ოთარ ჭილაძე - საზღვრებს მიღმა...

ოთარ ჭილაძე - საზღვრებს მიღმა...

"თავიდანვე იმიტომ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე - სიკვდილისთვის რომ მოემზადოს... არც სულ სიცოცხლე ვარგა და არც სულ სიკვდილი, როდისმე ერთიც მოგწყინდება და მეორეც. თანაც ვინ იცის, ან თუ იცის, საიდან იცის, სიცოცხლე რომ ჯობია სიკვდილს... ვინ რა იცის, მართლა რითი მთავრდება სიკვდილი?! ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?! არაფერი. წუთი. წამი. შემოჰკრა ქარმან და სწრაფ გააქრო. მაგრამ, თუკი, როგორმე, წარსულში შებრუნება შესძელი, მერე კი წარსულიც გადალახე, მარადისობაში აღმოჩნდები თურმე და აღარასოდეს მოკვდები. განა სულ ამას არ ნატრობს ჩუმის ნატვრითა ადამიანი?!" - ოთარ ჭილაძე, "მარტის მამალი".

დაბადება. ბავშვობა. ყრმობა. სწავლა. მუშაობა. სიყვარული. ოჯახი. სამშობლო. პოეზია. პროზა. ესეისტიკა. დრამატურგია. თარგმანი. ნობელის პრემიის ნომინანტობა. სხვა პრემიები და ჯილდოები. ცხოვრებით სიამოვნება და განმარტოება. სიხარული და ტკივილი. გარდაცვალება - ბიოგრაფია, ჩატეული 1933-2009 წლებში...

"ერთი შეხედვით, ამ ციფრების ღობეში (კინაღამ ვთქვი - მავთულხლართებში-მეთქი!) მოქცეულია მთელი მისი ცხოვრება, მაგრამ სინამდვილეში, რასაკვირველია, ასე არ არის და არც შეიძლება იყოს - ადამიანის სიცოცხლის საზღვრები (დაბადება, გარდაცვალება) ადვილი დასადგენია, მაგრამ ცხოვრების საზღვრებს კი ვერ დაადგენ, რადგან ადამიანის ამქვეყნად არსებობას დამატებული აქვს თავად ადამიანის მიერ შექმნილი მეორე სინამდვილე, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, უსაზღვროა..." - თამაზ ჭილაძის წიგნიდან "ოთართან ერთად".

მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე ოთარ ჭილაძე დღეს, 20 მარტს 84 წლის გახდებოდა...

სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ამბობენ, ლაღი, ძლიერი და გაუტეხელი ადამიანი იყოო, კიდევ ბევრ გასაოცარ რამეს ამბობენ მის შემოქმედებასა და ადამიანობაზე, მაგრამ მისი ცხოვრების ბოლო წლებიდან, მისი ლექსებიდან, რომანებიდან, წერილებიდან, დღიურში ჩანაწერებიდან, თუნდაც 2004 წელს მესამე პირში დაწერილი ავტობიოგრაფიიდან, მე და ჩემმა თაობამაც შევიცანით ჩვენეული ოთარ ჭილაძე - რომანტიკოსი და ბოჰემური, "განდეგილი" და იმავდროულად, მუდამ თავის ხალხთან მყოფი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული და დიდებასა და კეთილდღეობაზე ნაკლებად მოფიქრალი, ხალხში სიტყვით გამოსვლებსა და ინტერვიუებს რომ გაურბოდა და დაგროვილ სათქმელს შემოქმედებით რომ გვაწვდიდა; უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შემოქმედი, სასიკვდილო სარეცელზე ყოფნისასაც, რომანის დასრულებას რომ ჩქარობდა, თუმცა, სამწუხაროდ, "აკმე" მაინც დაუსრულებელი დარჩა...

მწერლის მესამე პირში დაწერილი ავტობიოგრაფიიდან:

"ოთარ ჭილაძე დაიბადა ქალაქ სიღნაღში, 1933 წლის 20 მარტს. მამის მხრიდან ოდიშის დიდი ფეოდალების შთამომავალია, მისი გვარი მოხსენებული ჰყავს თითქმის ყველა მისიონერსა და მოგზაურს, რომლებსაც XVII-XVIII საუკუნეებში მოუწიათ საქართველოში ჩამოსვლა. მამამისი - ივანე ჭილაძე - პედაგოგი გახლდათ. მიღებული ჰქონდა ეკონომიური და იურიდიული განათლება. დედა - თამარი - საკმაოდ შეძლებული, მაგრამ ოციან წლებში ერთბაშად გაკოტრებული კომერსანტის ოჯახიდან იყო, რომელმაც, უმცროსი დებისგან განსხვავებით, მაინც მოასწრო კეთილშობილ ქალთა გიმნაზიის დამთავრება თბილისში. ოთარი მათი მეორე შვილია. სულ სამი შვილი ეყოლათ, ოთარამდე - თამაზი და ოთარის შემდეგ - თინა. ოთარი არც მამას ჰგავს, არც დედას, უფრო სწორად, იმდენად ჰგავს ორივეს, რამდენადაც მაინცდამაინც მას გამოჰყვა, თუკი რამე ნაკლი ჰქონდათ მის მშობლებს ან გარეგნობაში, ან ხასიათში...

დაოჯახდა ადრე, უნივერსიტეტის დამთავრებამდე. ჰყავს ორი შვილი - ზაზა და თაკო - და ოთხი შვილიშვილი - ნანა, ანა, ოთარი და ნათელა, რომლებიც თავს ურჩევნია და რომლებსაც თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ მონაპოვრად თვლის. რაც შეეხება მეგობრებს, ბავშვობიდან ეთაყვანებოდა ამ ინსტიტუტს, შეიძლება ითქვას, დღე არ უცხოვრია უმეგობროდ; ერთგული, გულითადი, უშეღავათო მეგობრობა იცოდა და მეგობრებიც ყოველთვის მრავლად ჰყავდა. მაგრამ დრო თავისას მოითხოვს და მიაქვს კიდეც - ბევრი, ღმერთმა გაანათლოს, ცოცხალი აღარ არის, ბევრი, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ცხოვრებამ აცდუნა, "სხვა გზას" დაადგა. მაგრამ, საბედნიეროდ, არიან უცვლელნიც და მარადიულნიც, როგორიც, ვთქვათ, მისი უფროსი ძმა თამაზია... "ტკივილიანი მოგონებები" იმდენად ბევრი აქვს, ვერ გამოარჩევს რომელიმეს, თანაც ასე ნაუცბათევად. ჰობი, არასოდეს არ ჰქონია, ვერ შეიქმნა საამისო პირობები, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, ახლო მომავალში, დიახაც რომ ჰობად ექცეს მაჯის თვლა და წნევის ზომვა".

უთქვამს: "იცოცხლე, ვიდრე მოკვდები... ყველაზე უნდილი და მხდალი კაციც კი კვდება ბოლოს და მე რა ღმერთი გამიწყრება ვითომო!"

"წამსვლელი თვითონ დგება და მიდის -

ზღვებსაც აცოფებთ ზედმეტი წვეთი.

მე ჩემს თავს უფრო ძლიერად ვთვლიდი,

სხვა არაფერი შემშლია მეტი..."

თამაზ ჭილაძე: "...რომ შეძლებოდა, რა თქმა უნდა, ისევ თავიდან, ისევ ისე თავდაუზოგავად შეეწირებოდა იმ საქმეს, რისთვისაც განგებამ მოავლინა ამ ქვეყნად. ბევრს უკვირს და, მართლაც, საოცარია ამ ხიფათებით სავსე წუთისოფელში როგორ შესძლო ასე ღირსეულად ეცხოვრა, მონობის, კონფორმიზმის, თუნდაც, პოპულარობის ყველა ხაფანგს გადარჩენოდა და, ამავე დროს, ამ ხაფანგში მოყოლილთა მაგივრად დატანჯულიყო იმიტომაც, რომ ბევრი, ვისიც სწამდა და ვისი იმედიც ჰქონდა, სინდისის ქენჯნის ნაცვლად, მშვიდად შეექცეოდა საკუთარი დაცემის, წახდენის, მონობის თაფლს; იტანჯებოდა და იმ მწყემსივით, რომელიც ხედავს, მაგრამ უმწეოა, გადაარჩინოს უფსკრულში გადასარჩენად განწირული ფარა, რომელიც მის პირველ რომანში "პირუტყვული თავისუფლებით გალაღებული... უფსკრულისკენ მიიძოვდა ბალახს". ხშირად იხსენებდა ხოლმე გაბრიელა მისტრალის სიტყვებს: "მწყემსი თუ გყავთ?"

...როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში წირვისას 75 წლის იუბილე მიულოცა, ბრძანა: "მე მინდა, ასევე ვახსენო ერთი ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა საქართველოს... ეს ბრძანდება ჩვენი დიდი მწერალი ოთარ ჭილაძე..." ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის ოქტომბერში იმავე ტაძარში, უკანასკნელი წესიც სწორედ უწმინდესმა და უნეტარესმა აუგო: "დღეს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს სახელოვან მწერალს, ბატონ ოთარ ჭილაძეს. მის სხეულს მთაწმინდის წმინდა მიწა ჩაიხუტებს, ხოლო სული იმ ზეციურ მხედრიონს შეუერთდება, რომელიც საქართველოს იცავს... ღმერთმა აცხონოს და დალოცოს ბატონი ოთარის უკვდავი სული და ღმერთმა დააწესოს იგი, სადაც მართალნი და წმინდანნი განისვენებენ. ამინ!"

"მე ვგრძნობ, მე ვიცი,

ვხედავ და მესმის,

როგორ იხრწნება მიწაში გვამი,

როგორ იზრდება მიწაში ფესვი..." - ეს ოთარ ჭილაძის უკანასკნელი ჩანაწერი გახლავთ...

ირმა ხარშილაძე

ჟურნალ ”გზის” არქივიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს