ქართული ანბანი - მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი

ქართული ანბანი - მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი

მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული, ინდოეთშია დამზადებული. მისი ჩანაცვლების შესაძლებლობა გამომცემლობა "მინიატურას" მიერ "შეკერილ" ორმილიმეტრიან ქართულ ანბანს გაუჩნდა. ინდოეთში დამზადებული წიგნისგან განსხვავებით, ქართული ანბანი ხელნაკეთია... საკუთარი "ნახელავის" შესახებ წიგნის ერთ-ერთი შემქმნელი, ქეთი ლაზარაშვილი მოგვითხრობს...

- დაახლოებით 2 წლის წინ დავინტერესდი, რომელი იყო მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი. აღმოვაჩინე, რომ ის ინდოეთშია დამზადებული და მისი ზომებია: 5 მმ X 5 მმ-ზე. საქართველოში მინიატიურულ წიგნებს სულ სამი ადამიანი ვკერავთ, მათ შორის - მე და ჩემი მეუღლე. დავიწყეთ ფიქრი, როგორ დაგვეძლია ეს რეკორდი. ამას ძალიან ბევრი წვალება უნდა, მუშაობის პროცესში რამდენიმე ათეული წიგნი გაგვიფუჭდა - შიგთავსი იკერებოდა, ყდას ვერ ვამთხვევდით. მასალაზეც შეგვექმნა პრობლემა - ფურცლები ძალიან თხელი უნდა ყოფილიყო, რომ წიგნი პატარა გამოსულიყო. ვაპირებდით, 3 მმ X 5 მმ ზომის წიგნი შეგვეკერა და არსებული რეკორდი ოდნავ მაინც დაგვეძლია. წვალებ-წვალებაში ბევრად პატარა წიგნი გამოგვივიდა - წიგნის ზომა 2 მმ X 2მმ-ზეა. თანაც, ინდოეთში დამზადებული წიგნისგან განსხვავებით, ჩვენი წიგნი ხელნაკეთია. გარედან ტყავია, ფურცლები კი ჩვეულებრივი ტონირებული ქაღალდისაა.

- გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად, როგორც ვიცი, 2 მმ-იან ქართულ ანბანს მხოლოდ ერთი ეტაპი დარჩა გადასალახი...

- წიგნის მონაცემები საზღვარგარეთ დაახლოებით 2 თვის წინ გავგზავნეთ. მათგან მოგვდიოდა უამრავი წერილი უამრავი შეკითხვით. თავდაპირველად გვეკითხებოდნენ: შემთხვევით, ზომები ხომ არ შეგეშალათო? გვწერდნენ, რომ შეუძლებელია, ადამიანის ხელმა ასეთი პაწაწინა წიგნი შექმნას, რადგან არის ზღვარი, რომლის ქვემოთაც ადამიანური რესურსი უძლურიაო. ბუნებრივია, ყველა მათ კითხვაზე პასუხი გაგვაჩნდა და შედეგად, მივიღეთ სერტიფიკატი, რომლის მიხედვითაც, პირველი ეტაპი გადავლახეთ. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ეს, ფაქტობრივად, დამამთავრებელი ეტაპია. ორი არჩევანი გვაქვს: თუ ჩვენ გადავიხდით 7.000 აშშ დოლარს, გინესის კომისია საქართველოში ჩამოვა და წიგნს ადგილზე ნახავს, შეისწავლის; მეორე ვარიანტის მიხედვით, უნდა დავაკმაყოფილოთ ყველა ის მოთხოვნა, რაც მათ აქვთ დადგენილი, მათ შორის - წიგნი უნდა იყოს გამოცემული 101 ტირაჟით, შესრულებული მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე და უნდა ახლდეს რამდენიმე ადამიანის ნოტარიუსით დამოწმებული თანხმობა, რომ ეს წიგნი ნამდვილად იხილეს. ჩვენ დავაკმაყოფილებთ ყველა ამ მოთხოვნას, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ დროსა და რესურსებს მოითხოვს, ვიდრე კომისიის ჩამოსვლას დასჭირდება. ამჟამად ვაპირებ კულტურის სამინისტროს მივმართო თხოვნით, დაგვეხმაროს. ვფიქრობ, ეს ფაქტი მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანისთვის. ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნი იქნება ქართული და უფრო მეტიც - ეს იქნება ქართული ანბანი.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს