ლაშა ბუღაძის ცხოვრების "ლიტერატურული ექსპრესი"

 ლაშა ბუღაძის ცხოვრების "ლიტერატურული ექსპრესი"

რამდენიმე რომანის, მოთხრობისა და საქართველოში თუ საზღვარგარეთ დადგმული პიესის ავტორია. არაერთი ლიტერატურული პრემია მიუღია, ცოტა ხნის წინ კი "ბი-ბი-სის" და ბრიტანეთის საბჭოს რადიოპიესების საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა პიესისთვის "ნავიგატორი".

ყოველთვის ემოციური საჯარო გამოსვლებით გამოირჩევა  (ბოლო ხანს - იშვიათად) და სატირისა და ირონიის ნაზავი პუბლიკაციებით ზოგს აღიზიანებს, ბევრს - გულს ფხანს. დღეს რუბრიკა "პირისპირში" მწერალი ლაშა ბუღაძე გვესაუბრება.

- შენი ნაწარმოების სახელწოდებას დავესესხე და ჩვენს ინტერვიუს პირობითად "ლაშა ბუღაძის ცხოვრების "ლიტერატურული ექსპრესი" ვუწოდე. მოდი, ამ ექსპრესის პირველი სადგური "ბავშვობა" იყოს და მოგზაურობაც სწორედ ლიტერატურასთან შენი პირველი შეხვედრით და დამეგობრებით დავიწყოთ.

- ადრეული ბავშვობიდან, ყოველთვის იყო ჩემ გვერდით ვიღაც - დედ-მამა, ბებია, დეიდა, ვინც ძილის წინ მიყვებოდა ამბავს, მიკითხავდა წიგნს და არავინ იზარებდა, ასე გავერთე. მერე კი, რადგან ეს სამყარო ძალიან ახლობელი გახდა, ბუნებრივია, თვითონ დავიწყე კითხვით თავის შექცევა და მხატვრული ისტორიული ნაწარმოებები, ბერძნული მითოლოგია, ანტიკური თემატიკა ძალიან შევიყვარე. არც მახსოვს ცხოვრების პერიოდი წიგნის კითხვის გარეშე.

- შენს თავს გადახდენილი ერთი ამბავი გამახსენდა, ბავშვობაში უცნობ ბავშვს ველოსიპედი რომ ათხოვე, მეორედაც რომ მოგაკითხა და კვლავ გაატანე, მან კი სულ წაიყვანა... გულკეთილი, გულუბრყვილო ბავშვი დღეს რეალისტ მწერლად იქეცი. ახლა როგორი ხარ ადამიანებთან - უფრო მიმნდობი თუ ეჭვიანი?

- ვერ გეტყვით, რომ ყოველთვის ყველაფრისადმი სკეპტიკური განწყობა მაქვს, მაგრამ ადამიანი ხომ კონტრასტების შედეგია. ამიტომ ჩემშიც ენაცვლება გულუბრყვილობა, სკეპტიციზმი, ირონიულობა და, შეიძლება, პათეტიზმიც. რაც წლები მემატება, მით უფრო სკეპტიკური ვხდები ჩემი პოლიტიკური აქტიურობისადმი. ვთქვათ, წლების წინ, შედარებით ახალგაზრდა რომ ვიყავი, უფრო თამამად გამოვხატავდი პოზიციას, ბევრს ვლაპარაკობდი და ხშირად - საკმაოდ დაუფიქრებლადაც. ახლა ვფიქრობ, ყოველთვის მართალი არ ვიყავი, უფრო - გამოხატვის ფორმით, თორემ იდეურად შეიძლება დღესაც ვეთანხმებოდე იმჟამინდელ ნათქვამს. ეს, ალბათ, ახალგაზრდობისთვისაა დამახასიათებელი... მგონი, 80 წლის იუბილარივით ვლაპარაკობ (იცინის)... არადა, წამდაუწუმ რომ მთხოვენ ჟურნალისტები ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხზე აზრის გამოთქმას, აღარც კი მინდა, ვუპასუხო და თითქოს არც საპასუხო მაქვს რამე.

ისე მსგავსი და ერთგვაროვანია ბოლო წლების საქართველოს ისტორია, ისეთი განუვითარებელია პროცესები, შენც დეგრადირებ საქართველოს ნელ პოლიტიკურ სვლასთან ერთად. ამიტომ ბოლო ხანს სულ ვფიქრობ: ვთქვათ, რაღაცის ტარიფის გაზრდაზე შეიძლება როგორც მოქალაქე, ადამიანი, გავბრაზდე, მაგრამ მწერალმა საჯაროდ რატომ უნდა ვაკეთო ამაზე კომენტარი? ბევრჯერ მითქვამს რაღაც და ხალხს კი ვერ გაუგია, გაღიზიანებულა, აგრესიაც მოჰყოლია, მერე, ხანი გასულა და შეიძლება გაუზიარებია კიდეც ის აზრი. ეს დაუმთხვევლობები, ბუნებრივია, გღლის და გრძნობ, რომ, კი ლაპარაკობთ ერთ ენაზე, მაგრამ - ტყუილად - არც შენი ესმით, არც შენ გესმის მათი. ძალიან ემოციურები ვართ, რაც ფიქრსა და ანალიზში ხელს გვიშლის. ჩვენი პრობლემების ერთ-ერთი მთავარი საწინდარიც, ვფიქრობ, გადაჭარბებული ემოციურობა და მაქსიმალიზმი, უპირობო აღტაცება ან უპირობო სიძულვილია. ცხადია, მეც ემოციური ვარ, მაგრამ ჩემთვის სამყარო შავად და თეთრად არ იყოფა.

- ვიცი, კარგი კარიკატურისტი ხარ. ვინ არიან შენი "გმირები"?

- კარიკატურებს ადრეული ბავშვობიდან ვხატავდი. მერე, რაც აქტიურად დავიწყე წერა, ტემპი შევანელე. თუმცა რამდენიმე წლის წინ საკუთარი ილუსტრაციებით გამოვაქვეყნე რომანი, რომელსაც "კარიკატურისტი" ვუწოდე. ძალიან პოლიტიზებული ბავშვი ვიყავი, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი ბავშვობის წლები იყო პოლიტიზებული - ამ წლებში დაინგრა საბჭოთა კავშირი, რასაც საქართველოში ომები და უბედურება მოჰყვა. სკოლის მასწავლებლებსაც კი გაკვეთილების ნაცვლად მიტინგებზე დავყავდით. ცხადია, რასაც ვხედავდი, ყველაფერს ვხატავდი - პოლიტიკოსებსაც, მეგობრებსაც.

მეგობრები - ვაჟები ეროტიკული კარიკატურების დახატვას მთხოვდნენ, მაგრამ ამ მხრივ უვიცები ვიყავით და, ძირითადად, ფანტაზიას ვიშველიებდი, - სამწუხაროდ, ფანტაზიით ბევრი არაფერი გამომდიოდა (იცინის). სხვათა შორის, ერთ-ერთი პოლიტიკური კარიკატურა 1989 წელს დავხატე - პარლამენტის მსგავს სხდომათა დარბაზში შერბის კაცი ვარდით ხელში (მადლობას ვუხდით "ელენე ახვლედიანის ბავშვთა გალერეის" თანამშრომლებს კარიკატურის ფოტოს მოწოდებისათვის - ი.ხ.). ეს ნახატი დღესაც ელენე ახვლედიანის ბავშვთა გალერეის მუდმივ ექსპოზიციაშია. ნამდვილად რაღაც წინასწარმეტყველური იყო ჩემში (იცინის). ფერწერა კი არასდროს მიცდია. ერთხელ მამას უკითხავს, რატომ არ გინდა ფერწერაო და მიპასუხია, - ხელების დასვრას ვერ ვიტან-მეთქი.

- ამბობ, პოლიტიკური კომენტარებისგან თავს ვიკავებო, მაგრამ ჩანს, მაინც ვერ გითმენს გული, რადგან სხვადასხვა ინტერნეტგვერდზე ხშირად ვხვდებით შენს სატირულ პუბლიკაციებს - "გამათრახებულ" პოლიტიკურ მოვლენებსა თუ პოლიტიკოსებს. უცებ ერთ-ერთი გამახსენდა - "საქართველოში ჟანრის კრიზისია".

- სატირული, ირონიული ტექსტის წერა და ამით კონკრეტულ მოვლენებზე რეაგირება ძალიან მომწონს და მსიამოვნებს. რაც შეეხება ჟანრის კრიზისს, ასე არ არის? - ერთფეროვანი პოლიტიკური ცხოვრება გვაქვს, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას. თუმცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ პოლიტიკური ცხოვრება გამოცოცხლდა. კოლაფსი, შეგრძნება, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა და კლაუსტროფობიის განცდა ნელ-ნელა იკლებს საზოგადოებაში. ამას ჩემშიც ვგრძნობ. არადა, უკვე ვფიქრობდი, ყველაფერი ერთფეროვნად გაგრძელდებოდა წლების განმავლობაში. ამიტომაც ვწერდი "ჟანრის კრიზისზე" - ფაქტობრივად, ვხედავთ კიდეც ამ ხელისუფლების პოლიტიკური "ჟანრის კრიზისს" ახლა, მოსვლიდან 8 წელიწადში და წარმოიდგინეთ, 2-5 წელიწადში რა შეიძლება იყოს!

თუმცა განსაკუთრებით დიდ ცვლილებებს არ ველი იმიტომ, რომ 4 მილიონი ვართ და როგორც უნდა ცვალო, მაინც მიიღებ იმ ქართველს, რომელიც აქ ცხოვრობს, ამ საქართველოს მოქალაქეს თავისი გამოცდილებით, თვალსაზრისით. ერთადერთი, რაც ყოველთვის მაშინებდა და მაშინებს, არის პოლიტიკოსისადმი ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილის ფატალისტური დამოკიდებულება. გმირები უკვე მოგვბეზრდა და ახლა მესიაზე გადავინაცვლეთ. გვჯერა, რომ აქ რაღაც სასწაულები მოხდება და ამას ერთი ადამიანი მოახდენს, ჩვენ კი მომზირალნი უნდა ვიყოთ. მერე კი, 2-3 წელიწადში, სასწაულები რომ არ მოხდება, გავბრაზდებით და მესიას ანტიქრისტედ ვაქცევთ. ჩვენი 20 წლის გამოცდილება ესაა. დღესაც მის ნიშნებს ვატყობ ქართველ საზოგადოებას. და, ალბათ, ბევრიც ატყობს. ის, რაც დღეს ძალიან გვესიმპათიურება, მერე შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს.

თავისთავად, ძალიან უცნაური შემთხვევაა: ვერ ვიხსენებ ერთ მაგალითსაც კი მსოფლიოში, რომ ქველმოქმედს, ფილანტროპს, თავისი მოღვაწეობით ძალიან დასაფასებელს, ადამიანების მართლაც ფიზიკურად გადამრჩენს, პოლიტიკაში მოსვლა გადაეწყვიტოს, მისგან გადარჩენილ ადამიანთაგან ზოგიერთს კი თან ეგრძნოს და ამასთანავე, არც ეგრძნოს ანგარიშვალდებულება მის წინაშე. ისე, ყველაფერი უცნაური ჩვენ რომ უნდა დაგვემართოს, ფაქტია. თუმცა სკეპტიკურად არ ვარ განწყობილი, თუკი ეს სიახლე დააბალანსებს იმ ჰეგემონიას, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა და, რბილად რომ ვთქვა, უკვე მარაზმს დაამსგავსა.

დღეს ხალხი რატომღაც დარწმუნებულია, რომ დღევანდელი ხელისუფლების და, კონკრეტულად, "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა გადაწყვეტილია, არადა, ჯერ მართლა არაფერია გადაწყვეტილი. სიმართლე გითხრათ, 100 ან 97-98 პროცენტით გამარჯვებული ახალი მესია საერთოდ არ მინდა, და არც ერთ ჭკუათმყოფელს არ ენდომება, რადგან ეს მესია ახალ "ძველ" პრობლემებს შექმნის. ჩვენთან ლამის ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ოპონენტი უნდა გაქრეს, აორთქლდეს, ვისურვებდი ურთიერთკონტროლით დაბალანსებულ სხვადასხვა სახელისუფლებო თუ პოლიტიკურ ჯგუფებს და ნამდვილ დემოკრატიას.

ეს, ცხადია, რთულია, მაგრამ საზოგადოება უნდა მივიდეს ამ საფეხურამდე. თავისთავად, დადებითად ვარ განწყობილი ახალი პოლიტიკური მოთამაშეების გამოჩენით და შემოსვლით, ძალიან მომწონს, მაგრამ არც საზოგადოებისადმი და საკუთარი თავისადმი კრიტიკული განწყობა მინელდება, რადგან აღარ მინდა, კვლავ სასწაულის მოლოდინში ვიყო, აღარ მინდა, პოლიტიკურმა თუ, საერთოდ, ცხოვრებამ მუდმივ იმედგაცრუებაში ჩაიაროს. ეს ძალიან მომქანცველია. არადა, ჩვენთან ხომ სოციუმი პირად ცხოვრებაში, პირად სივრცეშიც იჭრება; შენს ბიოგრაფიაში იჭრება შენი ქვეყანა და ეს ბუნებრივიც არის...

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს