აკაკი წერეთლის სხარტი გამონათქვამები და ხალასი იუმორის ნაკვესები, იმერეთში გადმოცემით დღესაც იციან. საოცარია, მაგრამ თურმე, ამ ხალისიან პოეტს არაერთხელ გადაუწყვეტია თავის მოკვლა... მიზეზი სხვადასხვაგვარი გახლდათ - მძიმე მატერიალური პირობები, საზოგადოების დამოკიდებულება... ცხოვრებისაკენ აკაკი წერეთელი არაერთგზის შემოუბრუნებიათ თავისივე გულითად მეგობრებს, მათ შორის, ტასო ბაგრატიონ-დავითაშვილს (შემდგომში - მაჩაბელს)... დიდი მეგობრობა უკვე ხანში შესულ პოეტს "უკანასკნელ სიყვარულად" ჰქცევია... პოეტი, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მურად მთვარელიძე აკაკის გაუმხელელი და უპასუხო სიყვარულის შესახებ საუბრობს:
- ტასო მაჩაბელს გამორჩეულად ღირსეული მშობლები ჰყავდა. ბაგრატიონ-დავითაშვილები საქართველოს სამეფო დინასტიის გვერდითი შტოს წარმომადგენლები იყვნენ. ეს ერთ-ერთი უძლიერესი ოჯახი გახლდათ თავისი არა მხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობებით - ოჯახი კულტურისადმი საოცარი დამოკიდებულებითაც გამოირჩეოდა. ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის მეუღლე, დარია, ერეკლე მეფის შთამომავალი გახლდათ. ამ ოჯახში დაიბადა ტასო ბაგრატიონ-დავითაშვილი. ოჯახს 5 შვილი ჰყავდა. ნიცა ტიციან ტაბიძის პოეტური მუზის, თამუნია წერეთლის დედა იყო. ბაბო, საოცრად საინტერესო ქალბატონი, პეტერბურგში ცხოვრობდა და პეტერბურგის სალონების ერთ-ერთ მშვენებას წარმოადგენდა. დავითი განსაკუთრებულად მეგობრობდა აკაკი წერეთელთან. 1885 წლიდან ნიცა ცოლად ბეჟან წერეთელმა, აკაკის ძალიან ახლო მეგობარმა შეირთო. ტასო მაშინ 15-16 წლის იქნებოდა. ტასო აკაკიზე 29 წლით უმცროსი იყო. აქედან იწყება აკაკისა და ტასოს ნაცნობობა. აკაკი განსაკუთრებულად დაუმეგობრდა ნიცას. 1891 წელს ტასო ცოლად ვანო მაჩაბელს გაჰყვა. აკაკი ვანო მაჩაბლის ახლო მეგობარი და თანამოაზრე გახლდათ. მოგეხსენებათ, აკაკის თბილისში ბინა არ ჰქონდა, დედაქალაქში ჩამოსვლისას მეგობრებთან ან სასტუმროში რჩებოდა. ერთ-ერთი მისთვის საყვარელი ადგილი ამ დროს მაჩაბლების ოჯახი იყო.
- როგორც ცნობილია, იმ ღამესაც, როცა ივანე მაჩაბელი გაუჩინარდა, ოჯახს აკაკი სტუმრობდა. ამ ფაქტმა ბევრი ბინძური ჭორი წარმოშვა...
- ასე იყო. საღამოს მეგობრებმა ნარდი ითამაშეს და დასაძინებლად ცალ-ცალკე ოთახში წავიდნენ. აკაკი იხსენებს, გულისცემამ გამაღვიძა, თუმცა, არაფრის ხმა არ გამიგონიაო. დილით, ტასოსა და აკაკის ვანოს საწოლი ცარიელი დახვდათ, მისი პირადი ნივთები მაგიდაზე იყო. ტასოს მაშინვე საგანგაშოდ ენიშნა ეს ამბავი. ძებნა დაიწყეს...
- ძებნა დაიწყეს, მაგრამ არათუ ივანე მაჩაბელი იპოვეს, არამედ დღემდე გამოკვეთილი ვერსიაც კი არ არსებობს მისი გაუჩინარების შესახებ. ბინძური ჭორები ვახსენე... რით დასტურდება აკაკის უდანაშაულობა?
- ხალხში გავრცელებული ეს საშინელი ცილისწამება, რასაკვირველია, გაუგონარი ტყუილი გახლავთ. ეს ფაქტი საბოლოოდ აკაკის 50 ტაბუდადებული წერილის გახსნის შემდეგ დადასტურდა. წერილები მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 100 წლის შემდეგ გაიხსნა. მათი გახსნის შემდეგ რამდენიმე ცნობილი ადამიანი წერდა, სულიერად დავისვენეთო.
- ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ივანე მაჩაბელი თითქოს, საკუთარ აკრძალულ სიყვარულს შეეწირა... მაკო საფაროვას ვგულისხმობ...
- ნამდვილად იყო ეს ვერსია. მაკო, ფაქტობრივად, ვანოს პირველი ცოლი იყო. თუმცა, მხოლოდ ვერსიების დონეზე შეიძლება ითქვას, რომ მაკოსა და ვანოს რომანი ტასოს ცოლად შერთვის შემდეგაც გრძელდებოდა. სხვათა შორის, ვანოს ტასომდე რომანი ჰქონდა ლიზა ქართველიშვილთან, რომელსაც მისგან ვაჟი შეეძინა. ტასოს სამხედრო პირზე, პოლკოვნიკ არჯევანიძეზე ათხოვებდნენ. ვანო სწორედ იმ ვახშამს დაესწრო, სადაც ტასოსა და არჯევანიძეს ერთმანეთი უნდა გაეცნოთ, თუმცა, მოხდა ისე, რომ სასიძოს როლში ვანო მაჩაბელი აღმოჩნდა.
- ამ წერილებში აკაკის უკანასკნელი სიყვარულის შესახებაცაა რაიმე ცნობა?
- ამ ნაწერმა ნათელი მოჰფინა აკაკის ტასოსადმი გრძნობას. ამ პლატონური სიყვარულის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, გარდა ტასოსი. როცა ტასომ ამის შესახებ გაიგო, განრისხდა, როგორც ჩანს, შეურაცხყოფად მიიღო. ერთხანს, ისინი ძალიან გაუცხოვდნენ. თუმცა, მათ შორის მეგობრობა მაინც არ შეწყვეტილა. ტასო და მისი ოჯახი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აკაკის დაულაგებელ და ტკივილით სავსე ცხოვრებაში. მოდი, პოეტის გრძნობების შესახებ თავად მისი წერილებიდან გავიგოთ: "20 წლის განმავლობაში მე შენ მიყვარდი... ასეთის აღტაცებით და აღფრთოვანებით, როგორაც შესაძლოა მხოლოდ რჩეულთათვის. გეტრფოდი სრულის ჩემის არსებით, შენ იყავ ჩემი ზეშთამაგონებელი, ჩემი აღმგზნებელი პოეზიაცა და სიცოცხლეც, უშენოდ ქვეყანა ვეღარ წარმომედგინა. დიდხანს ვიმარხავდი საიდუმლოდ, როგორც წმინდა ლოცვას... თურმე, ჩემი არამკითხე მისწრაფებით სასაცილო ვყოფილვარ და თანაგრძნობის გულგრილობაც გამომიწვევია თქვენის მხრით... მაპატივეთ, ნათქვამია, ვისაც მეტად უყვარს, ბევრიც ეპატიებაო, მაპატივეთ, დღეიდან თვით მკვდრათაც მიგულეთ, რომ მხსენებელმაც კი ჩრდილი არ მიაყენოს თქვენს ნათელმოსილ ნეტარებას. მშვიდობით სამარადისოდ... გულთამხილავო, შენ ხარ მოწამე, რომ მე არც არა მცოდნია რა და არც არა ბრალი მდებია და მაშ, რისთვის და რად გადამხდა სამაგიერო სრულიად უცოდველს?! ძლევამოსილის მედიდურობით მითხრა - ძალით გრძნობის გამოწვევა არ შეიძლებაო. დავდუმდი. მაგრამ მისი შეუბრალებელი სახე, მაინც კიდე დაცინვა მეუბნებოდა: წადი, მომშორდი! გამოირკვა ყოლიფერი, საორჭოფო აღარა დარჩენილა რა და ამიერიდან ჩემთვისაც ყოველივე გათავდა".
- აკაკიმ ტასოს რამდენიმე ლექსი მიუძღვნა. მათში თუ იგრძნობა პოეტის განსხვავებული დამოკიდებულება?
- აკაკის ლექსები ტასოსადმი არ გამოირჩევა შესამჩნევი ინტიმურობით. თუმცა, შემდეგი სტრიქონების მიხედვით, უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ავტორი შეყვარებულია: "მირისხდები, როგორ ბედავ ჩემთვის მაგგვარ სიტყვის თქმასო,/ მე კი ვცდილობ, მაგრამ რა ვქნა, რომ წასცდება ენას "ტასო".
- გამოდის, ტასო აკაკის არასოდეს თანაუგრძნობდა...
- ამ კითხვაზე პასუხს ტასოსთან აკაკის გარდაცვალების შემდეგ ჩაწერილი ინტერვიუს საშუალებით გაგცემთ. ილია ზურაბაშვილი ტასოს ეკითხება, იყო თუ არა რაიმე ინტიმური კავშირი მასა და აკაკის შორის. ტასო პასუხობს: "თქვენ არ დაიჯერებთ და არასოდეს ამაზე არ დავფიქრებულვარ, მაშინაც კი, როცა ჩემს ყურამდე აღწევდა მითქმა-მოთქმა ჩვენს ურთიერთობაზე. ეს არც შემეძლო. არ შემეძლო იმიტომ, რომ თავიდანვე ჩვენს შორის ისეთი დამოკიდებულება დამყარდა, რომ მისი ინტიმურ სიახლოვედ გარდაქმნა წარმოუდგენელი იყო. აკაკი იმ დროს გავიცანი, როცა ინსტიტუტს ის იყო ვამთავრებდი. აკაკი ჩვენი ოჯახის მეგობარი იყო, ჩვენს შორის 30 წლის მანძილი იდვა. მალე გავთხოვდი. აკაკი დიდი მეგობარი იყო ჩემი ქმრისა, მისი თანამოზიარე საზოგადო საქმეებში. თქვენ დამეთანხმებით, რომ აქაც არავითარი საბაბი არ იყო, რათა ჩემი თაყვანისცემა და მეგობრული განწყობილება აკაკისადმი სხვა გრძნობად გარდაქმნილიყო, ვინაიდან ღირსეულ ადამიანს მივთხოვდი სიყვარულით და სიყვარულითვე შემირთო მან. მით უფრო, რომ მალე დავშვილიანდი. შვიდი წლის შემდეგ დავქვრივდი. აკაკი კვლავ განაგრძობდა როგორც ქმრის დროს, ჩემი ოჯახის მეგობრობას და პირადად ჩემს მეგობრობას. იგი გაგრძელდა მის სიკვდილამდე. ჩემი ქვრივობის პირველ წლებში ისე უბედურად ვგრძნობდი თავს, რომ მეტისმეტად თავზე ხელაღებული ადამიანიც ვერ გაივლებდა აზრად ჩემს მონადირებას, მით უფრო, აკაკი, რომელიც აშკარად ხედავდა ჩემს სასოწარკვეთილებას და არ იკისრებდა ჩემს შეურაცხყოფას... მაგრამ როგორ დავწამო ან ჩემს თავს, ან აკაკის ის, რაც არ ყოფილა. ჩვენი მახლობლობა მეგობრობის კავშირს არ გასცილებია..." შემდეგ კითხვაზე, გრძნობდა თუ არა აკაკის სიყვარულს მისადმი, ტასო პასუხობს: "მე მგონია, რომ აკაკის ყოველთვის უყვარდა ვინმე, ან ეგონა, რომ უყვარს. მე არ ვგულისხმობ, უბრალოდ, მამაკაცურ ჟინს, არა, ეს სიყვარული სულ სხვანაირი იყო. თუ გინდა, მხატვრული სიყვარული, რაც თითქმის მის შემოქმედებას ანაყოფიერებდა. აკაკის მხოლოდ ერთადერთი სატრფო ჰყავდა, იგი უყვარდა წარუხოცელი და მგზნებარე სიყვარულით. ღვთის წინაშე, ეს იყო საქართველო, ისიც წარსულში უფრო, ვიდრე აწმყოში... იცით ისიც, რომ თუ მრავალი არა, ბევრი უგულითადესი მეგობარი მყავდა ჩვენს საზოგადოებაში, ჩემი და აკაკის მეგობრობა თითქმის ყბადაღებული გახდა. რატომ - იკითხავთ თქვენ. იმიტომ, რომ აქ აკაკი იყო. მაგრამ ნუთუ იმის გულისთვის, თუ რას ამბობდნენ თავადები - პეტრე და ივანე, ან კნეინები - ბარბარე და სოფიო, მე მეგობრული კავშირი უნდა გამეწყვიტა იმისთანა კაცთან, როგორიც აკაკი იყო?!" დამეთანხმებით, ესეც თავგანწირვის ერთ-ერთი საოცარი სახეა. ეს ის შემთხვევა გახლავთ, როცა ადამიანი საზოგადოებაზე მაღლა დგება, რადგან დარწმუნებულია, რომ მართალია მის წინაშე და რაც მთავარია, პოეტის, დიდი ადამიანის წინაშე. ტასომ თავისი მზრუნველობით არაერთგზის გაუთბო გული და ცხოვრებისკენ შემოაბრუნა აკაკი. მე ვფიქრობ, ეს იყო დიდი მეგობრობით დაწყებული ურთიერთობა, რომელიც, საბოლოოდ, დიდ სიყვარულში გადაეზარდა აკაკის. ეს იყო აკაკისთვის უკანასკნელი სიყვარული, რომელიც მას ცხოვრების დაისზე შეხვდა. აკაკიმ იცოდა, რომ პასუხს ვერ მიიღებდა. იცით, აკაკის წნევამ დაუარა და დამბლა დაეცა. იმის თქმა მსურს, რომ თუნდაც მისი ფიზიკური შესაძლებლობები არ იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ამ ორი ადამიანის მეგობრობაში ბიწიერება ვეძებოთ. ზოგადად, ჩვენ, საზოგადოებას, გვიჭირს ხოლმე უფრო ღრმა შეფასება და მხოლოდ იმით ვკმაყოფილდებით, რაც ზედაპირზეა... გვიჭირს სულიერი განშტოებების აღქმა. და რაც სულიერია, იქ ბიწიერება არ არის!
- აკაკის ყურამდე თუ აღწევდა ბინძური ჭორები?
- რა თქმა უნდა. აკაკის ცხოვრების რთული პერიოდი ხშირად ჰქონდა, სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენჯერმე თავის მოკვლაც კი გადაწყვიტა. მას მოუგვარებელი ჰქონდა ეკონომიკური მხარე, განიცდიდა საზოგადოების არასწორ დამოკიდებულებას. რთული და აწეწილი ცხოვრება ჰქონდა აკაკი წერეთელს...
შორენა ლაბაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)