ტიციანის "წითელი ქალიშვილი" და "ძველი საქართველოს ცოცხალი ფრესკა"

ტიციანის "წითელი ქალიშვილი" და "ძველი საქართველოს ცოცხალი ფრესკა"

"ნუ მოხვალ, ნუ, იყავ შორეული, მიუკარებელი. თორემ ვნებით მგზნებარე გული დაგწვავს, დაგთუთქავს..." "გაფიცებ მოსვლას! მე შენ არ გიცნობდი, ისე მიყვარდი, შენ იყავ ჩრდილი ჩემი ცხოვრებისა, მე შენ გეძებდი, შენდამი იყო ჩემი ლოცვა, ჩემი ვედრება. შენ არ გიცნობდი, ისე მიყვარდი, რადგან მაშინ სულმა არ იცოდა ტანჯვა. განა თვით არ გაუთხარე ლტოლვათ საფლავი, რომ სამარიდან კვლავ აღმედგინა? მე შენში მიყვარდა ჩემივე სევდა. ჩვენ შევხვდით ერთმანეთს ყოფნის გზაჯვარედინზე და უნდა გავშორებოდით... მე ბევრი დავკარგე დაკარგულის, შორეულის ნახვით. ნუ ისმენ, ნუ, ჩემ ძახილს! ეს ჯოჯოხეთიდან ღაღადია სულის ტანჯვით მოკლულის და განწირულის. ნუ მოხვალ, ნუ, თორემ გული ვნებით მგზნებარე, ცეცხლის სული დასწვავს, დათუთქავს, ფერფლად აქცევს შენ ყინვით ნაკვეთ მკერდს. მე უშენოდაც მეყვარება ის, რაც შენში მიყვარდა, რადგან არ შეუძლია სულს, სიყვარულით მოღლილს, მოქანცულს სიძულვილი..." - ასე შეეძლო სიყვარული ტიციან ტაბიძეს... ასე გრძნობდა. როგორ გამოხატავდა ამ ყველაფერს პოეტი, ამაზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი მურად მთვარელიძე გვიამბობს...

- ტიციანის გაცნობამდე ნინო მის პოეზიას თბილისში სწავლისას ეზიარა. პოეტი ჯერ მოსკოვში სწავლობდა, შემდეგ - ქუთაისში. ცისფერყანწელებთან ერთად დედაქალაქში 1917 წელს გადმოვიდა. იმ პერიოდში საქართველოს კონსტანტინე ბალმონტი ესტუმრა. ის და ტიციანი ახლო მეგობრები იყვნენ. ნინო მაყაშვილის მოგონების მიხედვით, ერთხელ, როცა ნინო სახლში მიდიოდა, გზაზე უცხო მამაკაცი გადმოუხტა და უთხრა: გოგონი, თუ გნებავთ, ლექსებს წაგიკითხავთ. ნინოს ჯერ შეეშინდა, მაგრამ რომ შეხედა, მიხვდა, უცნობი პოეტი უნდა ყოფილიყო. გაცნობის შემდეგ ნინომ ბალმონტი სახლში დაპატიჟა და მართლაც არაჩვეულებრივი პოეზიის საღამო გაიმართა. ნინო იგონებს: როცა ბალმონტის პოეზიითა და მანერებით აღფრთოვანებული გოგონები მას გასაცილებლად ეზოში ჩავყევით, დავინახეთ, რომ ქუჩაში, ხესთან მას ახალგაზრდა მამაკაცი ელოდებოდა. თავიდან, გოგონებს ის სერგეი გოროდეცკი ეგონათ, რომელიც გაზეთების ცნობით, იმ დროს თბილისში იმყოფებოდა. მაგრამ ბალმონტმა თქვა: გაიცანით, ეს ჩემი მეგობარი, ტიციან ტაბიძეა. იმხანად ნინოსა და ტიციანის ნაცნობობა არ გაგრძელებულა.

- ეს ნაცნობობა, როგორც ცნობილია, 1917 წელს აღდგა და განვითარდა...

- დიახ, სწორედ იმ წელს ტიციანი ბაზარში კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდა, რომელიც მეყვავილისგან მიხაკების თაიგულს ყიდულობდა. ტიციანის კითხვაზე, ვისთვის უნდოდა ის თაიგული? კონსტანტინემ უპასუხა: "წითელი ქალიშვილისთვისო". ნინოს ასე ეძახდნენ, შესაძლოა იმიტომ, რომ მას წითელი ფერის სამოსი უყვარდა. როგორც ჩანს, კონსტანტინე გამსახურდიას ნინო მოსწონდა. ტიციანმა თაიგულიდან ერთი მიხაკი ამოაძრო და კონსტანტინეს უთხრა: ამ ერთ მიხაკს მე მივართმევ "წითელ ქალიშვილს" და ეს მეტად ძვირფასი იქნება, ვიდრე მთლიანი თაიგულიო. იმ დროს ინტელიგენციის, ნიჭიერი ახალგაზრდობის კაფეში შეკრება და საინტერესო საღამოების გამართვა მოდური გახლდათ. სხვადასხვა მიზნით მართავდნენ საქველმოქმედო საღამოებს. ნინო ამ მხრივ აქტიურობდა და მსგავს საღამოებს ორგანიზატორობდა. კონსტანტინემ ნინოს თაიგული დილით გაუგზავნა, საღამოს კი ჩაიხანაში შეიკრიბნენ. როგორც იმხანად მოდური იყო, ნინომ მირთმეული თაიგულიდან ერთი მიხაკი ამოაძრო და საღილკილეში გაიკეთა. ჩაიხანაში, მაგიდასთან მჯდომს, ერთი მისი მეგობარი, ულამაზესი ბერტა მაჩაბელი გაეხუმრა, - მოულოდნელად საღილკილედან მიხაკი ამოაძრო და გაიქცა. ნინო ძალიან გაბრაზდა და ბერტას დაედევნა. მაგიდასთან, სადაც ბერტა მივიდა, რამდენიმე ადამიანი იჯდა, ერთ-ერთი წამოდგა, ნინოს თავისი მიხაკი მიაწოდა და უთხრა: "ქალიშვილო, ეს მიხაკი თქვენთვის მინდა, მე თქვენ გიცნობთ, თქვენ ნინო მაყაშვილი ხართ". ტიციანის გარეგნობაში ორი განსაკუთრებული ნიშანი იყო შესამჩნევი: მას ულამაზესი, დიდი, ცისფერი თვალები და თლილი თითები ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ტანად საკმაოდ სრული გახლდათ. ნინომ ეს მაშინვე შენიშნა და როგორც ჩანს, მოიხიბლა. ამ შემთხვევიდან მეორე დღესვე ნინო და ტიციანი განუყრელ მეგობრებად იქცნენ. ტიციანი საკუთარ თავს პიეროს უწოდებდა, პოეტის მეგობრებმა ნინო მაშინვე კოლომბინად მონათლეს...

- მათი ურთიერთობა ოჯახის შექმნაში როდის გადაიზარდა?

- ისინი ძალიან საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ტიციანი მეგობრებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ: ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, გიორგი ლეონიძე, ალი არსენიშვილი, ერთ ჯგუფად, ბოჰემურად ცხოვრობდნენ. ზოგჯერ შუა რუსთაველზე გაშლიდნენ სუფრას. ეს არ იყო ქეიფი, არამედ პოეზიის დიდი ზეიმი. მათი განუყრელი მეგობარი გახლდათ მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე. იმხანად ერთი დუქნის გახსნაზე მეგობრებთან ერთად ტიციანიც იყო მიწვეული. ნინო და ტიციანი სულ ერთად დადიოდნენ... ნინოს თურმე ძალიან აინტერესებდა აქლემის ნახვა - ტიციანი და ნინო შეითან ბაზარში აქლემების სანახავდ წავიდნენ. ტიციანმა გზაში ნინოს ბროწეული უყიდა და დუქანში მივიდნენ. პიეროს და კოლომბინას მეგობრები ოვაციებით შეხვდნენ. იმ დღიდან მათი ურთიერთობა თითქოს ოფიციალური გახდა. 1920 წელს ჯვარი დაიწერეს და ერთად 17 წელი იცხოვრეს...

- ...და მათი ოჯახი ცნობილ ქართველ და უცხოელ კულტურის მოღვაწეთა კერად იქცა...

- დიახ, მათთან ცხოვრობდნენ სერგეი ესენინი, ვლადიმირ მაიაკოვსკი. პასტერნაკი, მანდელშტამი და ტოლსტოი ამ ოჯახის დიდი მეგობრები გახლდნენ. თუკი ვინმე უცხოელი კულტურის მოღვაწე თბილისში ჩამოვიდოდა, ყველა ტიციანისა და ნინოს ოჯახში აღმოჩნდებოდა ხოლმე. ნინო იგონებს: ერთხელ, სახლში მარტო ვიყავი, გაზეთებს ვათვალიერებდი. უცებ, ასეთ ცნობას წავაწყდი: დღეს, საღამოს 5 საათზე, ტიციან ტაბიძის ბინაზე იმართება ლიტერატურული შეხვედრა, რომელსაც სერგეი გოროდეცკი მართავს. ეს ამბავი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. როცა სერგეი სახლში შემოვიდა, დაბნეული მივვარდი და ვუთხარი: ეს როგორ გააკეთეთ ჩემთან შეუთანხმებლად, სკამები და პურიც კი არ მაქვს, რომ სტუმრებს გავუმასპინძლდე. მან დამამშვიდა: ნინო, სკამებს ვითხოვებთ, რაც შეეხება ფულს, დამშვიდდი, ფული არც მე მაქვსო. არაჩვეულებრივი საღამო გაიმართა. ოვანეს თუმანიანმა ნინო განზე გაიხმო თურმე და უთხრა, რომ არაფერზე ენერვიულა. ერთ საათში კი ფანჯრიდან გადააწოდა სანოვაგით დატვირთული კალათები...

- დაოჯახების შემდეგ ნინო რას საქმიანობდა?

- ტიციანის მეუღლეობისას არსად მუშაობდა, მან მთელი თავისი დრო და სიცოცხლე პოეტს მიუძღვნა.

- რას გვეტყვით ნინოს უცნაური დამოკიდებულების შესახებ მეუღლის ცნობილი მუზების მიმართ?

- ტიციანის პირველი მუზა ისია ნაზაროვა გახლდათ. მისი მამა ცნობილი ექიმი იყო. ისია ქუთაისში ერთ-ერთ ულამაზეს ქალიშვილად მიიჩნეოდა, მისი და კი პაოლოს მუზა გახლდათ. ისია ნაზაროვას, რომელიც სხვა არაერთი პოეტის მუზაც იყო, ტიციანმა ლექსიც მიუძღვნა. პოეტის მეორე მუზაა მელიტა ჩოლოყაშვილი, რომელსაც ტიციანი ერთ-ერთ ლექსში "კახეთის გამტყდარ გვირგვინად" მოიხსენიებს. მელიტა 1921 წელს საზღვარგარეთ წავიდა და საფრანგეთში გარდაიცვალა. რაც შეეხება პოეტის ყველაზე მნიშვნელოვან მუზას, თამუნია წერეთელს, ის აკაკი წერეთლის ახლო ნათესავის, ბეჟან წერეთლის ქალიშვილი იყო - აკაკის ნათლული და მისსავე კალთაზე გაზრდილი. თამუნიას დედა, ნიცა ბაგრატიონ-დავითაშვილი, ერეკლე მეფის შთამომავალი, ნიცას და, ტასო კი ივანე მაჩაბლის მეუღლე გახლდათ. მელიტა საჩხერეში დაიბადა. 1921 წელს, როცა ქვეყანას მძიმე პერიოდი დაუდგა, ოჯახი იძულებული გახდა, ლუკმაპურის საშოვნელად თბილისში წამოსულიყო. მისი ოჯახის ზოგი წევრი დახვრიტეს, ზოგმა გაქცევა მოახერხა. თბილისში მარტოდ დარჩენილი დედა-შვილი უმძიმეს მატერიალურ მდგომარეობაში დარჩა. სწორედ იმ დროს ინჟინერმა ქებაძემ მინერალური წყლების მაღაზია გახსნა და როგორც ჩანს, კომერციული მიზნით, ხალხის მისაზიდად, იქ სამუშაოდ სამი ულამაზესი ასული მიიწვია, მათ შორის, თამუნია. მაღაზია რუსთაველზე მდებარეობდა. თამუნია, დღევანდელი გაგებით, შეიძლება ითქვას, მოლარე იყო. ერთხელაც, მაღაზიაში ტიციანი შევიდა. ნინო და ბავშვი იმ დროს ბორჯომში ისვენებდნენ. იმავე საღამოს, ტიციანმა ნინოს დეპეშა გაუგზავნა და დაურეკა კიდეც, სასწრაფოდ ჩამოდიო. ნინოს თქმით, ის გაოგნებული დარჩა, როცა სახლში მივიდა და ტიციანი არ დახვდა, მაგიდაზე კი ერთი რვეული იდო და მასში თამუნია წერეთლისადმი მიძღვნილი ლექსი ეწერა. როგორც იქნა, ტიციანი გამოჩნდა და ნინოს უთხრა: ნინო, იცი, რატომ დაგიბარე? თბილისში გამოჩნდა საოცარი სილამაზის ქალი და მინდა, გაჩვენო. პოეტმა მეორე დღესვე აჩვენა ნინოს თამუნია. ნინო თავის მოგონებებში ამბობს, რომ თამუნია მართლაც არაჩვეულებრივი სილამაზის იყო და მას ქურციკს ადარებს. მაღაზიაში მისულმა ნინომ ტიციანს მიმართა: ეს ქალბატონი მართლაც ძალიან მშვენიერია, მაგრამ მე აქ რაღა საჭირო ვარ? ტიციანმა, თურმე, მეუღლეს არაჩვეულებრივი მომძივური ჩანთა უყიდა და ნინო ისევ ბორჯომში დაბრუნდა. უკვე შემდეგ, დაბრუნებულ ნინოს არაჩვეულებრივი ლექსები დახვდა თამუნიასადმი მიძღვნილი. თურმე, ტიციანს მეგობრები ურჩევდნენ, დაემალა ნინოსთვის, ეს რვეული - არ ეწყინოსო. ნინო კი წერს: როგორ შეიძლებოდა, ეს ლექსები დაემალა და ხალხს მათ შესახებ არ გაეგოო?!

- თავად თამუნია წერეთლის განწყობილება თუ არის ცნობილი ტიციანის მიმართ?

- ძალიან მოკრძალებული და შორეული. თამუნიას ბევრი ეტრფოდა, მაგრამ თვითონ მორიდებული იყო. როგორც მისი ქალიშვილი იგონებს, თამუნია ხშირად ამბობდა თურმე: ქუჩაში ვცდილობდი, ჩიხებით მევლო, რომ ხალხის ყურადღება არ მიმექციაო. იოსებ გრიშაშვილი იგონებს, როცა თამუნია რუსთაველზე ჩაივლიდა, ხალხი ჩერდებოდა და პირჯვარს იწერდაო... კონსტანტინე გამსახურდიამ მას თავისი წიგნი, "დიონისოს ღიმილი" მიართვა წარწერით: "ძველი საქართველოს ცოცხალ ფრესკას, თამუნია წერეთელს". გრიგოლ რობაქიძემ კი საკუთარ წიგნს ასეთი წარწერა გაუკეთა: "თუ შევძელი ამ წიგნში ქართველი ქალის ასახვა, მაშინ ვიფიქრებ, რომ ჩემს ნაცნობობას თქვენთან ტყუილად არ ჩაუვლია". თამუნიასვე ეძღვნება გიორგი ლეონიძის ლექსი - "ღამე ივერიისა", სამწუხაროდ, ეს არსად არ არის მინიშნებული, მაგრამ თამუნიას ქალიშვილთან ინახება ავტოგრაფი, სადაც პირდაპირ წერია: "თამუნია წერეთელს".

- მაგრამ ამ ქალბატონის ცხოვრება არცთუ "ლამაზად" წარიმართა...

- ნამდვილად. ის ცოლად გაჰყვა არაჩვეულებრივ პიროვნებას, იურისტს, სატირისა და იუმორის თეატრის დამაარსებელს, ნიკოლოზ კახიძეს. სამწუხაროდ, ამ ადამიანის ღვაწლი სათანადოდ შესწავლილი არ არის. მშობიარობიდან 15 დღის შემდეგ თამუნიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და მისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, ექიმები იძულებულები გახდნენ, მისთვის ფეხი მოეკვეთათ. ასე დასრულდა ამ სილამაზის ლეგენდა. ტიციანზე ამ ფაქტმა საოცრად იმოქმედა. თამუნია საავადმყოფოდან დეიდაშვილებმა გამოიყვანეს. ივანე მაჩაბლის ქალიშვილმა, ელენემ ის თავის სახლში წაიყვანა. სწორედ იქ ინახულა ტიციანმა თავისი მუზა. ეს იყო მათი პირველი პირისპირ შეხვედრა. ამ შეხვედრიდან გამოყოლილი განწყობილებით დაწერა პოეტმა ლექსი - "რა დამავიწყებს ამ შავ გაზაფხულს" და "ანანურთან". 1934 წელს ტიციანი საკავშირო ყრილობაზე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც იყიდა ლევ ტოლსტოის წიგნი, წარწერა გაუკეთა და თამუნიას ჩამოუტანა.

- როგორც ცნობილია, ამ ფაქტმა თავად თამუნიაზეც იმოქმედა, მას საერთოდ აღარ უნდოდა ხალხთან ურთიერთობა.

- აღარ უნდოდა და აღარც შეეძლო. სხვათა შორის, ძლიერი ქალბატონი აღმოჩნდა. მისი მეუღლე 1937 წელს გადაასახლეს. თამუნია, ხეიბარი, ცალი ფეხით და ყავარჯნებით, მცირეწლოვანი ბავშვით, შორეულ აღმოსავლეთში ქმრის მოსანახულებლად წავიდა. 68 წლისა გარდაიცვალა.

- როგორ გაგრძელდა ნინოს ცხოვრება ტიციანის დახვრეტის შემდეგ?

- როცა ტიციანი დახვრიტეს, ნიტა უკვე 16 წლის იყო. ტიციანი რომ წაიყვანეს, ნინოს ბინა ჩამოართვეს, სხვაგან შეასახლეს. მათთან მისვლას ვერავინ ბედავდა. ნინოს მხრებზე ათასგვარმა ქარიშხალმა გადაიარა. მაგრამ ის არ მიატოვეს მეგობრებმა, განსაკუთრებით, პასტერნაკის ოჯახმა. მე თავად ვარ მოწმე, რომ ამ ოჯახის შთამომავლები დღემდე აგრძელებენ ურთიერთობას. როცა პასტერნაკი ავად გახდა, მოითხოვა მასთან ნინო ჩასულიყო, რადგან ძალიან ენატრებოდა. ნინო მართლაც ჩავიდა და სასიკვდილო სარეცელზე მყოფ პასტერნაკს მისი სიკვდილისა და დაკრძალვის დღემდე, გვერდიდან არ მოშორებია. ძალიან ღრმა და ღირსეული ადამიანი გახლდათ ნინო მაყაშვილი.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს