ინტელექტუალური თამაშის - "რა? სად? როდის?" მონაწილე გედევან ფოფხაძემ, რომელიც ახლახან ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, პოლიტიკურად მძიმე კვირის მიუხედავად, წიგნზე სასაუბროდ დრო სიამოვნებით გამონახა...
- სიმართლე გითხრათ, ბოლო ხანს კითხვისთვის იშვიათად ვიცლი, მაგრამ სასთუმალთან წიგნი ყოველთვის მიდევს და ძილის წინ რაიმე საინტერესო ნაწარმოებს თვალს მაინც გადავავლებ ხოლმე. ამჟამად ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, კომპიუტერი ჯერ არ მაქვს და წიგნისთვის მეტი დრო დამრჩა. ახლაც ო, ჰენრის მოთხრობები მაქვს გადაშლილი...
- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ დღეს წიგნს აღარ კითხულობენ?
- დღევანდელ საზოგადოებას წიგნიერების ნაკლებობას ვერ ვამჩნევ, რადგან იმ წრეში, სადაც ვტრიალებ, წიგნი ძალიან ფასეულია. უნივერსიტეტიდან მოყოლებული, ჩემ გარშემო მხოლოდ ნაკითხი ხალხია, გამუდმებით ვცვლით წიგნებს, ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებსა და შთაბეჭდილებებს... მთელი ახალგაზრდობა ინტელექტკლუბში - "რა? სად? როდის?" გავატარე, სადაც წიგნიერი ხალხი იკრიბებოდა. ხშირად ვხვდები საყმაწვილო კლუბების წარმომადგენლებსაც, მათ შორის - ბორჯომში, და უამრავ განათლებულ ახალგაზრდას ვხედავ.
- კითხვა ვინ შეგაყვარათ?
- დედაჩემი წიგნებს დღემდე მიკითხავს. თუ რამ მოეწონა, მონიშნავს იმ ადგილს და მელოდება, მეც წამიკითხოს. ბავშვობიდან ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი და წიგნებიდან ყოველთვის დიდ ინფორმაციას ვიღებდი.
- ბავშვობისას რომელი გმირი მოგწონდათ?
- დონ კიხოტი ჩემი საყვარელი პერსონაჟი იყო...
- საყვარელი მწერლები და ნაწარმოებები გაგვანდეთ...
- აუცილებლად. ეგზიუპერის "პატარა უფლისწული", სერვანტესის "დონ კიხოტი". ძალიან მიყვარს ბორხესის მოთხრობები - თუ სადმე რომელიმე წიგნს წავიღებდი, ერთ-ერთი აუცილებლად ბორხესი იქნებოდა. ძალიან მიყვარს კონსტანტინე გამსახურდია და გრიგოლ რობაქიძე, პოეტებიდან - გალაკტიონი...
- როგორი გმირები მოგწონთ?
- ფატალური პერსონაჟები, თავიდანვე განწირულები რომ არიან ტანჯვისათვის, მაგრამ მაინც მამაცურად იბრძვიან, დონ კიხოტივით...
- დონ კიხოტივით ბრძოლა თქვენც შეგიძლიათ?
- სურვილი მაქვს. აი, როგორ შევძლებ, ამას დრო გამოაჩენს.
- წიგნიერებითა და ლოგიკური აზროვნების უნარით რომელ მოთამაშეს გაუოცებიხართ?
- მიხეილ ბრეგვაძესთან ერთად ხშირად მიხდებოდა თამაში და ის ყოველთვის გვაოცებდა თავისი საზრიანობით. მას ისეთ რთულ კითხვებზე უპასუხია, მე, ალბათ, ვერასდროს შევძლებდი.
- პოლიტიკაში წიგნიერება აუცილებელია?
- ვერ გეტყვით, რომ პოლიტიკოსის ავ-კარგს წიგნიერება განსაზღვრავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ წიგნთან დამეგობრებული პოლიტიკოსი უფრო გონიერ, ზომიერ და კაცთმოყვარე გადაწყვეტილებებს მიიღებს.
- ბოლო ხანს მრავალი განათლებული, წიგნიერი ადამიანი დარჩა უსამსახუროდ...
- წინა ხელისუფლების პერიოდში თავგამოდებით ვეწინააღმდეგებოდი ასეთ ქმედებებს... თუმცა მათაც ჰყავდათ წიგნიერი კადრი...
- მაინც?
- თუნდაც ჩემი მეგობარი ნიკა გვარამია. მაგრამ ვერ ვხვდები, წინა ხელისუფლების პოლიტიკა განათლებული ადამიანების მიმართ ასეთი აგრესიული რატომ იყო. ხალხი, რომლებიც ბავშვობიდან წიგნს გვაყვარებდა, ხელისუფლებამ "ჩარეცხილებად" გამოაცხადა... სულ მახსენდება დოჩანაშვილის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა". წიგნის სიყვარული ხომ თავისთავად კეთილშობილების მაჩვენებელია.
- შეძლებს ახალი მთავრობა, "ჩარეცხილ" ინტელიგენციას ღირსება დაუბრუნოს?
- ჩემ გამოც დაზარალდნენ ახლობლები - ისინი ოპოზიციური განწყობისთვის სამსახურებიდან დაითხოვეს. ამ ხალხის საწყის სოციალურ პოზიციებზე დაბრუნება რთულია. არადა, ადამიანს ცხოვრების წლებს რომ წაართმევ, მეტი რა უნდა დაუშავო? ხომ შეიძლება, ღვაწლი დაუფასო, ღირსეულად გამოუშვა? ესენი ყრიდნენ, ანადგურებდნენ. ახალმა მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამ ხალხმა ღირსება დაიბრუნოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყანა მიშა სააკაშვილის კი არა, ასეთი ადამიანების შექმნილია. ვერანაირი შენობა, თუნდაც პირამიდა, ვერ აჯობებს ერთ ღრმა და შინაარსიან ლექსს. ეს უფრო ცოცხალი ხელოვნებაა. სულიერებაზე სიტყვა უფრო ზემოქმედებს. იმ ხალხის, ასე ვთქვათ, ჩაჩოჩების უფლება კი, რომელიც ამ სულიერ საზრდოს თაობიდან თაობას აწვდიდა, მიშა სააკაშვილს არ აქვს, მან ამ ეპოქის სიმბოლოდ შადრევანი აქცია.
- რის წაკითხვას გვირჩევს გედევან ფოფხაძე?
- ხშირად გადავიკითხოთ ეგზიუპერის "პატარა უფლისწული" და ყველანი უფრო კეთილი ვიქნებით...
ესაუბრა დავით ოქრუაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)