ტარიელ ხარხელაურს ლექსების სტუმრად გაშვების ეშინია

ტარიელ ხარხელაურს ლექსების სტუმრად გაშვების ეშინია

თიანეთში ცხოვრობს და თბილისში იშვიათად ჩამოდის. უაღრესად მოკრძალებული, თავმდაბალი, თავშეკავებულია და ასეთად ყოფნას არ თამაშობს. ღიმილიც კი მოზომილი აქვს. გულწრფელი ადამიანია და ყველა ეს თვისება თვალებზე ეტყობა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მასთან საუბარი დიდი ფუფუნებაა. გამიხარდა, რომ ინტერვიუზე დამთანხმდა. თბილისში რამდენიმე დღით ჩამოსული, 16 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში საიუბილეო შემოქმედებითი საღამოსთვის ემზადებოდა. თურმე ეს დღე მისი ვაჟის გარდაცვალების თარიღი ყოფილა, არ ვიცოდი - ეს საღამოზე თქვეს... პოეტ ტარიელ ხარხელაურს ორი დღით ადრე შევხვდით, ღელავდა...

მისი პირველი კრებული იყო "აქ ბინდისფერი გასრულდა ჭალა", მეორეს "მინდვრის ფსალმუნები" ერქვა. ახლა ოთხასამდე ლექსი ერთ წიგნად იკვრება და თებერვალში გამოიცემა კრებული "წუთისოფლის სიმფონია". აქვე ის ლექსიც, რომელიც კრებულის სახელწოდებას მიესადაგება.

"მამაჩემო, თოვლისფერო,

მზე ტკივილებს არ მიამებს,

გავაგრძელო კიდე ფრენა?

ფიქრი დამიკვალიანე.

მამაჩემო, თოვლისფერო,

მაღლობს შემაცურე ცერით,

ქარის ხმაზე ქრის სიმღერა,

წვიმის ხმაზე წვეთავს ცრემლი.

დედაჩემო, ფერო მიწის,

გამიმწუხრისფერდა სული,

შავი ზოლი მაწევს სივრცის,

ვარ ლანდებით დანისლული.

შუბლზე მადევს დანაცრული

ცა, ასე არ მითრთოლია,

მამაჩემო, დამისრულე

წუთისოფლის სიმფონია"...

- ბატონო ტარიელ, როგორ ხართ? რა ხდება თიანეთში?..

- დაიცალა თიანეთი. თიანეთი ისეთივე კატასტროფულ მდგომარეობაშია, როგორც მთის სხვა სოფლები. სოფლებში ცხოვრების არანაირი პირობები არ არის. გარბის ხალხი და უმეტესად საზღვარგარეთ.

- ახლა თიანეთში მარტო ხართ?

- დედასთან ერთად. მოხუცია, 90 წლის. ჩემი უფროსი ქალიშვილი ინგლისშია. იქ სწავლობდა და ახლა მუშაობს. ჩემი მეუღლე და უმცროსი გოგონა თბილისში არიან. მე თბილისში ვერ ვჩერდები. სუნთქვა მიჭირს, ხმაური მტანჯავს. მარტოობას ვარ მიჩვეული. მხოლოდ ცოტა ხნით შემიძლია ჩამოსვლა, როცა ახლობლები და მათთან საუბარი მომენატრება. ერთი-ორი დღე და მერე ისევ თიანეთში მივდივარ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ორი ბინა მაქვს, ფიქრადაც კი არ გავივლებ აქ ცხოვრებას. ეს საკუთარი თავის ღალატი მგონია. სიმშვიდე მიყვარს, როცა წერის დრო მაქვს, ოთახის ფანჯრებს ვკეტავ. ბუზის ხმაც კი არ უნდა ისმოდეს. როცა მუშაობისას რაიმე ყურადღებას მიიქცევს, მდგომარეობიდან გამოვდივარ და სიტყვას ვკარგავ, ვეღარ ვაგრძელებ. გაცხელებულ რკინას ცივი წყალი რომ გადაასხა, ისე მემართება. ხანდახან წერის დროს ხმამაღლა ვწერ, ანუ ლექსს ვკითხულობ. ჯერ გონებაში ვქმნი მთლიან ლექსს, მერე ვათვალიერებ. ვამოწმებ, არის თუ არა იმ ხარისხის, რასაც მე თვითონ წავიკითხავ. მკითხველს რატომ უნდა მიაწოდო ის, რაც შენთვის საყოყმანოა. თუ ლექსი მომეწონა, მერე გადამაქვს ფურცელზე.

- ხშირად ამბობენ, ავტორზე კარგად ლექსს ვერავინ კითხულობსო...

- არა. როცა ვწერ, მაშინ ვარ ავტორი, ანუ დროის გარკვეულ მონაკვეთში და იმ პროცესში. მერე მეც ჩვეულებრივი მკითხველი ვხდები. ხანდახან საკუთარ შემოქმედებაში ისეთ რამეს მოჰკრავ თვალს, თვითონვე გიკვირს. როგორ შეგეძლო ამის თქმა?! შენს ინტელექტსა და გონებას შეეძლო ასეთ სიმაღლეზე ასვლა?! რა ვიცი, დიდი ხანია ვწერ, ბავშვი ხომ აღარ ვარ.

- და რამდენი ხანია წერთ?

- ბავშვობიდან ვწერდი, მაგრამ ნაწერს ვხევდი. კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. პაპაჩემი ჩემზე ამბობდა, რაღაცებს ჯღაბნისო და მან პაპაჩემისგან გაიგო, რომ ლექსებს ვწერდი. მაშინ მეათე-მეთერთმეტე კლასში ვიყავი და კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ ჩემი ლექსები რომ წაიკითხა, ყიჟინი დამიწყო, რომ დამებეჭდა. მე დაბეჭდვის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი. საკუთარ ძალებში უნდა დარწმუნდე, თუ რისი მიცემა შეგიძლია მკითხველისათვის და ეს ნაბიჯი მერე გადადგა. ჩემი ლექსები რომ დაიბეჭდა, დაახლოებით 30 წლის ვიყავი. ადრე დაბეჭდვის უფლება თავს არ მივეცი. საზოგადოება გზრდის, ის თავის დონეზე, სიმაღლეზე გაყენებს. როგორც კი საზოგადოებაზე ცოტა მაღლა ამოტივტივდები, მისთვის უცხო ხდები, ვერ გიგებს, არ სჭირდები. ყოველთვის ვცდილობდი, რომ მე და ის, რასაც ვწერ, ერთმანეთს მსგავსებოდა. ლექსი და შენი სახელი თანაბრად უნდა იდგნენ.

- თქვენს შემოქმედებაზე მსმენია, მის პოეზიაში მთის მოტივები და პატრიოტული თემატიკა დევსო. ეთანხმებით?

- ძალიან ცდებიან. თუ ლექსს ფილოსოფიური სიღრმე არ მიეცი, ის მხოლოდ მთაში დარჩება. სამწუხაროდ, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ყველამ ერთნაირად უნდა იაზროვნოს. მე სამყაროს სხვაგვარად ვუყურებ, შენ - სხვანაირად. რასაც მე ვხედავ, იმას გაწვდი შენ და ეს მთის მოტივებზე მეტია. როგორ შეიძლება, გოდერძი ჩოხელზე თქვა, რომ მის შემოქმედებაში გუდამაყრის მოტივებია?! ის სიღრმეები, რასაც გოდერძი ჩოხელი გვაწვდიდა, სამყაროს კუთვნილებაა. ასეთი შეხედულებების მიზეზია ის, რომ შენ ლექსში ხშირი მოგზაურობა არ გსურს და ლექსზე ზედაპირული გადავლა იწვევს ამ სიტყვების თქმას. ლექსის ტკივილი და სიღრმე უნდა დაინახო, უნდა იგრძნო.

- ფართო საზოგადოების წინაშე პირველად თქვენი ლექსები როდის წაიკითხეთ?

- პირველად, როცა ჩემი ლექსები საზოგადოების წინაშე უნდა წამეკითხა და დარბაზში უამრავი ხალხი დავინახე, ცუდად გავხდი. ეს იყო კინოს სახლში. ზურაბ ქაფიანიძემ და სალომე ნიკოლეიშვილმა ხალხთან შეხვედრა მომიწყვეს. თავიდან ისე დავიბენი, ლექსი ვერ წავიკითხე. ახლაც, უკვე 65 წლის კაცი ვარ, მკითხველთან და მსმენელთან მისვლისას ჩემს გულს საშინელი ბაგაბუგი გაუდის, ხმაურობს, მუხლები მეკვეთება. ყოველთვის ვფიქრობ, ვიმსახურებ თუ არა იმ სიყვარულს, რასაც ხალხი მაძლევს?! მათ შორის ახალგაზრდა თაობა. როცა გადავხედავ დარბაზს, შევცბუნდები ხოლმე, ძალიან მეშინია. დღესაც ისე ვარ, როგორც საზოგადოების წინაშე პირველად გამოსვლისას.

- ბატონო ტარიელ, საინტერესოა, ბავშვობიდან დღემდე რა თვისებები შემოგრჩათ?

- ყველაფერი იგივეა ჩემში, არაფერი შეცვლილა. ბავშვობაში ბუნებაში რასაც ვხედავდი, ყველაფერი მიხაროდა და ახლაც ასეა. უბრალოდ, აზრს სიღრმე მოემატა. ადამიანების ხასიათები მაინტერესებს, მათი შინაგანი სამყარო. ასევე ვიყავი ყოველთვის, კაცის ბუნებას ერთმანეთისას და ჩემსას ვადარებდი. ჩვენი ბავშვობა დღევანდელისგან განსხვავებული იყო. ჩვენ ბავშვობა გავიარეთ, თქვენ გამოტოვეთ. ჩვენ ვიცოდით რა იყო თამაში. ჩვენს დროს კომპიუტერი არ იყო, არ გვქონდა ფეხბურთის ბურთი. ნაჭერში ქაღალდებს ან ძონძებს გამოვკრავდით და იმით ვთამაშობდით. ჩვენი ძირითადი მიმართულება იყო წიგნი და მასთან ურთიერთობა. და კიდევ, ჩემს ცხოვრებაში იყო მთისთვის დამახასიათებელი შრომა. პაპაჩემი და მამაჩემი მეცხვარეები იყვნენ. მამას ბავშვობიდან დავყავდი ყიზლარში. საერთოდ, ჩვენი ოჯახი ტრადიციულად მეცხვარეობას მისდევდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 12 წელი ცხვარში ყიზლარში და შირაქში გავატარე.

- სკოლა თიანეთში კი დაამ­თავრეთ, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის დროს თბილისში ცხოვრება მოგიწევდათ...

- სკოლა რომ დავამთავრე, მამასთან ერთად ცხვარში დავდიოდი. ჩემი ლექსები რომ დაიბეჭდა, უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად წამომიყვანეს. გზაში გადავიფიქრე, მაგრამ ვახუშტი კოტეტიშვილმა თბილისისკენ მომატრიალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 1976 წლის აგვისტოში ჩემი ლექსები ჯანსუღ ჩარკვიანმა დაბეჭდა. მაშინაც ვფიქრობდი, რომ ჯერ ადრე იყო. ახლაც კი, როცა ჩემს დაბეჭდილ ლექსებს ვნახულობ, უკმაყოფილების გრძნობა მიჩნდება.

- კორექტირების სურვილი გაქვთ ხოლმე?

- არა, უბრალოდ ლექსებთან განშორება მიჭირს. ვფრთხილობ და ვფიქრობ, როცა ლექსი ოჯახში შევა, როგორ მიიღებენ. როგორ შეხვდებიან, რა სითბოს დაახვედრებენ.

- ანუ ლექსების სტუმრად გაშვების გეშინიათ...

- მეშინია, ჰო (იღიმის). თუ საიმედო ხელში მოხვდა, კარგია, მაგრამ თუ ლექსებში მხოლოდ მთის თემატიკასა და პატრიოტულ ლირიკას ხედავენ და არა სხვა სამყაროს, მაშინ ლექსები მეცოდება.

- თავიდან თქვენს ლექსებს ხევდით. დღეს მათ როგორ ეპყრობით? გაქვთ უბის წიგნაკი, სადაც იწერთ, თუ ლექსები მიმობნეულია?

- სპეციალურად განკუთვნილი წიგნაკი არ მაქვს. ლექსი რომ ამედევნება, გონებაში იმდენ ხანს ვიმეორებ, სანამ არ დავიმახსოვრებ. ერთხელ ერთ ლექსზე დიდხანს ვფიქრობდი, მაგრამ ვერა და ვერ ვწერდი. ცივი ზამთარი იყო, თბილისიდან სოფელში წავედი. ტრანსპორტს მოძრაობა უჭირდა. როგორც კი ტრანსპორტიდან ჩამოვედი, გონება გაიხსნა. არადა, არც ფურცელი მქონდა და არც კალამი. წერა მინდა და არაფერი მაქვს. შევედი მაღაზიაში, ვიყიდე კალამი, მაგრამ ფურცლები არ ჰქონდათ. გავიარე ნაგავსაყრელთან, სადაც "კოკა-კოლისა" და ლუდის ბოთლები ეყარა. შემოვხსენი "კოკა-კოლის" ბოთლს ქაღალდი, მაგრამ ფურცელმა მელანი არ მიიღო, არ დაიწერა. ახლა პაპიროსის კოლოფები ავკრიფე, დავშალე და მათზე წერა დავიწყე. სოფლამდე 22 კილომეტრი უნდა მევლო, ვიცოდი, ტრანსპორტი არ შემხვდებოდა და სანამ სახლში მივედი, წერა დავამთავრე (იღიმის).

კიდევ ერთი შემთხვევა მთაში მქონდა. ბატკანში ვიყავი. არც კალამი, არც რვეული. ცხვარი მთის წვერზე მყავდა აყვანილი. ლექსი მტანჯავდა, არადა ბატკანს მარტო დიდი ხნით ვერ დავტოვებდი. აქეთ-იქით დავრბოდი. ხან რას ვეცი, ხან რას. ირგვლივ დიდი ლოდებია. ვიფიქრე, ბალახით ზედ დავწერ-მეთქი. მოვსინჯე, ვერა, ჩემი უბედური ხელის გამო, ვერ დავწერე. ძალიან ცუდი კალიგრაფია მაქვს. თავად მიჭირს ხოლმე ჩემი ნაწერის გარჩევა. მერე კალამი ვიშოვე, ფურცელი ვერა. ამ დროს გამახსენდა, რომ ერთი კვირის წინ, ცხვარს მარილი ვაჭამე. მთიდან ჩამოვირბინე და მარილის ქაღალდის პარკები მოვიძიე. ტომრებს ექვსი-შვიდი პირი ქაღალდი აქვს და შიგნითა ერთი პირი სისველეს გადარჩენოდა. მშრალი ქაღალდები ავახიე და ზედ წერა დავიწყე.

- ბატონო ტარიელ, 65 წლის ბრძანდებით. თვალს რომ გადაავლებთ ცხოვრებას, ყველაზე ნათელი მოგონება რას უკავშირდება?

- ყველაზე ნათელი მოგონებაა პაპაჩემთან ცხოვრება - დაბადებიდან 19 წლამდე. თუ კი რამ დადებითია ჩემში, ეს მისი დამსახურებაა. ის სხვანაირად მზრდიდა. მისგან არასოდეს მომისმენია გინება და ის არასოდეს მინახავს გაბრაზებული. გაბრაზებას შეატყობდი, თუ სახეზე ალი აუვიდოდა. პაპაჩემს რა უხაროდა და რა სწყინდა, მოძრაობებზე ვატყობდი. არ უყვარდა, როცა დაწოლილი ვკითხულობდი. როგორც კი წამოწოლილს დამინახავდა, ერთს ამოიოხრებდა და უკვე ვიცოდი, რომ არ მოსწონდა, მაშინვე წამოვდგებოდი. ჩემმა ბავშვობამ ომის შემდგომ პერიოდში გაიარა, სინათლე არ გვქონდა, ლამფაც იშვიათობა იყო. ოთახში საწოლი ისე მედგა, რომ მთვარეს დაენათებინა და წიგნს მთვარის შუქზე ვკითხულობდი. პაპაჩემს ჩემს წერაზე გართულება ჰქონდა. ძალიან შეწუხდა, როცა გაიგო, ლექსებს ვწერდი. არ ელოდა, ჯღაბნა კაცის თვისებად არ მიაჩნდა. ჩემს კლასის დამრიგებელთან მივიდა და უთხრა, ე ბალღს მიხედეთ, რაღაცებს ჯღაბნის და რამე არ დაემართოსო (იღიმის). აი, მას მერე იყო, რომ რასაც ვწერდი, ვხევდი. მაგრამ არ ვნანობ, წერა ჩემი გონების სავარჯიშო იყო.

- ახალ წელზეც გკითხავთ. სოფლად, ქალაქისგან განსხვავებით, 31 დეკემბერს უმეტესად თოვლი დევს. როგორ ხვდებით ახალ წელს?

- აბსოლუტურად არანაირი საზეიმო დღესასწაული არ მიყვარს. ერთადერთი დღესასწაული, რომელიც მიყვარს - აღდგომაა. მე ჩვეულებრივი ბალახი ვარ, ისევე როგორც ბუნებაში მრავალი სხვა. მაქვს ცხოვრების გარკვეული დრო. ეს ჩვენ დავყავით ის წლებად. სინამდვილეში შენ სიცოცხლის ერთი ციკლი გაქვს, უბრალოდ, ჭკნობას განიცდი. მაგრამ სული და გული არ ბერდება. ჩემს ახალგაზრდობაში 40-60 კილომეტრი მირბენია. ახლაც მგონია, რომ გავიქცევი, მაგრამ ვერ გავრბივარ!.. განწყობა ისევ ისეთია, როგორც უწინ, მაგრამ სხეული ჭკნება, ფიზიკურად ვერ შეძლებ. ის, რაც უფლის არ არის, ჭკნება და ხმება. რაც უფლისეულია და სხვა განზომილებაში გადადის, არასოდეს იცვლება. ამიტომ არ მიყვარს ახალი წელი, ის ჩვენ გამოვიგონეთ. შეიძლება გასამხნევებლად, ან თავის მოსატყუებლად, ზუსტად არ ვიცი.

- ზოგი დეკემბრის ბოლო დღეს განვლილი წლის გადაფასებას იწყებს...

- არა, ეს მე არ მეხება. მე მდინარესავით ვარ. როგორც დავიწყე, ისე მივდივარ...

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს