რატომ უწოდა ჭაბუა ამირეჯიბმა საკუთარ თავს ერთადერთი ''ხეპრე'' გვარში

რატომ უწოდა ჭაბუა ამირეჯიბმა საკუთარ თავს ერთადერთი ''ხეპრე'' გვარში

2013 წლის 17 დეკემბერს მთაწმინდის პანთეონში ჭაბუა ამირეჯიბი დაკრძალეს. მისი რომანის, "დათა თუთაშხიას" მთავარი პერსონაჟი მთელმა საქართველომ გააიგივა იმ როლთან, რომელიც ოთარ მეღვინეთუხუცესმა განასახიერა რეჟისორების გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას შვიდსერიიან ფილმში "დათა თუთაშხია". წელს ჯერ ოთარ მეღვინეთუხუცესი წავიდა ამ ქვეყნიდან, შემდეგ - გიგა ლირთქიფანიძე, ახლა ამ ნაწარმოების ავტორი...

ჯაბუა ამირეჯიბის სიცოცხლეში მკითხველს საშუალება მიეცა, მწერლის ავტოინტერვიუს გასცნობოდა.

"თბილისში დავიბადე. თოთხმეტ-ნახევარ გირვანქას ვიწონიდი, ანუ ექვს კილოგრამს... აღნაგობის მიხედვით, შეიძლებოდა ფიქრი, რომ მძიმე წონის სპორტსმენი გავხდებოდი, მაგრამ შტანგისტობა თუ მოკრივეობა არ მეწერა, კალათბურთი ვარჩიე და შემდგომში პროფესიულ პატიმარ-მარბენლად ჩამოვყალიბდი, მაგრამ ამაზე - მერე იყოს", - ასე იწყებდა საუბარს ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი, მოგვიანებით ბერად აღკვეცილი - ბერი დავითი...

ბავშვობიდან ლექსებსა და მოთხრობებს წერდა, მაგრამ ოცი წლიდან ორმოცამდე, ანუ ბანაკებში გატარებულ პერიოდში დაწერილიდან ცოტა რამ გადარჩა.

რასაც წერდა, იქვე ართმევდნენ და ანადგურებდნენ, ამიტომ სერიოზული ლიტერატურული მოღვაწეობა პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო. პირველი მოთხრობა "რატომ არ დამაცადე" 1960 წელს "მნათობში" გამოაქვეყნა. 1973-1975 წლებშია შექმნილი მისი ყველაზე ცნობილი რომანი "დათა თუთაშხია", რომელმაც მზის შუქი ჯერ ჟურნალ ''ცისკრის'' ფურცლების საშუალებით იხილა.

იმხანად ჯანსუღ ჩარკვიანი ''ცისკრის'' მთავარი რედაქტორი გახლდათ და რედკოლეგიასთან ერთად ითავა ''დათა თუთაშხიას'' ბეჭდვა. ჟურნალი თვეში ერთხელ გამოდიოდა და მთელი საქართველო ელოდა მორიგ ნომერს, რომ რომანის ახალი თავი წაეკითხა. "დათა თუთაშხიას" ბეჭდვის პირველ ეტაპზე გამომცემლებს უსიამოვნებები შეხვდათ, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგან ჟურნალში გამოჩენის პირველივე ნომრიდან "დათა თუთაშხია" თითოეული ქართველის განუყოფელი ნაწილი გახდა...

ჭაბუა ამირეჯიბი მრავალი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილის ავტორი გახლდათ, წერდა სცენარებს, სტატიებს კინემატოგრაფიის საკითხებზე. 1984-1994 წლებში "გორა მბორგალი" იქმნებოდა, ხოლო "გიორგი ბრწყინვალე" 2003 წლს გამოიცა. ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებები გამოქვეყნებულია მსოფლიოს ოცდაათამდე ენაზე.

ავტოინტერვიუში, რომელიც ზევით ვახსენეთ, მწერალი მკითხველს თავის "ლაბორატორიაშიც" ახედებდა:

"ვწერ ნელა და ძნელად, მაგრამ სადა, ადვილი ენით, შესაძლებლობისდა მიხედვით - გასაგებად რთულსა და ხელუხლებელ თემებზე. ვიწყებ წერას მხოლოდ მას მერე, როცა წიგნს მთლიანად დავინახავ და იმ ნაწყვეტით, რომელიც იმ მომენტში მეხასიათება. გადავდებ და წავიკითხავ მხოლოდ ორიოდ კვირის შემდეგ. ან "ჭკუაზე მოვიყვან", ან კალათაში ჩავყრი. გამოვტყდები, უარყოფა იშვიათად ხდება. ხელნაწერს არავის ვუმალავ. ყოველთვის მაინტერესებს სხვათა აზრი, ამა თუ იმ მცირე ნაჭრის გამოც კი.

როგორც ვთქვი, განწყობილების მიხედვით ვწერ წიგნის ნაწილებს. ეს შესაძლოა, ფინალიც იყოს. როცა ეს ნაწყვეტები დაწერილია, აი, მაშინ იწყება ყველაზე რთული სამუშაო - კომპოზიცია, ანუ ამ ნაჭრების ერთ წიგნად შეკვრა, მუშაობა მასალის სწორ განლაგებაზე, ერთობლიობად ქცევა".

ჭაბუა ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. დედა, მარიამ ნაკაშიძე, ქალთა უმაღლეს კურსებდამთავრებული, პედაგოგი, პირდაპირი შთამომავალი იყო აფხაზეთის, სამეგრელოსა და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეების, დადიანების, გურიელებისა და მიქელაძეებისა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს