რეზო ინანიშვილის გულს გაჩენილი ნაწიბურები

რეზო ინანიშვილის გულს გაჩენილი ნაწიბურები

"ჩემი რჩეული" კვლავ განაგრძობს რევაზ ინანიშვილის 6-ტომეულის გამოცემას და ამჯერად ჟურნალ გზასთან ერთად მწერლის მეხუთე ტომს წარმოგიდგენთ, მასზე სასაუბროდ კი მწერალი და ჟურნალისტი ბექა ქურხული მოვიწვიეთ.

- ბექა, ამას წინათ მითხარი, საბურთალოს ქუჩაზე, რევაზ ინანიშვილის სადარბაზოში ვცხოვრობო. ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება ერთ დროს პატარა ბიჭის თვალით დანახული "რეზო ბიძია" ან "ბაბუა" - არ ვიცი, როგორ მიმართავდი. ისიც საინტერესოა, მოგვიანებით, უმცროსმა კოლეგამ როგორ შეაფასე დიდი მწერალი?

- რატომღაც ბავშვობიდანვე ვფიქრობდი, რომ ეს თბილი და უშუალო კაცი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. რამდენჯერაც დავინახავდი, ყოველთვის პატივისცემის, მოწიწებისა და სითბოს შეგრძნება მქონდა. მისგან დიდი სიკეთე მოდიოდა. საბურთალოს ქუჩის ბინაზე მეტად კი მისი კანდელაკის ქუჩის სახლი მიყვარდა. მაშინ უზარმაზარი მეჩვენებოდა ის ქვის სახლი, რომლის ფანჯრიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა. გეგონებოდა, სწორედ იქ ცხოვრობდნენ რეზო ინანიშვილის გმირებიც. არადა, რა პატარა ყოფილა ის სახლი, რომელიც ჩემთვის მთელი სამყარო იყო. ხშირად ვსტუმრობდით ინანიშვილებს. ოროსანი ვიყავი მათემატიკაში და ბატონი რეზოს მეუღლე - როზა დეიდა მამეცადინებდა ხოლმე. საბოლოოდ, მათემატიკა მაინც ვერ ვისწავლე, მაგრამ უფრო მაგარი რამეები ვისწავლე იმ ოჯახში. პაპა არ მახსოვდა, ადრე გარდაცვლილა და რატომღაც ძალიან მინდოდა, სწორედ ისეთი პაპა მყოლოდა, რეზო ინანიშვილი რომ იყო.

- მაინც, როგორი "ისეთი"?

- აი, შეხვედრისას ძმაკაცურად რომ მომიკითხავდა, - როგორ ხარ, კაცოო? ისეთი, თავისი ხელით რომ ჩამიტანიებდა პერანგს შარვალში, ისევე, როგორც თავის შვილს - კოტეს უტანიებდა. სამწუხაროა, რომ დღეს კოტე ცოცხალი აღარ არის. ღმერთმა გაანათლოს მისი სული... სიმართლე გითხრა, მწერალი რეზო ინანიშვილი არც არასდროს გამიმიჯნავს თვითონ რეზო ინანიშვილისგან. მე მხოლოდ ერთ რეზო ინანიშვილს ვიცნობდი, საჩემო მოთხრობებს რომ წერდა. სწავლა კი მეზარებოდა, მაგრამ ლიტერატურის კითხვა ძალიან მიყვარდა. ბავშვობაში იცი, რა მითქვამს? რეზო ინანიშვილის მოთხრობებს რომ ვკითხულობ, მაშინვე გემრიელი რაღაცების ჭამა მინდება-მეთქი. საბავშვო მწერლობა ურთულესი რამაა და რეზო ინანიშვილი გამოირჩეოდა ამ მწერლობაში, თუმცა მთლად საბავშვოც არ იყო მისი პროზა და თუკი ვინმე მხოლოდ საბავშვოდ აღიქვამს, სასურველია, თავიდან წაიკითხოს არა მარტო ინანიშვილი, საერთოდ - ქართული ლიტერატურა. ხშირად უთქვამთ, რატომ რომანებს არ წერსო? რატომ უნდა დაეწერა? რა აუცილებელი იყო? ცალკე სათქმელია მისი მცირე პროზა, მინიატიურები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება მის დიდ პროზას და მიზანში მორტყმის თვალსაზრისით კი, იქნებ აჭარბებს კიდევაც: "თქვენ ლიტერატორი ხართ. თქვენი სარბიელი წიგნიდან წიგნამდე მანძილია. ის მწერალი იყო, ნამდვილი მწერალი, და როცა ყინულოვან წყალზე უნდა დაეწერა რამე, თვითონ მიდიოდა, თვითონ დგებოდა იმ ყინულოვან წყალში და თვითონ იჭრიდა ყინულებზე ფეხებს", - ეს ჩანაწერები იმ უშუალობით და გულწრფელობით არის დაწერილი, რომლის უფლებასაც მხოლოდ დიდი მწერლები აძლევენ საკუთარ თავს. დიდმა მწერალმა ყოველთვის იცის, რომ დიდი მწერალია. რა თქმა უნდა, რეზო ინანიშვილმაც იცოდა, რომ დიდი მწერალი იყო, აქედან მოდიოდა მისი საოცარი შინაგანი გამბედაობაც და თავმდაბლობაც. ხანდახან გაბრაზება დაეტყობოდა ხოლმე მის ნაწერებს: "როგორ არ შეგიპყრობს სევდა! როგორ არ უნდა მოჰკიდო ხელი ასე მეტყველთ და არ აჩვენო: ეს ხეა, ეს სახლი, ეს მესერი, ეს წყალი, ეს ბალახი!"... რეზო ინანიშვილი ბევრისგან განსხვავებით ვაჟკაცი იყო, კაცი იყო. ამ დროს უსასტიკესი ბავშვობა ჰქონდა: მამა დაუხვრიტეს, სიღარიბეში გაიზარდა, მუშადაც მუშაობდა, თურმე. როზა დეიდა იხსენებდა, "ბუშლატით" და "კირზავოი ჩექმით" ჩამოდიოდა უნივერსიტეტშიო. გაურიცხავთ კიდეც უნივერსიტეტიდან გრამატიკის არცოდნის გამო. რამდენადაც ვაჟკაცი იყო, იმავდროულად საოცრად მგრძნობიარეც იყო. მის მოთხრობებში თითქოს სულ ქარი ქრის. ისე გაწვდის სიმწარეს, რომ გაგრძნობინოს კიდეც, მაგრამ გულიც არ გაგიხეთქოს. ფანტასტიკური მოთხრობა აქვს, სადაც ამბობს: "ნაწიბურები გამიჩნდა გულზეო".

- თითქოს მიივიწყეს რეზო ინანიშვილი...

- დღეს საქართველოში ვის იხსენებენ და ვის ივიწყებენ, ძნელი გასარკვევია. არა მგონია, მივიწყებით რეზო ინანიშვილს აკლდებოდეს რაიმე. იმათ უფრო აკლდებათ, ვინც ივიწყებს...

- რეზო ინანიშვილთან დაკავშირებული ამბები მინდა, გაიხსენო, რასაც შესწრებიხარ ან შენ გიკავშირდება...

- არ მავიწყდება ერთი ამბავი: 1986 წელი იყო, 11-12 წლის ვიყავი, ანუ იმ ასაკში, უკვე არევას რომ იწყებ და მაშინ წავიკითხე ინანიშვილის მოთხრობა "ტყვია". ამ მოთხრობის გმირ ღარიბი გლეხის ბიჭს უყვარს მდიდარი გლეხის გოგონა. გოგონას ცხადია, არ ატანენ ბიჭს. ამიტომ, ბიჭი ხან საბძელს უწვავს მდიდარს, ხან კიდევ - რას, გოგონამ რომ შეამჩნიოს. მერე მშობლები გოგონას სხვას ატანენ ცოლად. გამწარებულ ბიჭს ისეთი გამოხედვა გაუხდა, "ტყვია" შეარქვეს - ტყვიასავით მზერა აქვსო. ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ მოთხრობამ, სკოლის პაპკას დიდი ასოებით დავაწერე "ტყვია". სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელმა სკოლის დირექტორთან ჩამათრია და შეიქნა ერთი ამბავი. ცდილობდნენ გაერკვიათ, რას ნიშნავდა ეს "ტყვია"". ვიდექი ჩუმად და ამაყად, ტყვედ ჩავარდნილი პარტიზანივით. წითელ ბაღში და სკოლასთან, გასტრონომის უკან, ბირჟაზე, უფროს ძველ ბიჭებთან და სკოლის ავტორიტეტებთან ყურყუტსა და "პტიჩკიანი" "ვინსტონის" წევას მიაწერეს ეს ამბავი და ერთი ალიაქოთი ატყდა. დღემდე ვერ ვიგებ, რატომ მოვიკალი თავი, რატომ ვაწამებინე, ან იმათ რას ვერჩოდი და რატომ არ ვთქვი, რეზო ინანიშვილის მოთხრობის სახელწოდება რომ იყო "ტყვია". რა ჩაშვება ახლა ეგ იქნებოდა, მწერალს ხომ არ მოედავებოდა ჩემი სასწავლო ნაწილი, რატომ დაწერე ეს მოთხრობაო? არადა, მართლა მქონდა განცდა, რომ სიმართლის თქმით რეზო ინანიშვილს ჩავუშვებდი (იცინის)...

მახსოვს კიდევ, ტელეფონებს დგამდნენ ჩვენს კორპუსში და იყო ერთი გაწამაწია, პირველს ვის დაუდგამდნენ და ბოლო ვინ იქნებოდა. ყველა ადამიანს თავისი სისუსტე აქვს და რას იზამ, ამ ამბავს კი მხოლოდ იმიტომ ვიხსენებ, რეზო ინანიშვილის რეაქციაზე რომ გიამბო. ინანიშვილები მეექვსე სართულზე ცხოვრობდნენ, ჩვენ - მეოთხეზე. დილით პაპკით ხელში სკოლაში მივდიოდი და ლიფტი გამოვიძახე. ჩვენ სართულზე რომ გაჩერდა, კარი გაიღო და რეზო ინანიშვილი იდგა, თავზე ბერეტი ეხურა. - როგორა ხარ, კაცო, სკოლაში მიდიხარო? - გამომელაპარაკა. მეც შევედი ლიფტში და პირველ სართულამდე მეკითხებოდა რაღაცებს. დაბლა კარი რომ გაიღო, დიდი ორომტრიალი დაგვხვდა. იმდენი მოდავე მეზობელი შეკრებილიყო, ვეღარ გავდიოდით. არ დამავიწყდება, რეზო ინანიშვილმა კი არ გაიშვირა, წინ წაიმძღვარა ხელი და თვითონაც გაჰყვა კახურ კილოზე ნათქვამი სიტყვებით: ახლა მე მივდივარ უჯარმაში, იქ კარტოფილი უნდა გავთოხნოო, - და გავიდა. აი, ასე გამოხატა პროტესტი ამ ყველაფრისადმი. რა თქმა უნდა, მეც გავყევი და რატომღაც მასაც საგულდაგულოდ დავუმალე პაპკა, რომელზეც დიდი ასოებით მეწერა "ტყვია". არც არასდროს გაუგია ეს ამბავი ისევე, როგორც არ გაუგია, რომ მინდოდა, მისნაირი პაპა მყოლოდა (იღიმის).

- არც შენი სამწერლო მონაცემების შესახებ იცოდა რაიმე?

- არა, კაცო, მადლობა ღმერთს, არა (იცინის), თორემ ალბათ გული გაუსკდებოდა. მწერლები მიმიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ. მაგალითად, ჩემს შვილს მწერლობა რომ არ გამოუვიდა, მაგრად გამიხარდა. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, "განაბები" საკუთარ შვილებს რომ ვერ იმეტებენ მსგავსი საქმისთვის და ყველანაირად არიდებენ. წერა ხომ პროფესია არ არის, ეს ჯოჯოხეთია და გირჩევნია, შვილი ექიმი ან სხვა საქმის სპეციალისტი გამოვიდეს, ვიდრე - მწერალი.

- უკვე მოზრდილი იქნებოდი, ალბათ, ბატონი რეზო რომ გარდაიცვალა, არა?

- კი, დიდი ვიყავი, იმ წელს გავხდი სტუდენტი. თითქოს იწინასწარმეტყველა უკანასკნელი საათები. თავის ერთ-ერთ მინიატიურაში დაახლოებით ასეთი რამ უწერია: "არ არსებობს უფრო საპატიო დაკრძალვა, ვიდრე ის, როგორიც მოცარტსა და ფიროსმანს ერგოთ წილად; რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით მღვდელი რომ აგიგებს წესს და მიწას მიგაბარებენ". სწორედ ასე დაკრძალეს რეზო ინანიშვილი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ამ დროს რუსთაველზე, რეზო ინანიშვილის მოთხრობებზე გაზრდილი ქართველები ერთმანეთს უბათქუნებდნენ - 1991 წლის დეკემბერი იყო. 21-ში თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო, ის კი 26-ში გარდაიცვალა - დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა.

- რით დაგაკლდა რეზო ინანიშვილი?

- ეგეთი ადამიანები იცი, რით გაკლდებიან? (ფიქრობს)... შეიძლება არც არასდროს მიუკაკუნო კარზე და არ მიხვიდე ჭკუის საკითხავად ან უბრალოდ - სულის მოსათქმელად, მაგრამ რომ გეგულებიან, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთხელაც მოგინდება, მიხვალ და გულს გადაუშლი: ძია რეზო, მგონი, რაღაც ავურიე... ან სულაც - სამყარომ აურია... - კაცო, მომისმინე შენა... - გიპასუხებს და... მშვიდდები. რეზო ინანიშვილთან ჭკუის საკითხავად არასდროს მივსულვარ, მაგრამ მეგულებოდა... მისი დიდი სიკეთე დამაკლდა!

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს