"ჰემინგუეი ამბობდა, კიკის ინგლისის დედოფალ ვიქტორიაზე მეტი გავლენა ჰქონდაო"

"ჰემინგუეი ამბობდა, კიკის ინგლისის დედოფალ ვიქტორიაზე მეტი გავლენა ჰქონდაო"

1925 წელი, მონპარნასის სახელგანთქმული საცეკვაო დარბაზი "ბულიე"... ფართო კიბეზე აუჩქარებლად და გამომწვევად ეშვება კიკი, თითოეულ საფეხურზე კოსტიუმის ნაწილს ტოვებს. საფეხურები სრულდება - კიკიც დედიშობილაა, მხოლოდ სირაქლემის ბუმბულის დიადემა ამშვენებს.

კიკი მონპარნასის ლეგენდა იყო. ერნესტ ჰემინგუეი ამბობდა, კიკის ინგლისის დედოფალ ვიქტორიაზე მეტი გავლენა ჰქონდაო...

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მონპარნასში 20-იანი წლების ოქროს ეპოქა დადგა. საყვარელ გასართობად კაბარე იქცა...

კიკი ბურგუნდიაში 1901 წელს სტამბის მუშისა და მენახშირის ოჯახში დაიბადა. სინამდვილეში ალისა ერქვა და დედის გვარს - პრენს ატარებდა, რადგან მამის გახსენებაც არ სურდა - კიკის ყველა და-ძმა უკანონო ქორწინების ნაყოფი და სხვადასხვა მამის შვილები იყვნენ. 12 წლისა უკვე მუშაობდა, ჯერ სტამბაში, შემდეგ პურს აცხობდა... ერთ დღეს კი ყველაფერი მოჰბეზრდა და მენატურედ იქცა - 16 წლისა მამაკაცების წინაშე გაშიშვლდა. მისი საყვარელი ქალს სცემდა და მეძაობას აიძულებდა. თუმცა კიკის სხეული ფულზე არ გაუყიდია. მხოლოდ ერთხელ, ისიც იმიტომ, რომ საყვარელთან უფულოდ დაბრუნების შეეშინდა, ვიღაც საზიზღარი მოხუცის წინ 3 ფრანკად მხოლოდ მკერდი მოიშიშვლა.

პირველ გამონათებად პოლონელ მხატვარ მორის მენჟინსკისთან რომანი იქცა.

"მდიდრები არ ვიყავით, - იხსენებდა კიკი, - თუმცა, არც გვშიოდა. მერე რა, რომ სამი ნომრით დიდი ფეხსაცმელი მეცვა".

ერთხელ კიკი ენაბილწმა მოიშე კისლინგმა შენიშნა და იკითხა: "ვინ არის ეს ახალი კახპა?" იმავე საღამოს კიკი უკვე მხატვარს პოზირებდა. შემდეგ იყო სეანსები ცუგუჰარუ ფუძიტასთან, მოდილიანისთან, სუტინთან, პიკასოსთან - მონპარნასის ყველა ცნობილ მხატვართან. კიკი პარიზის პირველ მენატურედ იქცა. სილამაზით არ ბრწყინავდა, სამაგიეროდ, მხიარული და ლაღი იყო. კისლინგი ხარხარებდა, როცა ქალი მოლბერტთან ოპერის მომღერლებს ჰბაძავდა. შესაძლოა, კაბარეს მომღერლობაც მაშინ მოუვიდა აზრად...

1921 წელს მონპარნასზე ორი მეგობარი დასახლდა - ფოტოგრაფი, მხატვარი და კინემატოგრაფი მან რეი და მხატვარი-დადაისტი მარსელ დიუშანი (სწორედ ის, თავის დროზე "ჯოკონდას" ულვაშები რომ მიახატა და გადმოპირქვავებული უნიტაზი წარწერით "შადრევანი" გამოფინა).

მან რეისა და კიკის რომანი მათი დიდების დასაწყისად იქცა: კიკი მისი ფოტოექსპერიმენტების (რეი რეიოგრაფიებს ეძახდა) მთავარი მოდელი გახდა. 1924 წელს რეიმ ფოტოხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სურათი შექმნა - კიკის კოლაჟური გამოსახულება სიურრეალისტური სახელწოდებით "ენგრის ვიოლინო".

მონპარნასელები კინოშიც პირველი ექსპერიმენტატორები იყვნენ და კიკი ეკრანის ერთ-ერთ პირველ ვარსკვლავად იქცა. წინასწარ დაწერილი სცენარის გარეშე გადაიღეს ფილმი, სადაც კადრები ობიექტთა რიტმული შეხამებით დაამონტაჟეს. კადრებში კრთებოდა კიკის თვალები და ბაგე, ღვინის ბოთლებს გეომეტრიული ფიგურები ცვლიდა, ავეჯი დახტოდა და მარიონეტივით იგრიხებოდა ჩარლი ჩაპლინი. პოსტერი ფილმიდან "ზღვის ვარსკვლავი", სადაც კიკის კბილებით ვარდი უჭირავს, 300.000-იანი ტირაჟით გაიყიდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს