"დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე" - Time-ს სერიის პირველი წიგნის პრეზენტაცია

"დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე" - Time-ს სერიის პირველი წიგნის პრეზენტაცია

Time-ს სერიის პირველი წიგნის "დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე" პრეზენტაცია გუშინ სასტუმრო ”თბილისში მარიოტში” გაიმართა. პროექტი გამომცემლობა "პალიტრა L"-ს ეკუთვნის. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ჟურნალ Time-ს უნიკალური ფოტოები.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა, ნინო დეკანოსიძემ აღნიშნა, გასულ წელს Time-ს პირველი ნომრის გამოსვლიდან 90 წელი შესრულდა. მისივე თქმით, გამომცემლობა "პალიტრა L"-ს სურდა, განსაკუთრებულ და სიმბოლურ პროექტზე ემუშავა.

"მოვიძიეთ ასეთი პროექტი, როგორიც აღმოჩნდა "Time". "Time"-ს მესვეურებმა ასი წლის ისტორია 16 წიგნად შეადგინეს. მთელი მე-20 საუკუნის ისტორია, რაც იწერებოდა ჟურნალ Time-ში ამოკრიფეს, საუკეთესო სტატიები, საუკეთესო მასალები დაყვეს თემატურად, დაალაგეს და გამოსცეს. სწორედ ამ 16 წიგნს ქართულ ენაზე ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს", - აღნიშნა ნინო დეკანოსიძემ.

პრეზენტაციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ. ეროვნული ბიბლიოთეკის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კეკელიძის თქმით, თუ რომელიმე გამოცემას შეიძლება ვუწოდოთ ობიექტური, მათ შორის არის Time. "ვფიქრობ, ეს იყო აუცილებელი პროექტი, ვულოცავ მკითხველს, რომ ეს პროექტი დაიწყო. ინტერესით ველოდებით სხვა გამოცემებსაც", - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა. "ეს არის ჩვენი უახლესი წარსულის ისტორია. ჩვენ რომ გავითვალისწინოთ პირველი და მეორე მსოფლიო ომის გამოცდილება, ასევე, დიდი დეპრესიების გამოცდილება, რომელიც ამ საუკუნეს ახლდა, 21-ე საუკუნეში გაცილებით უკეთ ვიცხოვრებთ", - აღნიშნა გოგა ჩანადირმა.

16 ტომი მსოფლიო მოვლენებსა და პიროვნებებზე დაწერილ წერილებსა და ფოტოსურათებს აერთიანებს. წარმოდგენილი მასალა ეპოქალური მოვლენების თვითმხილველი ადამიანების მიერ ცხელ კვალზეა მოპოვებული. გამოცემაში შესულია ფაქტები, პლაკატები, კარიკატურები, კინემატოგრაფი, ინტერვიუები ეპოქის მნიშვნელოვან ფიგურებთან ლეგენდარულ ჟურნალ Time-დან.

პრეზენტაციაზე Time-ის სერიის პირველი წიგნი აქციის ფასად, 7 ლარად გაიყიდა. ყოველი ახალი ტომი თვეში ორჯერ გამოიცემა და გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გავრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს