ნოდარ ტაბიძე: "ზოგჯერ შუაღამისას მეღვიძება და გალაკტიონის ლექსებს ვბუტბუტებ"

ნოდარ ტაბიძე: "ზოგჯერ შუაღამისას მეღვიძება და გალაკტიონის ლექსებს ვბუტბუტებ"

"კომპიუტერი გარკვეული თვალსაზრისით მართლაც ასრულებს ბოროტი დედინაცვლის როლს. და მაინც - წიგნს ვერაფერი შეცვლის. იგი მხოლოდ ინფორმაციას კი არ გვაწვდის, არამედ აზროვნებასაც გვასწავლის, სულიერად გვამაღლებს და გვაფაქიზებს"

"მე და ჩემს ძმას მამა ყოველ შაბათ საღამოს "ვეფხისტყაოსნის" შინაარსს გვიამბობდა. მერე რუსულად გვიკითხავდა პუშკინს და გვითარგმნიდა. - იხსენებს გალაკტიონ ტაბიძის ძმისწული, პროფესორი ნოდარ ტაბიძე.

- რა არის წიგნი ნოდარ ტაბიძისთვის?

- წიგნი არის ოცნებათა სარკმელი და რეალობის მფეთქავი ძარღვი. მისი მეოხებით შეგიძლია იგრძნო ტროპიკების სიმხურვალე და ანტარქტიკის სიცივე, შეეკამათო არისტოტელეს და გაესაუბრო რუსთაველს, იყო მადამ ბოვარის მესაიდუმლე და "ლამაზი მეგობრის" მოწინააღმდეგე...

- წიგნი ვინ შეგაყვარათ?

- ჩვენს ოჯახში წიგნის კულტი იყო და არის. უმდიდრესი საგვარეულო ბიბლიოთეკაც გვაქვს. კარგად მახსოვს: პატარა ბიჭებს, მე და ჩემს ძმას, მამა ყოველ შაბათ საღამოს "ვეფხისტყაოსნის" შინაარსს გვიამბობდა, მერე რუსულად გვიკითხავდა პუშკინს და გვითარგმნიდა. ყველაზე მეტად ეს ეპიზოდი დამამახსოვრდა: - ბიჭებო, დროა, ბარვა ისწავლოთ, რამდენ კვადრატულ მეტრსაც დაბარავთ, იმდენ აბაზს მოგცემთ, ოღონდ ერთი პირობით: იმ ფულით მხოლოდ წიგნები უნდა ვიყიდოთო. დროდადრო ახლაც ვფურცლავ მამის ნაჩუქარ იმ საბავშვო წიგნებს და ვერც კი წარმოიდგენთ, რაოდენ ბედნიერი ვარ.

- დღევანდელი საზოგადოების წიგნიერებაზე რას ფიქრობთ?

- დღეს უთუოდ იგრძნობა წიგნისადმი გულგრილობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ტექნიკის მოძალებაა. კომპიუტერი გარკვეული თვალსაზრისით მართლაც ასრულებს ბოროტი დედინაცვლის როლს. და მაინც - წიგნს ვერაფერი შეცვლის. იგი მხოლოდ ინფორმაციას კი არ გვაწვდის, არამედ აზროვნებასაც გვასწავლის, სულიერად გვამაღლებს და გვაფაქიზებს.

მე ჩემი ანა კარენინა მყავს, შენ - შენი. ეკრანზე გაცოცხლებული პერსონაჟი მაინც სხვაა. მას სწორედ ის აკლია, რაც მე კითხვისას აღმოვაჩინე.

- როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა?

- რა არის საჭირო იმისათვის, რომ წიგნის სიყვარული შევინარჩუნოთ? პასუხის მოკლედ გაცემა ჭირს. ამ შემთხვევაში გვერდიგვერდ უნდა იდგნენ მშობლები, პედაგოგები, მეგობრები, თვით მოციმციმე რეკლამაც კი. ცხადია, თითოეულის ფუნქცია ნიუანსობრივად განსხვავებული იქნება. თავიდათავი მაინც ის არის, რომ ბავშვმა წიგნი სწორად დააჭაშნიკოს.

- ყველაზე ხშირად რომელ ავტორებს უბრუნდებით?

- სასთუმალთან ორი წიგნი მიდევს - ბიბლია და გალაკტიონის "რჩეული". როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, საღამოს მაინც გადავშლი ბიბლიას და სამ-ოთხ აბზაცს გადავიკითხავ. ზოგჯერ შუაღამისას მეღვიძება და გალაკტიონის ლექსებს ვბუტბუტებ, ვამოწმებ საკუთარ თავს - ხომ ისევ შემიძლია 20 ლექსის უშეცდომოდ წარმოთქმა.

პოეზია ჩემთვის ის ცეცხლია, რომელიც არა მხოლოდ მათბობს, არამედ გზასაც მინათებს.

- ახალ წიგნებს თვალს ადევნებთ?

- მწიგნობრობის განვითარების თვალსაზრისით საქართველოში დღეს ბევრი რამ კეთდება. ითარგმნა არაერთი კარგი ნაწარმოები, შეიქმნა სერიები და ბიბლიოთეკები, გაძლიერდა პოლიგრაფიული ბაზა... საგულისხმოა "მედიაპალიტრის" პროექტები - წიგნი ჟურნალ-გაზეთებთან ერთად, "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ".

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს