ნიკოლოზ ბარათაშვილი - მარადიული სიმაღლე, ქართველი ხალხის პასპორტი, შექმნილი ლირიკაში!

ნიკოლოზ ბარათაშვილი - მარადიული სიმაღლე, ქართველი ხალხის პასპორტი, შექმნილი ლირიკაში!

"ჩემი რჩეულის" სერიით დასრულდა ილია ჭავჭავაძის 6-ტომეულის გამოცემა და, ალბათ, ლოგიკურია, რომ მწერალი, რომლის მხოლოდ ერთტომეული ჟურნალ "გზის" დღევანდელ ნომერს ერთვის, სწორედ დიდი ილიას - ქართველი ერის სულიერი მამის აღმოჩენილია. "როს წავიკითხე მისი ლექსები,/ ვერარა ვთქვი რა, განცვიფრებულმა!/ ვით ქარიშხალით ატეხილ ბუქმა/ ცას განუბნივოს შავი ღრუბლები,/ ისე იდარა ჩემ მწუხარ შუბლმა./ ხალხო, ობოლო, შენ მებრალები,/ როს დაგაობლა მის ციურ შუქმა/ და განგაშორა თვისი სხივები!../ როს წავიკითხე მისი ლექსები, აღმოვიკვნესე დაობლებულმა!" - ეს ლექსი ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძეს ნიკოლოზ ბარათაშვილთან "შეხვედრამ" დააწერინა - მას სანქტ-პეტერბურგში სამეგრელოს დედოფალმა ეკატერინე ჭავჭავაძემ გადასცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერების რვეული, სადაც იმხანად, ფაქტობრივად, უცნობი პოეტის შემოქმედება იყო თავმოყრილი. ასე გადაურჩა საქართველოს ბარათაშვილი, ხოლო რა მნიშვნელობა აქვს ქართველი ერისთვის, და მსოფლიოსთვისაც კი მის "გადარჩენას", პოეტის შემოქმედების უსაზღვროდ დამფასებელი და შემფასებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ლევან ბერძენიშვილი მოგვითხრობს.

- ნიკოლოზ ბარათაშვილი, სამწუხაროდ, ელიტური პოეტია. ამიტომ ცოტათი მეეჭვება, რომ მას ოდესმე ჰყავდეს მასობრივი მკითხველი. არადა, ნიკოლოზ ბარათაშვილი მსოფლიოს მასშტაბის შემოქმედია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის. ეს გამოიხატა იმითაც, რომ ბარათაშვილის მთარგმნელებში ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტები არიან, თანაც ერთი კი არა, - რამდენიმე. მათ შორის - ბრწყინვალე მთარგმნელები: ბორის პასტერნაკი და სალვადორე კვაზიმოდო. ბარათაშვილი ეკუთვნის მსოფლიოს; არასოდეს დამავიწყდება, როდესაც საქართველოში სატელევიზიო გადაცემა - "საქართველოს დიდი ათეული" მიმდინარეობდა, ის ქართველმა ხალხმა გამოკითხვის შედეგად 50 ქართველში ვერ მოახვედრა, რამდენიმე აბსოლუტურად უნიჭო პოეტი კი შეიყვანა. ამიტომ ბარათაშვილი არის ჩვენი გამოცანაც, ბედისწერაც და უბედურებაც. ნიკოლოზ ბარათაშვილის გარეშე საქართველოს გაგება შეუძლებელია. როგორც ქართველი ხალხი XIX საუკუნეში ხელახლა გამოიგონა ილია ჭავჭავაძემ, ასევე, ქართული ლიტერატურა ხელახლა გააცოცხლა და შექმნა ნიკოლოზ ბარათაშვილმა.

ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ხაზი რომ არის ევროპული, მთლიანად ნიკოლოზ ბარათაშვილის დამსახურებაა და ეს ხაზი მერე განაგრძო ილია ჭავჭავაძემ. ჩვენ რომ ევროპელები ვართ, ამის ნიშანია ეს პატარა წიგნი, რომელიც შეიცავს ბარათაშვილის შემოქმედებას. სამწუხაროდ, აქ სულ 40-მდე ნაწარმოებია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბარათაშვილის ლექსები და განსაკუთრებით მისი პოემა - "ბედი ქართლისა" გაცილებით მეტს ამბობს საქართველოზე, ვიდრე ათასი სხვა შემოქმედის ბევრი ძალიან კარგი, ბრწყინვალე ნაწარმოები. მიმაჩნია, რომ ქართულ პოეზიაში არის ორი უზარმაზარი, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება (შეიძლება სხვაგან ვერ ვართ მაგრები, მაგრამ ლიტერატურაში სიტყვა გვეთქმის) - ჩვენს ეპოსს და, საერთოდ, ჩვენს პოეზიას ჰყავს მამამთავარი - შოთა რუსთაველი, ქართველი, ნომერი პირველი პოეტი და ასე შემდეგ, ხოლო ჩვენს ლირიკას ჰყავს აღიარებული მეტრი - ნიკოლოზ ბარათაშვილი. არ არის შემთხვევითი, რომ გალაკტიონ ტაბიძემ, რომელსაც აკაკი უყვარდა, ბარათაშვილი უყვარდა, სხვებსაც აღიარებდა თითქოს, თავისი ადგილი, სად უნდა დაკრძალულიყო, თვითონ მოძებნა - მთაწმინდაზე, ბარათაშვილის საფლავის გვერდით. და არც ის არის შემთხვევითი, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს, მის ნეშტს ასეთი ხვედრი ერგო - ის ჯერ განჯაში დაასვენეს, შემდეგ თბილისში, კერძოდ, დიდუბეში, მაგრამ არა - პანთეონში; შემდეგ, როგორც იქნა, "დაიმსახურა" მთაწმინდა, იქ გადაასვენეს და მის საფლავს დააწერეს სიტყვები, რომელიც განსაზღვრავს მისი შემოქმედების მნიშვნელობას: "ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება..." - "განწირულის სულისკვეთება", დაღუპული, დაკარგული საქართველოს, დაპყრობილი და განადგურებული ქვეყნის სულისკვეთება, რომელიც მიესწრაფვის თავისუფლებას, ცუდად მაინც არ დარჩება. ბარათაშვილმა ისიც თქვა: რადგან შვილები ვართ ამ ქვეყნისა და ამ სოფლის, მისთვის უნდა ვიზრუნოთო, - ეს მარტო პოეზია არ არის. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა.

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ნიკოლოზ ბარათაშვილის მნიშვნელობა საქართველოში, ფაქტობრივად, არ ესმით. ის ჰგონიათ ერთ-ერთი რომანტიკოსი პოეტი და აყენებენ ხოლმე სხვა ქართველ რომანტიკოს პოეტთა გვერდით. ხანდახან ერთადაც გამოსცემენ, ვთქვათ, ალექსანდრე ჭავჭავაძეს, გრიგოლ ორბელიანსა და ნიკოლოზ ბარათაშვილს. ბარათაშვილსა და იმ რომანტიკოსებს შორის მანძილი დაახლოებით ისეთია, როგორიც ჯომოლუნგმასა და ზღვის სანაპიროს სიმაღლეებს შორის. ეს არ არის ჩვეულებრივი პოეტი. ეს არის ყველაზე დიდი ქართველი ლირიკოსი პოეტი, რომელსაც ჰქონდა თავისი ხაზი. ამ ხაზის მწვერვალი XX საუკუნეში არის გალაკტიონ ტაბიძე, მაგრამ განსხვავებით გალაკტიონისგან, რომელიც ვერასდროს ითარგმნება ვერც ერთ ენაზე ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი თავი (გალაკტიონი მარტო ჩვენ - ქართველებს გვეკუთვნის, რადგან ბგერწერით შექმნილი მისი ნაწარმოებები შეუძლებელია ითარგმნოს), ბარათაშვილის თარგმნა შეიძლება. იგი ტექნიკური საშუალებებით, მათ შორის - უმაღლესი ოსტატობით, ბგერწერით და ასე შემდეგ, არ ქმნის თავის ლექსს. ის ლექსს ქმნის სახეებით და ენა მისთვის არის მხოლოდ საშუალება, ენა მისთვის არ არის თვითმიზანი. ის ვერასდროს დაწერდა, მაგალითად, ასეთ ფრაზას: "ბატებს მოდენის სოფლის მადონა და ყვავილები გიიადონა"... - ეს გალაკტიონია. გალაკტიონი არის ისეთი ოსტატი, რომელიც რჩება საქართველოში და ვერ გასცდება კავკასიონს, თუმცა - გენიოსია. მაგრამ ბარათაშვილი სხვა ტიპის გენიოსია. იგი გასცდება არა მარტო კავკასიონს, ის მსოფლიოსთვისაც განძია. საერთოდ, თუკი ვინმეს აინტერესებს, რა არის საქართველო, ვინ არიან ქართველები, რითი ვსულდგმულობთ, როგორები გვინდა, ვიყოთ, როგორები ვართ სინამდვილეში, ბარათაშვილის შემორჩენილი ნაწარმოებები უნდა წაიკითხოს. ვიღაცას ეს ძალიან ცოტა ჰგონია. ის, რაც გვაქვს (ჯერ ერთი, ყველა შედევრია), სრულიად საკმარისია, რომ საქართველოზე შთაბეჭდილება შეგვიქმნას. ბარათაშვილი არის ქართველი ხალხის პასპორტი, შექმნილი ლირიკაში, როგორც რუსთაველი არის საქართველოსა და ქართველი ერის პასპორტი, ზოგადად პოეზიასა და ეპოსში; ანუ ნიკოლოზ ბარათაშვილი არის სულთამპყრობელი არა მარტო XIX საუკუნისა, ის არის მარადიული სიმაღლე, ყველაზე რელიგიური ჩვენი ავტორი, გურამიშვილზე მეტადაც. ბარათაშვილი არის კაცი, რომელმაც ფსიქოლოგიაში ის გარღვევები გააკეთა, რომელსაც მრავალი ხნის შემდეგ აღმოაჩენენ მსოფლიოს ფსიქოლოგიის მამები (ვგულისხმობ ფროიდს, ადლერს და სხვებს). ბარათაშვილთან არის უდიდესი აღმოჩენები ადამიანის სულის შესახებ, მაგრამ, რაც მთავარია, მასთან არის პასუხი იმისა, როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, ადამიანებმა - ზოგადად და ქართველებმა - კერძოდ. ამიტომ ნიკოლოზ ბარათაშვილი, ფაქტობრივად, ერთადერთი ავტორია XIX საუკუნეში, რომელმაც ყველა კითხვას გასცა პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედება კინაღამ დაიკარგა, მიუხედავად იმისა, რომ მის შემოქმედებას დიდხანს ყურადღებას არ აქცევდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ მან ლექსი - "მერანი" ბიძამისს, პოეტ გრიგოლ ორბელიანს წერილში მისწერა, ბიძამისი კი ამ ლექსით არ აღფრთოვანებულა და განგაშის ზარი არ შემოუკრავს, - არიქა, ასეთი ლექსი არ დაგვეკარგოსო! იმიტომ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის გაგებას გრიგოლ ორბელიანი და ასეთი პოეტები არ ჰყოფნის. ნიკოლოზ ბარათაშვილის გაგებას დასჭირდა ილია ჭავჭავაძის - ქართველი ხალხის მამისა და შემოქმედის გენია. მან დაინახა ის, გადმოსვენებასაც თავად უხელმძღვანელა, გამოცემასაც; ბარათაშვილის განდიდებაც მანვე ითავა, სხვები კი მხოლოდ იმას მისტიროდნენ, რაც ბარათაშვილის შემოქმედებიდან ვერ გადარჩა (თითქოს რაც გადარჩა, საკმარისი არ იყოს!). მინდა გითხრათ, რომ ბარათაშვილის შესწავლაში დიდი ღვაწლი აქვთ ძალიან ცნობილ ქართველებს - პეტრე უმიკაშვილს, ექვთიმე თაყაიშვილს, დავით კარიჭაშვილს, სამსონ ფირცხალავას, პავლე ინგოროყვას, აკაკი გაწერელიას, კორნელი კეკელიძესა და ბევრს სხვას. ძალიან ბევრმა ადამიანმა გაუკეთა სიკეთე, მათ ნააზრევს კი თავი მოუყარა პავლე ინგოროყვამ ბარათაშვილზე დაწერილ ნარკვევში, რომელიც, ჩემი აზრით, არის საუკეთესო რამ, რაც კი პროზაულად ქართულ ენაზე დაწერილა.

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება ელის თავის მკითხველს. და ეს მკითხველი კიდევ დაიბადება XXI, XXII, XXIII საუკუნეებში, მაგრამ ის ყოველთვის იქნება ელიტური. ამიტომ ბარათაშვილის წამკითხველი ზუსტად იმდენი იქნება, რამდენიც იქნება თქვენი გამოცემის ტირაჟი, არა უმეტეს. ძველ, საბჭოთა დროს, როცა 70-100-ათასიანი ტირაჟით იბეჭდებოდა წიგნები, შინ ბარათაშვილიც მიჰქონდათ. მაგრამ ახლა ვინც ბარათაშვილს შინ წაიღებს, გულწრფელად წაიღებს და ბედნიერიც იქნება, რადგან ეცოდინება, რა განძი მიაქვს.

ჩვენ, ადრე თუ გვიან, მსოფლიოს ბარათაშვილის ფასს გავაგებინებთ. სხვათა შორის, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში - რუსეთში, პასტერნაკის გენიალური თარგმანისა და გიორგი ტოვსტონოგოვის - თბილისელი კაცის მეცადინეობის შედეგად ბარათაშვილის ერთი ლექსი - "ცისა ფერს" შევიდა რუსული საგანმანათლებლო კულტურის კომპენდიუმში და ის რუსი, რომელმაც არ იცის "ცვეტ ნებესნი, სინი ცვეტ", გაუნათლებლად მიიჩნევა. იმასაც გეტყვით, რომ თუ დააკვირდებით პასტერნაკის სხვა თარგმანებს, აღმოაჩენთ, რომ ბარათაშვილის თითქმის კონგენიალურად თარგმნა შესაძლებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მართლაც მსოფლიო პოეტია და მარტო ჩვენი - საქართველოს საკუთრება არ არის. ოღონდ ჩვენ უნდა მოვუაროთ და გვესმოდეს, ვინ გვყავდა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახით. მის სიცოცხლეში მხოლოდ ლევან მელიქიშვილს და შესაძლოა - მაიკო ორბელიანს ესმოდათ, ვინ იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი, მისი სიკვდილის შემდეგ - მხოლოდ ილია ჭავჭავაძეს. ეს ხალხი აღარ არის და მინდა, საქართველოში გაიზარდოს თაობები, ვინც გაიგებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ფასს. არ არსებობს საქართველო ბარათაშვილის გარეშე! არ არსებობს ქართული არჩევანი - ევროპული არჩევანი ბარათაშვილის გარეშე! და არ არსებობს არც ერთი ადამიანი საქართველოში, რომელსაც იმდენი ემღეროს თავისუფლებისთვის, რამდენიც - ნიკოლოზ ბარათაშვილს; იმდენი გაებედოს საკუთარი წინაპრისთვის - მეფე ერეკლე მეორისთვის, რამდენიც ნიკოლოზ ბარათაშვილს - როდესაც სოლომონ ლიონიძის პირით უთხრა: მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნებაო ანუ მეფეს წაართვა ჩვენი თავისუფლების შეზღუდვის ნება. ის ზეთანამედროვე ავტორია. ის გვჭირდება დღეს და ახლა. ის არ არის მხოლოდ ლიტერატურის ისტორიის კუთვნილება. ამიტომ ჩვენ - ლიტერატორები, ფილოლოგები, ნებისმიერი პროფესიის ხალხი - ვისაც ძალიან გვიყვარს ნიკოლოზ ბარათაშვილი, ვფიქრობ, დროა, ვქმნიდეთ "ბარათაშვილის მოყვარულთა კლუბს" და რა ცოტანიც უნდა ვიყოთ, ყველაზე უკეთესები ნამდვილად ვიქნებით.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს