მახსოვს, საგურამოში ილია ჭავჭავაძის დღეები იყო. საღამო ნიკო კეცხოველს მიჰყავდა. მე, როგორც პიონერთა სასახლის წარმომადგენელი, უნდა გამოვსულიყავი საღამოზე და ლექსი მეთქვა.

ბატონმა ნიკომ ასე გამომაცხადა: სიტყვა ეკუთვნის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს, ახალგაზრდა პოეტს ჯანსუღ ჩარკვიანსო. ვუთხარი, ძია ნიკო, ჯერ სტუდენტი არ ვარ-მეთქი, მერე რა, ხომ უნდა შეხვიდე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზეო, მიპასუხა. დამმოძღვრა, გზა გამიკვალა. წავედი და წავედი. ჩვენ მეორე გამოშვება ვიყავით. ძალიან საინტერესო ხალხთან მომიწია მუშაობამ.

- პირველი სამსახური, პირველი ჰონორარი...

- 1956 წელს გამოვიდა ჟურნალი "ცისკარი", სადაც ამიყვანა ვახტანგ ჭელიძემ, უბრალო ლიტმუშაკი ვიყავი. იქ ავიღე პირველი ჰონორარიც. 11 წელი ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი გახლდით. მერე იყო ჟურნალი "დროშა", ჟურნალი "დილა". ჩემი წიგნები დაწყებული ოცი ათასიდან, სამოცდაათიათასიანი ტირაჟით დამთავრებული გამოცემულა. უბრალო სტრიქონში ერთ მანეთს გვიხდიდნენ. მერე, როცა რუსთაველის პრემია მივიღე, 2 მანეთი გამიხადეს. ეს ცოტა ფული არ იყო. ერთი წიგნით "ვოლგა" შეგეძლო გეყიდა. მაშინ ძალიან ძვირი იყო "ვოლგა".

- თქვენ კაფიებსაც წერთ, ხომ არავინ გაგინაწყენებიათ ამ ხნის განმავლობაში თქვენი მწარე ენით?

- (იღიმის) რა ვიცი, შეიძლება. თუმცა, როცა იუმორი ახლავს კაფიას, ეს დიდად საწყენი არ უნდა იყოს. ვცდილობ, არავინ გავანაწყენო.

- პოლიტიკური კაფია თუ გაქვთ ახალი, დღევანდელობის შესაფერისი?

- უამრავი. ამას წინათ ერთ თინეიჯერ პოლიტიკოსს მივწერე: "გეუბნები თინეიჯერ პოლიტიკოსს, პოლიტიკას შეეშვი და გაუფრთხილდი ცოლის ტრიკოს". ვერ ვიტყვი, ვის მივწერე, თვითონ კი მიხვდება.

- და, როგორ დავიჯერო, ასეთ გამონათქვამებზე არ ბრაზდებიან?

- გაბრაზდნენ და იყვნენ, რა ვუყო (იცინის).

- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას მეტყვით...

- ექვსი წლის ვიყავი, ჩემს კლასელს ლექსი რომ მივუძღვენი. "მიყვარს ნატო, მაგრამ მარტო". ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რატომ მინდოდა მარტო ყოფილიყო ნატო. დედა დაჰყვებოდა სულ და არ მომწონდა.

- სად წავიდა მერე ნატო?

- არ ვიცი. მერე კიდევ არაერთგზის მიყვარდა, ზოგჯერ მიმართლებდა, ზოგჯერ - არა. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ნამდვილი სიყვარული ჩემს მეუღლესთან, ირმა ჩხეიძესთან მქონდა. მაშინ 16 წლის იყო ირმა. მე ოთხი წლით უფროსი ვიყავი. 19 წლის რომ გახდა, ცოლად მოვიყვანე. ირმაც ფილოლოგია, ნიჭიერი, ჭკვიანი, განათლებული.

- თქვენც მამასავით წინააღმდეგი ხომ არ იყავით, მეუღლეს რომ ემუშავა?

- არა, ირმა ლიტერატურის ინსტიტუტშიც მუშაობდა. მეცნიერია, დოქტორი. კარგი წიგნი აქვს გამოცემული - "მოგონებები". პირველი დისერტაცია კონსტანტინე გამსახურდიას "მთვარის მოტაცებაზე" ირმამ დაიცვა. კონსტანტინეს ისე მოეწონა დისერტაცია, დოქტორობა მოითხოვა. მაშინ ირმა 26 წლის იყო.

- თავად რა გამოცდილება გაუზიარეთ შვილებს? გქონდათ განსაკუთრებული დარიგება ან აკრძალვა?

- ძალიან რთულია შვილებს აუხსნა, ვინ ხარ შენ, რა გზით იარე და როგორ უნდა გამოგყვნენ უკან. ეს თვითონ უნდა გაიაზრონ და გააცნობიერონ. შვილებში მართლაც გამიმართლა, ისინი კარგად ხედავდნენ, ვინ ვიყავი. საინტერესო ადამიანები არიან ჩემი შვილები. მამუკა ცნობილი კაცია, კარგი სიმღერები აქვს. მორიდებულია, არასდროს უთქვამს, კომპოზიტორი ვარო.

ბიძინა კვერნაძე გიჟდებოდა, მა რა ხარ, ბიჭო, კომპოზიტორი ხარ, ვის აქვს შენნაირი სიმღერებიო, ეუბნებოდა. თაკო ძალიან ჭკვიანი გოგოა, ძალიან კარგი მუსიკოსი, შესანიშნავი ჟურნალისტია. მოთხრობების ბრწყინვალე წიგნი გამოსცა. რაც შეეხება ჩემს პატარა შვილიშვილს, ირმა გიგანს, დღეს მსოფლიოში აღიარებული ბავშვია, მაგარი პიანისტი, სად აღარ არის მიწვეული, აბა, მითხარით, როგორ არ უნდა ვიყო ამ ყველაფრით ბედნიერი?

- დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავთ...

- შეუცდომელი კაცი ამ ქვეყანაზე არ დადის. მთავარია, ისე არ შეცდე, ამით დაინგრეს შენი ყოფა და შენი წუთისოფელი. მთელი ჩემი ცხოვრება ხელის გამწვდომი, დამხმარე და ლუკმის გამყოფი კაცი ვიყავი. ხანდახან კი მიფიქრია, ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა-მეთქი, მაგრამ ასეთი ვარ. ესაა ჩემი ცხოვრება.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს