მწერალ ოტია იოსელიანის ანდერძების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

მწერალ ოტია იოსელიანის ანდერძების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ოტია იოსელიანის შვილების მანანა, რამაზ და აბესალომ იოსელიანების სარჩელი მწერალ ოტია იოსელიანის ანდერძების ბათილად ცნობის თაობაზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, მოსარჩელეები 2011 წლის 3 ივნისსა და 2011 წლის 7 ივლისს შედგენილი ანდერძების სრულ გაბათილებას ითხოვდნენ იმ საფუძვლით, რომ სადავო ანდერძები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მწერალმა სიკვდილამდე თავის მემკვიდრეებს შორის, შვილებთან ერთად, ოჯახის ახლობლებიც დაასახელა. მან მანანა, რამაზ და აბესალომ იოსელიანებს საქართველოს ბანკის ბარათზე არსებული მთლიანი თანხა დაუტოვა. მეგობარ თეიმურაზ კეპულაძეს "ვოლვოს" მარკის ავტომანქანა და "ტოიოტას" ჯიპი, ხოლო "ლიბერთი ბანკის" ბარათზე არსებული თანხა - თამარ გელოვანს უანდერძა; ეკლესიას 8000 ლარი, სამხატვრო სკოლას კი - 1000 ლარი. მწერლის შვილებმა თავიანთი სარჩელის მოპასუხეებად მხოლოდ თამარ გელოვანი და თემურაზ კეპულაძე დაასახელეს.

სასამართლო განხილვისას დადგინდა, რომ 2011 წლის 3 ივნისს შედგენილი ანდერძი არ იყო დაწერილი ოტია იოსელიანის მიერ, მასზე არსებული ხელმოწერა კი მწერალს ეკუთვნის. ამასთან, 2011 წლის 7 ივლისს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შესრულებული ანდერძის შედგენა და მასზე მოანდერძის მიერ ხელმოწერის შესრულება არ მომხდარა ორი მოწმის თანდასწრებით.

როგორც სასამართლოში აცხადებენ, "გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომლის თანახმად მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. ამავე კოდექსის მიხედვით, ანდერძის ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საზოგადოდ მიღებული ტექნიკური საშუალებებით, ოღონდ ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ. ასეთ შემთხვევაში ანდერძის შედგენა და მოანდერძის მიერ ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით. მოწმეთა მიერ ანდერძის დადასტურება უნდა მოხდეს მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ, მოანდერძისა და ორივე მოწმის თანდასწრებით ანდერძზე სათანადო წარწერის გაკეთებით, მოწმეთა სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით".

საქმის განხილვის დროს სასამართლომ დაადგინა, რომ "მოსარჩელეთა მიერ მოპასუხედ არ იქნა დასახელებული ყველა ის პირი, ვისაც მოანდერძემ 2011 წლის 03 ივნისის და 2011 წლის 07 ივლისის ანდერძებით ქონების გარკვეული ნაწილი უანდერძა. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე დაყრდნობით უარი უთხრა მოსარჩელეებს მწერლის ანდერძების სრულად ბათილად ცნობაზე და მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მხოლოდ მოპასუხედ დასახელებული თამარ გელოვანის და თეიმურაზ კეპულაძის მიმართ გაცემული საანდერძო განკარგულების ნაწილში".

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ