აკაკი წერეთლის "პირველი სიყვარული"

აკაკი წერეთლის "პირველი სიყვარული"

ქუთაისი - სავარდო და სამაისო... რიონის მაღალ ნაპირზე შემდგარი ძველი სახლი, სახლის აივანზე - პოეტი აკაკი წერეთელი. განწყობილება - გამოხატულად ამაღლებული, მხიარული. გული კი - თურმე დარდიანი... მგოსნის ფარული დარდის მიზეზს პოეტი, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მურად მთვარელიძე გვიმხელს.

-  ბატონო მურად, ვინ იყო ანიჩკა ნიკოლაძე და რა ადასტურებს მისი და აკაკი წერეთლის სიყვარულს?

-  ანიჩკა ნიკო ნიკოლაძის და იყო. ნიკოლაძეების ოჯახი ქუთაისში ცხოვრობდა. ნიკოს ორი და ჰყავდა, ანასტასია (იგივე ანიჩკა) და კატო. როცა აკაკი ქუთაისში ჩადიოდა, თითქმის ყოველთვის მათთან იდებდა ბინას. დები ნიკოლაძეები მეცენატები და იმდროინდელი ქუთაისის საზოგადოების ნამდვილი კოლორიტები იყვნენ. ეწეოდნენ ლიტერატურულ საქმიანობას, ძირითადად, თარგმნიდნენ. ატარებდნენ ლიტერატურულ მიძღვნით საღამოებს.

-  როგორც ცნობილია, დები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულნი იყვნენ, თუმცა, უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ...

-  მართლაც ნამდვილი ანტიპოდები იყვნენ. კატო ცოტა უკმეხი, წარბშეკრული ქალბატონი გახლდათ. აკაკი მას ჭინჭარს ადარებდა. სრულიად საპირისპირო ბუნება ჰქონდა ანიჩკა ნიკოლაძეს. ის, მთელი თავისი მოღვაწეობით, ცხოვრებით სიკეთის საოცარ მაგალითებს იძლეოდა. კატო ჩართული იყო ქართული თეატრისა და გამომცემლობის საქმიანობაში, მუშებისთვის აწყობდა იაფფასიან წარმოდგენებს, დააარსა და ხელმძღვანელობდა სახალხო უნივერსიტეტს. გასცემდა სტიპენდიებს, ეხმარებოდა ნიჭიერ ახალგაზრდებსა და დევნილებს. აკაკი კატოსთან მეგობრობდა. უფრო ძლიერი გრძნობა აკავშირებდა ანიჩკასთან. პოეტს, თურმე, ყოველთვის მიუხაროდა ქუთაისში. ნიკოლაძეების სახლი კოლორიტულ ადგილას მდებარეობდა, სახლის აივნები რიონს გადაჰყურებდა.

-  რაიმე კონკრეტული "დოკუმენტი" თუ არსებობს, რომლითაც აკაკისა და ანიჩკას სიყვარული დასტურდება?

-  აკაკის ძმის ცოლი, მარიამ ციციშვილი-წერეთელი წერს: "აკაკის, მეგობარ ქალებიდან, მეტად უყვარდა ნიცა წერეთელი, ტასო მაჩაბელი და ანიჩკა ნიკოლაძე. ანიჩკა ნიკოლაძე იყო პოეტის პირველი სიყვარული". აკაკისა და ანიჩკას შორის იყო ძალიან ლირიკული, მაგრამ გაუმჟღავნებელი დამოკიდებულება. როგორც ჩანს, აკაკის ამის შესახებ ხმამაღლა არასოდეს უთქვამს, ამ თემაზე მხოლოდ მინიშნებებით საუბრობდა. როცა აკაკი ანიჩკას, "საიმედო მეგობარს" დაინახავდა, თავისი ლექსის პერიფრაზს ამბობდა: "გულში იფეთქა სიამემ, სევდები უკუვყარეო,/ ია და ვარდი დამჭკნარი, ხელახლად გამიხარეო". კატოს კი ეტყოდა ხოლმე: "ჭინჭარში ნუ ვარდები!" შეთამამებულნი იყვნენ ერთმანეთთან. ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი, რუსუდან ნიკოლაძე მათ სახლში აკაკის სტუმრობას იხსენებს. "ჩვენს სახლში, თეთრი ხიდის სიახლოვეს, რიონის მაღალ ნაპირზე იდგა ბაბუაჩემის ძველი, ხის სახლი მისი მშვენიერი, წყალზე გადამყურე აივნით. ძირს კი, კლდეებზე, აზვირთებული რიონი ეხეთქებოდა. ჩვენ ამ მდინარის ნაპირზე ჩავიდოდით ხოლმე და ველოდებოდით, როდის გაიღებოდა აკაკის ოთახის კარი, აივანზე გამოვიდოდა და მოგვესალმებოდა. მართლაც, როცა ის ადგომას ინებებდა და თმააბურძგნილი აივანზე გამოვიდოდა, ხმამაღლა იტყოდა ხოლმე: გამარჯობა, ქუთაისო! სავარდო და სამაისო!"

-  თავად აკაკის ნაწარმოებებში ან წერილებში თუ არის მოხსენიებული ანიჩკა ნიკოლაძე ისე, რომ ამით ამ ქალბატონის მიმართ მისი გრძნობა მჟღავნდებოდეს?

-  ანიჩკას აკაკი "ჩემს თავგადასავალშიც" იხსენებს: "სასტუმრო ოთახის კარი გაიღო და შიგ ახლადგაშლილმა ვარდმა შემოანათა. პატარა, ხაბარდაკაბიანმა, შავწარბებშეკრულმა ქალბატონმა, რომელმაც მკაცრი, მუნჯი შეკითხვით მიაბჯინა ახლად მოსულს თავისი ვარსკვლავებივით გაბრწყინებული თვალები: აბა, გვაჩვენე, რად გაქცია შენმა გასეირნებამ შორეულ პეტერბურგშიო". ეს იყო ანიჩკა ნიკოლაძე. აკაკი არასოდეს ივიწყებდა დებს. პეტერბურგიდან ის ხშირად ეხმიანებოდა თავისებს, მათ შორის, ანიჩკას. ერთ წერილში საგულისხმო ფრაზას წერს: "ასე მგონია, თუ რაც მიფიქრია და მიგრძვნია, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ, და ან რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ, ყველა იცი-თქო". პოეტი გრძნობდა, რომ ანიჩკას სახით მას მართლაც რომ საიმედო მეგობარი ჰყავდა, რომელიც მის ფიქრებსა და აზრებს უთქმელადაც კარგად იგებდა. 1902 წელს აკაკი ავად გახდა და საჭირო გახდა მისი ქუთაისში ჩაყვანა. პოეტი ნიკოლაძეების ოჯახში დააბინავეს. მას დები ნიკოლაძეები უვლიდნენ. შემდეგ კი, გამოჯანმრთელებული აკაკი დასასვენებლად ბორჯომში წავიდა. ანასტასია ნიკოლაძის არქივში ინახება აკაკის სურათი, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს: "აჰა, სახე მოღრუბლული, უპირბადო, სწორმეტყველი, მისის გრძნობის, ვისიც გული, არს კეთილის განმზრახველი".

-  თუ არის ცნობილი, თავად ანიჩკა ნიკოლაძე თანაუგრძნობდა პოეტს?

-  ანიჩკა გატაცებით უყვარდა პოეტ გიორგი ჭალადიდელს, არაერთი ლექსი აქვს მისთვის მიძღვნილი. თუმცა, ქალი მას არ თანაუგრძნობდა, მისგან მხოლოდ ლექსებს იღებდა და ინახავდა. აკაკის სპეციალურად ანიჩკასთვის შეუკვეთია და შემდეგ მიურთმევია გიშრის საათი, რომელსაც ქალი გულიდან არასოდეს იშორებდა. საათის უკანა მხარეს ლამაზი ქართული შრიფტით ამოჭრილი ყოფილა: "ყრუ - სიმართლისთვის, სიწმინდისთვის - ბრმა,/ წყეულიმც იყოს მისი გულისთქმა". აკაკი მას "თილისმა საათს" უწოდებდა. ჩემი დაკვირვებით, ანიჩკა ფარულად თანაუგრძნობდა აკაკის. თუმცა, ეს სიყვარული ვერ იქნებოდა გამჟღავნებული ბევრი მიზეზის გამო.

-  აკაკის იმ დროს ჰყავდა ცოლი. გარდა ამისა, პოეტი იყო ნიკო ნიკოლაძის ახლო მეგობარი. ეს ორი ფაქტი შესაძლოა, დასახელდეს აკაკისა და ანიჩკას სიყვარულის გაუმჟღავნებლობის მიზეზად?

-  აკაკის ცოლი ჰყავდა და თან არ ჰყავდა, როგორც იცით... მეუღლე არ უყვარდა, თუმცა, ყოველთვის ზრუნავდა ცოლ-შვილზე. გარკვეულწილად, მთელი ცხოვრება გაწამებული ჰქონდა ამ ქალბატონის გამო. უფრო ნიშანდობლივად მეჩვენება, რომ როცა ახალგაზრდა, სიმპათიური აკაკი დაბრუნდა სამშობლოში, თავის ახლობელ ოჯახში აღმოაჩინა მასზე 5 წლით უმცროსი, გარეგნობით ულამაზესი და შინაგანად კიდევ უფრო მშვენიერი ქალბატონი, რომლის მიმართაც გაუჩნდა გრძნობა. ეს გრძნობა, ჩემი აზრით, ძალიან დიდხანს არ გაგრძელდა, თუმცა, დიდ მეგობრობაში გადაიზარდა.

-  ამის ფიქრის საფუძველს მოგვიანებით პოეტის მიერ ტასო მაჩაბლის მიმართ გამოხატული გრძნობები გაძლევთ?

-  დიახ, თავისი სიცოცხლის ბოლო, 90-იანი წლებიდან აკაკის ტასო მაჩაბელი უყვარდა. მართალია, ეს სიყვარული მავანმა ბიწიერებით შებღალა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აკაკის წერილები აღმოაჩინეს, ყველანაირად დადასტურდა, რომ ეს იყო უაღრესად წმინდა, პლატონური სიყვარული. აკაკი, უბრალოდ, შთაგონებული იყო ამ არაჩვეულებრივი ქალბატონით.

-  თუმცა, აკაკის ღრმა მოხუცებულობის პერიოდშიც არ გაუწყვეტია თბილი ურთიერთობა ნიკოლაძეების ოჯახთან...

-  1914 წლის ზაფხულში, როცა ნიკოლაძეები სურამში ისვენებდნენ, უკვე დასნეულებული აკაკი ქვიშხეთიდან სურამში ჩადის მეგობრის მოსანახულებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს I მსოფლიო ომის გამოცხადების დღეები იყო, მისი და ანიჩკას შეხვედრა, თურმე, მაინც "პოეზიით სავსე" ყოფილა. პოეტური იყო "70 და 75 წლის ორი სპეტაკი მოხუცის შეხვედრა, ანიჩკას ზრუნვა უკვე ძალიან მოტეხილ მეგობარზე, მათი ბაასი". "აკაკიმ ბოლომდე ატარა ამ ქალის სიყვარული უდიდესი შინაგანი თრთოლით. ანიჩკა იყო მისი სატრფო ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით, სატრფო ახლობელი და შორეული. ეს იყო ჩერნიშევსკისებური მეგობრობა რჩეული ბუნების, გულის და გონების ქალთან, სიყვარულით სავსე, პატივისცემით აღბეჭდილი. თვით ანიჩკამ კი, შეიძლება თამამად ითქვას, მთელი თავისი გული და პირადი ცხოვრება შესწირა ამ მეგობრობას, აკაკის ჩანგსა და პიროვნებას და შესწირა მისებურად, სრულად და უნაშთოდ... და ისე ჩუმად და ისე გულჩათხრობილად, რომ ეს არავის სცოდნია დანამდვილებით, გარდა მისი და თვით აკაკისა". როდესაც ანიჩკა გარდაიცვალა, მის სასთუმალთან გიორგი ჭალადიდელისა და აკაკის წერილები და ლექსები იპოვეს. როგორც ჩანს, უკვე მოხუცებული ქალბატონი იმით საზრდოობდა, რომ ასეთი დიდი პოეტის ერთ-ერთი პირველი მეგობარი გახლდათ. ამ მეგობრობის მიღმა, ფაქტია, იდგა ფარული გრძნობა, რომლის შესახებაც მხოლოდ ამ ორმა ადამიანმა იცოდა.

-  დები ნიკოლაძეები, როგორც ცნობილია, არ გათხოვილან...

-  დიახ, ორივე და გაუთხოვარი დარჩა, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ცხოვრობდნენ სისხლსავსე ლიტერატურული ცხოვრებით. უკვე გითხარით, რომ უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ. სიმბოლურია, რომ თითქმის ერთ დღეს, მოხუცებულობის ასაკში გარდაიცვალნენ.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს