როდის ავრცელებდა პროკლამაციებს დათო ტურაშვილი

როდის ავრცელებდა პროკლამაციებს დათო ტურაშვილი

14 წლის იყო, როდესაც პირველად ოჯახიდან წავიდა. ამ ფაქტით დიდხანს ამაყობდა, სანამ არ გაიგო, რომ ბობ დილანი მის ასაკში უკვე რვაჯერ იყო სახლიდან გაქცეული. მოთხრობების წერა ბავშვობიდან დაიწყო, პოპულარობა კი უკვე ზრდასრულ ასაკში ეწვია. მწერალ დათო ტურაშვილის შემოქმედებას მკითხველის ყველა თაობა იცნობს. საინტერესოა მისი საჯარო გამოსვლები. ამჯერად ახალ პიესაზე მუშაობს. "დოდოს მოლოდინი" ქართველ ემიგრანტ ქალბატონებს ეძღვნებათ. ინტერვიუზე სახლში ვესტუმრე. რთულია მისი დათანხმება. არასოდეს სცალია. შაბათ-კვირას კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს. დათო ტურაშვილის ბავშვობა, შემოქმედება და პროტესტი, ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

- დათო, წერა ბავშვობიდან დაი­წყეთ?

- დიახ, დაახლოებით 10 წლის ვიყავი და პირველი მოთხრობა, მახსოვს, სიცილიელებზე დავწერე, მოქმედება პალერმოში ხდებოდა, რატომ, არ ვიცი. პირველი მოთხრობა აკა მორჩილაძეს წავაკითხე, ერთ კლასში ვსწავლობდით და ერთმანეთს საკუთარ მოთხრობებს ვაკითხებდით. წიგნების კითხვა ბავშვობიდან ისე მიყვარდა, გაკვეთილებზეც კი ვკითხულობდი მერხის ქვეშ ამოდებულ ლიტერატურას.

- სად დაიბეჭდა თქვენი პირველი მოთხრობა?

- (ფიქრობს) იყო ასეთი გაზეთი "ქართული ფილმი", მისი რედაქტორი ნატო ციციშვილი გახლდათ. პირველ მოთხრობას, რომელიც იქ დაიბეჭდა, "დომინო" ერქვა.

- სკოლაში რაიმეზე პროტესტს თუ გამოხატავდით?

- ყველაფერს ვაპროტესტებდი, რაც არ მომწონდა. ჯერ კიდევ მეხუთეკლასელმა გავავრცელე ჩემი პირველი პროკლამაციები და ღამით მთელი უბანი ავაჭრელე.

- რა შინაარსის პროკლამაციებს ავრცელებდით. თავად წერდით, თუ ვინმე გეხმარებოდათ?

- ვინ დაგვეხმარებოდა, თვითონ ვაკეთებდით ყველაფერს, გიო ახვლედიანი ხელნაწერ გაზეთსაც გამოსცემდა. მაშინ ფოტოაპარატი არ გვქონდა, ტექსტებს გიო წერდა და სადაც ფოტო გვჭირდებოდა, ხატავდა. ყველა თემაზე ვწერდით, უბნის ამბებზეც. ნეტავ შეგვენახა ის გაზეთები. კლასში თავად წარვმართავდით პროცესებს, რაც გვინდოდა იმას ვაკეთებდით. გაგვიმართლა, კარგი დამრიგებელი გვყავდა, მიხვდა, რომ ჩვენთან დაპირისპირებას ჩვენთან მეგობრობა ჯობდა.

- მასწავლებლებისთვის საყვარელ მოსწავლედ ითვლებოდით?

- ყველაზე საყვარელი არა მგონია, მაგრამ ისეთი საშინელიც არ ვიყავი, რომ მათგან ზიზღი და სიძულვილი დამემსახურებინა. მე თვითონ ყოველთვის მეზიზღებოდა ძველბიჭობა და ყველას რომ დანა დაჰქონდა, მაშინაც არ მედო ჯიბეში. თუმცა ქუჩის ცხოვრება და ჩხუბი მეც მიწევდა და ბირჟაზეც ვიდექი ზოგჯერ დაღამებამდე. სკოლაში ყველა საგანი ნამდვილად არ მიყვარდა, მაგრამ კარგად ვსწავლობდი, რადგან სახლში მშობლების საყვედურების თავი არ მქონდა. თანაც ადვილი იყო ჩემთვის სწავლა და მახსოვს, ერთი ჩემი ოროსანი მეგობარი, ვისთან ერთადაც ბირჟაზე ვიდექი მთელი დღეები, ვერაფრით იჯერებდა, რომ ხუთოსანი ვიყავი - სულ ერთად ვბირჟაობთ და შენ როგორ გაქვს კარგი ნიშნებიო.

- სახლში მშობლებთან რას აპროტესტებდით?

- როგორც ყველას და ყოველთვის იმ ასაკში, მეც მეგონა, რომ მშობლები ყველაფერს მიშლიდნენ და მე სულ მართალი ვიყავი - როგორც ახლა ჩემს შვილებს ჰგონიათ. პირველად სახლიდან რომ წავედი, 14 წლის ვიყავი, მშობლებს კი არ გავექეცი, უბრალოდ წავედი. მომბეზრდა მონოტონული ცხოვრება, დავიწყე მოგზაურობა საქართველოში და მას შემდეგ აღარც გავჩერებულვარ. დღესაც, შაბათ-კვირა არ გავა, სადმე არ წავიდე.

- მშობლებმა როგორ გიპოვეს?

- მშობლები კარგად მიცნობდნენ და ამიტომ ჩემი ძებნა არც დაუწყიათ. მათ ისიც იცოდნენ, რომ გარემოს მიმართ მქონდა პროტესტი და არა მხოლოდ მშობლებისადმი. კარგა ხანს ვამაყობდი კიდეც 14 წლის ასაკში მიღებული ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ ბობ დილანი 14 წლის ასაკში უკვე რვაჯერ იყო სახლიდან გაქცეული და ძალიან არ მომეწონა, რომ მაჯობა.

- პროფესიის შერჩევაზე დიდხანს ფიქრობდით?

- საერთოდ არ მიფიქრია და არც მჯერა, რომ 17 წლის ადამიანმა შეიძლება იცოდეს, რა პროფესია უნდა აირჩიოს. ჩვენთან ხომ სწავლისადმიც გაუკუღმართებული დამოკიდებულებაა დასავლური ცივილიზაციისგან განსხვავებით. იქ საკმაოდ გვიან ირჩევენ პროფესიას. 17 წლის ასაკში სკოლას რომ ამთავრებ და უკვე იცი, სად უნდა ჩააბარო, ეს არის ტყუილი, ტყუილში ცხოვრება კი ყოველთვის მეზიზღებოდა. როგორც წესი, ყველა იქ აბარებდა, სადაც მშობელი ურჩევდა.

- ბოლოს ფილოლოგიურზე ჩაა­ბარეთ...

- პირიქით, პირველად ჩავაბარე ფილოლოგიურზე. იმ წელს, როცა სკოლა დავამთარე, ჩაბარება არ მინდოდა, მაგრამ დედაჩემს უნდოდა, რომ მაშინვე სტუდენტი გავმხდარიყავი. ვეუბნებოდი, ჯერ არ გადამიწყვეტია-მეთქი, მაგრამ მეუბნებოდა, ნუ დამღუპავ, ხალხს რა ვუთხრაო. აღარ შემეძლო მისი ზუზუნის მოსმენა და საბუთების ჩასაბარებლად ბოლო დღეს მაინც წავედი. იქ მისულს უამრავი ხალხი დამხვდა, დიდი რიგი იდგა და თანაც ძალიან ცხელოდა. უკან დაბრუნება გადავწყვიტე. ვიცოდი, დედაჩემი ატირდებოდა, მაგრამ იმ გრძელ რიგებში ნამდვილად ვერ ჩავდგებოდი. უკვე გამოვდიოდი, რომ უცებ საბუთებს ვინც იღებდა, იმათ შორის ერთ-ერთმა იყვირა, ამ ფაკულტეტზე ბიჭების საბუთებს ურიგოდ მივიღებთო. იმ რიგს რომ დავაკვირდი, მართლა სულ გოგონები იდგნენ, ეგრევე გადავაწოდე ჩემი საბუთები და მხოლოდ მერე ავხედე წარწერას, სადაც ფილოლოგიის ფაკულტეტი ამოვიკითხე.

- და კურსზე უამრავი გოგონა დაგხვდათ...

- დიახ, ძალიან ბევრი გოგონა სწავლობდა, მაგრამ ბიჭებიც ვიყავით. ჩვენი სტუდენტობა განსხვავებული და რთული იყო, რადგან სმაც უნდა მოგვესწრო, სწავლაც და მიტინგებიც. თუმცა მაინც ვასწრებდით, ადამიანი რაც მეტს აკეთებს, უფრო მეტს ასწრებს. სწორედ ჩვენი სტუდენტობის პერიოდში მოვაწყვეთ პირველი მიტინგი და გავაპროტესტეთ გარეჯში რუსული სამხედრო პოლიგონის არსებობა. სხვათა შორის, ნამდვილი ამბავია, რომ იმ მიტინგის დროს იქვე გავლილმა ერთმა კაცმა, როცა გაიგო, სტუდენტური აქცია გარეჯთან იყო დაკავშირებული, გულწრფელად დაგვლოცა და გულწრფელადვე თქვა, ის ლეგენდარული ფრაზა - თქვენ გენაცვალეთ ჯიგარში, თორემ გარეჯი ისე წაახდინეს, აღარც დაილევაო.

- როგორი ურთიერთობა გქონდათ თქვენი თაობის მწერლებთან?

- რა თქმა უნდა, კარგი. აკა მორჩილაძე რომ ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარია, უკვე გითხარით, მაგრამ სხვებთანაც ვმეგობრობდი და ახლაც ვმეგობრობ. რაც მეტი კარგი მწერალი იქნება საქართველოში, ჩემთვისაც უკეთესია. უტვინოებთან ურთიერთობას ვერიდები, ჭკვიან ხალხთან მეგობრობა კი ძალიან მახარებს.

- თქვენი პირველი მოთხრობების კრებული 1991 წელს გამოვიდა, რა რეაქცია მოჰყვა?

- მახსოვს, ბევრი ადამიანი დადებითად გამოეხმაურა, შეიძლება ვიღაცებს არ მოეწონათ კიდეც, მაგრამ არ მითხრეს, მოერიდათ ან დამინდეს იმის გამო, რომ ეს ჩემი პირველი წიგნი იყო. ეგეთებიც ხომ იქნებოდნენ (იღიმება).

- თქვენი ნაწარმოებებიდან ყველაზე პოპულარული "ჯინსების თაობაა", თუმცა ძალიან ბევრი კარგი წიგნი გაქვთ დაწერილი, როგორც მწერალს, არ გწყინთ?

- ერთმა ადამიანმა მითხრა, "ჯინსების თაობის" გარდა წიგნი არ მაქვს წაკითხულიო. როგორ მეწყინებოდა, ძალიან გამიხარდა, რომ ამ წიგნმა ასეთი ადამიანებიც აიძულა, წიგნისთვის ხელი მოეკიდათ. მეორე მხრივ, ბუნებრივია, მიხარია, როცა სხვა წიგნებზეც მელაპარაკებიან. "ჯინსების თაობის" შემთხვევაში ინტერესს სხვა ფაქტორებიც განაპირობებს. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ფოსტით წერილი მივიღე. ერთი მკითხველი მწერდა, გერმანიაში ციხეში ვიჯექი და თქვენი რომანი "ჩაძირული ქალაქის ღამე" დაახლოებით ასჯერ წავიკითხე, საკანში რა უნდა მეკეთებინაო. ძალიან გამიხარდა, საკანში თუ შეიძლება ადამიანს წიგნმა გაგაძლებინოს. ხშირად მსმენია პატიმრებისგან, რომ ჩემს წიგნებს კითხულობენ. წარმოიდგინეთ, ჩაკეტილ სივრცეში ადამიანისთვის ჩემი წიგნების კითხვა თუ შვებად იქცევა, ჩემთვის რამხელა სიხარულია.

- ვინც თქვენს შემოქმედებას კარგად იცნობს, ასეთი გამოთქმა არსებობს, დათო ტურაშვილის ესპანეთი. როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში ეს ქვეყანა?

- ესპანეთში პირველად ათი წლის წინ ჩავედი, როგორც წიგნებიდან ველოდი, ისეთი დამხვდა. მეგონა, რომ ნამყოფი ვიყავი. ჩემთვის ყველა ქუჩა ნაცნობი იყო. სამყაროში წიგნებზე მაგარი გზამკვლელი არ არსებობს.

- ახლა რაზე მუშაობთ?

- პიესას ვწერ, "დოდოს მოლოდინში". დოდო არის განზოგადებული სახელი იმ ქართველი ემიგრანტი ქალბატონებისა, რომლებიც ათასობით ცხოვრობენ საზღვარგარეთ და არჩენენ ძმებს, შვილებსა და ქმრებს. საბერძნეთში ეს ქალბატონები საკუთარი თვალით ვნახე. ტიტანურ შრომას ეწევიან. მომეწონა, რომ კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. ვესაუბრე მათ და ბევრი ტრაგიკომიკური ამბავი გავიგე.

- როდის გამოქვეყნდება "დოდოს მოლოდინში"?

- არ ვიცი, შეიძლება სპეციალურად თელავის თეატრისთვის დავწერო პიესა, პაატა გულიაშვილს უკვე ვესაუბრე ამ თემასთან დაკავშირებით. ჩემთვის მძიმე თემაა, მინახავს სოფლები, სადაც ქალები აღარ არიან და ყველა წასულია. კაცები კი ბირჟაზე დგანან და უდარდელად უსაქმურობენ.

- დათო, რამდენიმე თვეა, რაც "რუსთავი 2"-ზე გადაცემა "შუა დღეში" თანაწამყვანი გახდით, როგორ ფიქრობთ, შეიტანეთ რაიმე წვლილი ლიტერატურის პოპულარიზაციაში?

- საბედნიეროდ, უამრავი მსმენელი და მაყურებელი ჰყავს ამ გადაცემას. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამხელა ინტერესს გამოიწვევდა წიგნებზე საუბარი. მიხარია, რომ როცა ამ იდეით მივმართე ნესტან კვინიკაძეს, მაშინვე მიხვდა, რომ ეს კარგ შედეგს გამოიღებდა. ნენე თვითონაც მწერალია და მშვენივრად იცის წიგნის ფასი.

- გადაცემაში თქვენი გამოსვლები ხშირად ხდება ხოლმე საზოგადოებაში განხილვის თემა. ყოველ ორშაბათს რაღაცას აპროტესტებთ...

- სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ბევრი ვერ ხვდება, რომ ერთეულების კრიტიკა უფრო სასარგებლოა მათთვის, ვიდრე მლიქვნელების თუნდაც არმია. თანაც მე არ შემიძლია რაღაც არ მომწონდეს და არ ვთქვა. ბავშვობიდან ასეთი ვარ და ვეღარ შევიცვლები. რაც შეეხება წიგნებს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პრობლემების მოგვარებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა მართლა წიგნიერი და განათლებული ქვეყანა ვიქნებით.

- პოლიტიკა ისევ არ გაინტერესებთ?

- როგორ არ მაინტერესებს, შეუძლებელია, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობდე და პოლიტიკა არა გაინტერესებდეს. პოლიტიკა მაინტერესებს, მაგრამ არ მაინტერესებს თანამდებობები, კაბინეტები და დიდი და შავი ჯიპები. მძულს ყველანაირი ძალაუფლება, როგორც ბოროტება.

- საქართველოში ხელოვნების სფეროში, მე მგონი, თქვენ დარჩით, რომელიც არავის მხარდამჭერად არ მოიაზრებით.

- არა მგონია, ასეთები სხვებიც არ იყვნენ. რაც შემეხება მე, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ნამდვილად ვერ ვიქნები, რადგან ნებისმიერი პარტია თავისთავად შეზღუდვაა. თავისუფლება კი იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ მას ვერაფერში გავცვლი.

- ტელევიზორს ისევ არ უყურებთ?

- რაგბის და ფეხბურთს. სანერვიულო რაც არის, იმას ვერიდები, ექიმების რჩევით.

- სხვადასხვა არხზე დებატებში სტუმრობასაც ერიდებით?

- საქართველოში პოლიტიკური დებატები არ არსებობს და ამიტომაც ვერ ვვითარდებით, ამ ქვეყანაში დებატი და დიალოგი რომ იყოს, წინ სწრაფად წავიდოდით. საერთოდ კი მეზიზღება ტელევიზიით გამოჩენა, მაგრამ ზოგჯერ ისე მთხოვენ, უარის თქმას ვეღარ ვახერხებ.

- ახალი სეზონიდან ისევ გელოდოთ "რუსთავი 2"-ზე?

- როგორც მითხრეს, ჩემი დღე შეიცვლება, მაგრამ კვლავ მექნება წიგნების წარდგენის საშუალება და მაყურებელს იმდენ კარგ წიგნს ვპირდები, რომ ნამდვილად ვურჩევ მოუთმენლად დაელოდოს დამდეგ სექტემბერს. ისე, ვისაც წიგნი უყვარს, რა მნიშვნელობა აქვს, ოთხშაბათს მიყურებენ თუ ხუთშაბათს.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს