წიგნი "საქართველო", რომლითაც იაპონელი ავტორი ტოკიოში თანამემამულეებს ჩვენს ქვეყანას აყვარებს

 წიგნი "საქართველო", რომლითაც იაპონელი ავტორი ტოკიოში თანამემამულეებს ჩვენს ქვეყანას აყვარებს

რაოდენ სასიხარულოა და მისასალმებელი ის ფაქტი, რომ ახლახან იაპონიაში საქართველოს მეგობარმა და ჩვენს სამშობლოზე შეყვარებულმა ქალბატონმა - ჰიროკო კაკომ გამოსცა წიგნი - "საქართველო". გამოცემის რედაქტორიც იაპონელი - ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა გახლავთ. ამ ღირსშესანიშნავი ფაქტის შესახებ საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ასოციაციის პრეზიდენტმა, ბატონმა კარლო ქველაძემ გვამცნო და წიგნისა და მისი ისტორიის თაობაზე წერილის მომზადებაც ითავა.

ჩემი აზრით, ეს არის პატარა ენციკლოპედია საქართველოს შესახებ, რომლითაც ქალბატონი ჰიროკო კაკო თანამემამულეებს ქართველი ხალხის ტრადიციებს, ყოფას, ისტორიას, სარწმუნოებას, კულტურას, ხელოვნებას და საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელ ადათ-წესებს აცნობს. წიგნის მიღებისთანავე მე, როგორც საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ასოციაციის პრეზიდენტმა, მადლობის წერილი გავუგზავნე ავტორს, სადაც აღვნიშნე: "ქალბატონო ჰიროკო კაკო, თქვენი სიცოცხლის და შრომის დიდი ნაწილი დაუთმეთ იაპონელი და ქართველი ხალხის მეგობრობის გაღრმავებას, ახლა კი ამ წიგნით - "საქართველო", ოქროს გვირგინი დაადგით ამ უდიდეს საქმეს. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ჩემი და ყველა ქართველის სახელით!"

აუცილებელია, მკითხველს, რამდენიმე სიტყვით მოვუთხროთ იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც საქართველოსთვის ამ იაპონელ ქალბატონს წლების მანძილზე გაუწევია. ამ ღვაწლის შესაფასებლად სიტყვის შერჩევისას უნებლიეთ გამახსენდა საუცხოო ქართული განსაზღვრება - "დედაბოძი", რადგან ყველაზე უკეთ შეესაბამება ტოკიოს ინტერნაციონალური სახლის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ქალბატონ ჰიროკო კაკოს იმ შრომისათვის, რომელსაც ის 1980 წლიდან საქართველო-იაპონიის კულტურული და მეგობრული ურთიერთობის განსავითარებლად ეწევა. ქალბატონი ჰიროკო კაკო ან, როგორც იაპონიაშია მიღებული - კაკო სანი - მეგობრობის ნამდვილი დედაბოძია. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მეგობრობა თითქმის ყველა სფეროში, დაწყებული იაპონიაში იაპონია-საქართველოს მეგობრობის საზოგადოების დაფუძნებიდან (1980 წ.), დამთავრებული - ახალგამოსული წიგნით "საქართველო". კაკო სანის გული იტევს საქართველოსა და ყველა იმ ქართველის სიყვარულს, ვისაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონია იაპონიასთან. ნებისმიერი ქართველი, ვისაც კი ოდესმე უსწავლია ან უცხოვრია იაპონიაში, არათუ იცნობს ქალბატონ ჰიროკოს, არამედ უფროს მეგობრად, მორალურ, სულიერ და, ხშირ შემთხვევაში, მატერიალურ დასაყრდენად აღიქვამს. "მე ზოგჯერ ვწყვეტ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას, - წერს კაკო სანი თავის წერილში "საქართველოს იაპონელი მეგობრები", - რათა იაპონელებს გავაცნო ქართველები და საქართველოს კულტურა, რაც ძალიან მახარებს. ეს მეტი არაფერია, თუ არა ჩემი დიდი სიყვარულის გამოხატვა საქართველოს მიმართ".

ქალბატონ ჰიროკო კაკოს პირადი დამსახურება ჩვენი ხალხების დამეგობრებაში, ორი ერის კულტურულ ურთიერთობაში იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ჩამონათვალიც შორს წაგვიყვანდა, ამიტომ რამდენიმე მოვლენით შემოვიფარგლები: მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და ხელშეწყობით, განხორციელდა იაპონიაში იაპონია-საქართველოს მეგობრობის პირველი საზოგადოების ჩამოყალიბება და "საზოგადოების მოამბის" გამომცემლობის დაარსება; სხვადასხვა დროს, ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, მარჯანიშვილის თეატრის, "სუხიშვილების" ანსამბლის, "რუსთავის", საქართველოს უხუცესთა და მოსწავლეთა ანსამბლების - "მზიურის", "მართვეს", "დოლურისა" და სხვათა გასტროლების ორგანიზება; მსოფლიოში სახელგანთქმული იაპონური "კაბუკის" თეატრის გასტროლები და ქართული ხალხური სიმღერების უბადლოდ შემსრულებელი იაპონური ანსამბლის - "იამაშიროგუმის" გასტროლები ჩვენს ქვეყანაში; საქართველოსა და იაპონიაში გამოფენების მოწყობა; კინოფესტივალებისა და კულტურის დღეების ჩატარება.

კაკო სანი აქტიურად თანამშრომლობს საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ასოციაციასთან; მონაწილეობდა საქართველოში იაპონური ენის შემსწავლელი პირველი ორწლიანი კურსების შექმნაში (1990 წ.): ქალბატონმა ჰიროკომ ამ კურსებზე საკუთარი ხარჯით, თითო წლით, იაპონელი პროფესორები - სეიჩი კიტაგავა და მინორუ მორიტა მოავლინა.

კაკო სანის ღვაწლის ამ მოკლე მიმოხილვის დასასრულს გაცნობებთ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ასოციაციამ და ასოციაციის კოლექტიური წევრის, ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელმა, ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა, ვიშუამდგომლეთ საქართველოს პრეზიდენტთან, რათა კაკო სანისთვის სახელმწიფო ჯილდო მიენიჭებინა, რის შედეგადაც 2010 წლის 21 ივლისს კაკო სანს "ღირსების ორდენი" გადაეცა. ამ მოვლენას მოჰყვა წერილი იაპონიიდან, რომელშიც ქალბატონი ჰიროკო მწერს:

"ბატონო კარლო, როგორ ბრძანდებით?

საქართველოს საელჩოში ჩემი დაჯილდოება მოეწყო. ბატონმა ელჩმა, რევაზ ბეშიძემ გადმომცა ჯილდო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მომანიჭა. ემოციას ვერ ვფარავ ჩემ მიმართ გამოხატული ასეთი პატივისცემის გამო. ეს სიხარული მინდა, გავუზიარო ჩემს ქართველ მეგობრებს. განსაკუთრებულ მადლობას გიხდით თქვენ, რადგან ვიცი, რომ ჩემი დაჯილდოებისთვის დიდი ძალისხმევა გასწიეთ. საუკეთესო სურვილებით, ჰიროკო კაკო".

აუცილებელია, "საქართველოს" რედაქტორი, იასუჰირო კოჯიმაც გაგაცნოთ თუნდაც იმის გამო, რომ ეს კაცი იაპონელთა შორის ყველაზე კარგად ფლობს ქართულ ენას, იცნობს ქართულ ლიტერატურასა და კულტურას. იასუჰირო ჩემი ოჯახის ხშირი სტუმარია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან კოჯიმა ქალბატონი ჰიროკოს მეგობარია და საქართველოში სტუმრობისას მას ყოველთვის თან ახლავს.

იასუჰირო, გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, წიგნების თარგმნასაც მისდევს. სწორედ მან გადათარგმნა იაპონურ ენაზე ქართულიდან: ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", ლაშა თაბუკაშვილის "მშვიდობით, ქალბატონო!", გოდერძი ჩოხელის "დავიწყების მდინარე", ხოლო 2011 წლის გაზაფხულზე იაპონურ ენაზე გამოსცა "ქართული ენის სახელმძღვანელო", რაც ხელს უწყობს იაპონელებს ქართული ენის შესწავლაში. როგორც კაკო სანს, ისე იასუჰირო კოჯიმას დიდი კონტაქტები აქვს თბილისის სკოლასთან "ქართული სასწავლებელი", სადაც იაპონური ენა დაწყებითი კლასებიდანვე ისწავლება. კოჯიმას იაპონურ ენაზე თარგმნილი აქვს სკოლის მოსწავლეების მიერ დაწერილი წიგნი - "დრაკონი", ასევე, ჩვენი თხოვნით, იაპონურ ენაზე თარგმნა ვაჟა-ფშაველას "არჩილური" და აკაკი წერეთლის ლექსი "ოი, ამას ვენაცვალე", რომელიც იაპონელებს შეეხება.

იასუჰიროს ქართველმა მეუღლემ, მედეა გოცირიძემ გამოსცა წიგნი "იაპონური ენა ყველას", რომელზეც იაპონური ენის შესწავლის მსურველებს შორის დიდი მოთხოვნილებაა.

ყოველივე ზემოთ თქმულის შემდეგ მინდა აღვნიშნო, რომ ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის განვითარების საქმეში ბოლო წლებში ბევრმა ქართველმაც შეიტანა წვლილი. გამორჩეულ მაგალითებს წარმოადგენს: ირმა რატიანის წიგნი - "ასი უძველესი იაპონური ლექსი", პაატა ნაცვლიშვილის წიგნი "ნამდვილი ქაღალდის წერო", ნანა გელაშვილის წიგნი "იაპონია საუკუნეთა ლაბირინთებში" და თქვენი მონა-მორჩილის წიგნი "საქართველო-იაპონია - შორსმყოფი ახლობლები".

ამჟამად ვმუშაობ წიგნზე - "იაპონელების საუკუნოვანი ტრადიციები და ადათ-წესები", რომელიც სავარაუდოდ, 2014 წლის დამლევს გამოვა დღის სინათლეზე.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს