კახი კალაძის ყველაზე დიდი კრიტიკოსი მისი მეუღლეა

კახი კალაძის ყველაზე დიდი კრიტიკოსი მისი მეუღლეა

მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა კახი კალაძემ პოლიტიკაში გადაინაცვლა, ანუკა არეშიძე მეუღლეს იშვიათად ხედავს, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი ქმარი მნიშვნელოვან საქმეს არის შეჭიდებული და კიდევ რომ გაგრძელდეს ასეთი რეჟიმი, ხმას არ ამოიღებს. მზად არის, პოლიტიკოსის მეორე ნახევრის იმიჯი მოირგოს და მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ქალს ყოველთვის დიდი როლი აქვს. ანუკისთან ლაპარაკი ბოლოდროინდელი მოვლენებით დავიწყეთ...

- პატიმრების წამების კადრები უკვე ორ კვირაზე მეტია, ყველაზე აქტუალური თემაა საქართველოში. გვითხარი შენი აზრი...

- ბოლომდე ვერც ვუყურე კადრებს. მყავს ორი ძმა, მამა, მეუღლე და ორი შვილი. წარმოვიდგინე, რომ ეს ყველაფერი ჩემს ოჯახსაც ეხებოდა. ეს ქვეყნის პრობლემაა. დამირეკეს იტალიიდან და მეკითხებოდნენ, თქვენთან რა ხდებაო. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა განაცხადა, ასეთი რამ ყველა ქვეყანაში ხდებაო, ჩემი იტალიელი მეგობარი გაოგნებული იყო... დადგება დრო, როცა ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. ამ პატიმრებს, ციხიდან რომ გამოვლენ, აუცილებლად დასჭირდებათ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. მეორე მხრივ, არ მივესალმები იმას, რომ აგრესიას აგრესიითვე უნდა გასცე პასუხი. მესმის მათი, ვინც გაბრაზებულია ამ ფაქტის გამო, მაგრამ... კახი განადგურებული იყო. ბიჭები მეუბნებოდნენ, მისი ძმა, ლევანი რომ გაიტაცეს, მაშინ იყო ზუსტად ასეო. ჩემ გარშემო ყველა ასეა. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამის გამართლებას და ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობენ, აქ არ ვგულისხმობ მათ პოლიტიკურ პოზიციას, აგურს დებენ იმ საქმეში, რასაც ეს ჯალათები სჩადიოდნენ.

- აქციებზე დადიოდი?

- ძალიან მინდოდა წასვლა, მაგრამ რადგან ჩემი მეუღლე "ქართული ოცნების" პირველი ნომერია, არ მსურდა, ამას პოლიტიკური ელფერი მისცემოდა. მთელი ჩემი ოჯახი, მშობლები, ძმები დადიოდნენ აქციებზე. ეს იყო სტუდენტური აქცია, მე კი სტუდენტი არ ვარ, თანაც, პოლიტიკურ კუდს მოაბამდნენ და ეს არ მინდოდა.

- შენი ძმები კახის ეხმარებიან?

- სანამ კახი თბილისში ჩამოვიდოდა, რატი და გიორგი უკვე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესებში. კახის არ უყვარს ვინმესთვის თხოვნა, ჩემი ცოლისძმაა და დაეხმარეთო, ასე რომ, მისგან დამოუკიდებლად ჩაერთვნენ და გააკეთეს ყველაფერი. კახის რაც სჭირდება, ყველაფერში ეხმარებიან. ძალიან დიდი შრომა ჩადეს.

ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, არავის არ აძლევს სახლში ჯდომის უფლებას. ელემენტარული სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო პატიმრების მიმართ.

- "ფეისბუქზე" შენს მეგობრებს დაუწერე სტატუსი, სადაც ურჩევდი, მა­ღალანაზღაურებად სამსახურებზე უა­რი თქვით და პროტესტი გამოხატეთო.

- მყავს ნაცნობები, ახლობლები, რომელთა დამოკიდებულება ასეთია - რადგან თვითონ და მათი მეუღლეები მუშაობენ და მატერიალურად კარგად არიან, რატომ არ უნდა მისცენ ხმა მმართველ პარტიას? მე მეკითხებოდნენ, მერე შენ დაგვაწყებინებ მუშაობასო? როდესაც პროფესიონალი ხარ, არავისი დახმარება არ დაგჭირდება. ჩემზე და კახიზე კარგად ნამდვილად არავინ ყოფილა, მილანში თავს მშვენივრად ვგრძნობდით, მაგრამ დღეს პოლიტიკურ პარტიას კი არა, ქვეყანას უნდა დაუდგე გვერდით. 2000 ლარი აქვთ თუ მეტი ხელფასი, ერთხელ მაინც უნდა გადადონ სამშობლოსთვის თავი. გავა დრო და შვილები შეეკითხებიან, რა გააკეთეს მათ საქართველოსთვის და ისინი ვერაფერს უპასუხებენ. ამიტომაც მოვუწოდე მათ სტატუსის საშუალებით, სწორი ნაბიჯი გადადგან. რაც შეეხებათ ნეიტრალურ ადამიანებს, რომლებსაც პოზიცია არც ამ კადრების ნახვის შემდეგ შეეცვალათ, მათ ვთხოვე, მეგობრებიდან ამოვეშალე. როცა მხოლოდ ის გაინტერესებს, რომ მაღალი ხელფასი გაქვს და ამიტომ შეგიძლია, რომელიმე პარტიას მისცე ხმა, ეს ადამიანის სიმდაბლეზე მეტყველებს და იმაზე, რომ მხოლოდ გამორჩენა გაინტერესებს. ქვეყანას ისე უჭირს, რომ ახლა ყველამ მასზე უნდა იფიქროს.

- ბევრი პოპულარული სახე უჭერს მხარს მმართველ პარტიას.

- გაოცებული ვარ. ჩვენი პრეზიდენტი რამდენიმე თვით ადრე ამბობდა, ფრანგები ჩვენგან სწავლობენ ციხეების მართვასო, მომეწონა ჭაბუა ამირეჯიბის გამონათქვამი, თუკი არ იცოდი, რა ხდებოდა ციხეებში, ბარაქალა შენს პრეზიდენტობას, თუკი იცოდი და არაფერს აკეთებდი, ბარაქალა შენს ადამიანობასო. ის ადამიანები, რომლებიც დღესაც გულებს უწერენ პრეზიდენტის ფოტოებს და მხარში უდგანან, მის ზურგს უკან ლაპარაკობენ, რომ უბრალოდ, სხვა გზა არ აქვთ. კონცერტებზე არ გამოიყვანენ, დაბლოკავენ ისე, როგორც ბევრი დაუბლოკავთ, მაგალითად, ნატო მეტონიძე. ვიღაც უკრაინელი მომღერალი რომ ჩამოიყვანეს და ამღერებენ, თანაც ამბობს, პოპულარული ვარ ჩემს ქვეყანაშიო, ვიკითხე უკრაინაში და არავინ იცნობს.

მსოფლიო მასშტაბით მოგვეჭრა თავი. ხალხმა, ვინც ახლანდელ ხელისუფლებას მხარს უჭერს, არ იცის, რა არის ნამდვილი სიტყვის თავისუფლება. როდესაც ბერლუსკონი გახლდათ იტალიის პრემიერ-მინისტრი, ქვეყანაში ყველაფერს ამბობდნენ, რასაც მასზე ფიქრობდნენ და ამის გამო არავინ დაუბლოკავს. აქ კი ხელისუფლებამ შეუწყო ხელი საზოგადოების დაყოფას პარტიების მიხედვით. ერთ ნაციონალ ბიჭს უთხრეს გოგონაზე, ძალიან კარგი გოგოაო და პირველი, რაც ამ ბიჭმა იკითხა - ჩვენიანიაო? ამის შემდეგ საერთოდ რაზეა ლაპარაკი. ბიძინაზე ამბობენ, საზოგადოება გაყოო და სად იყო ბიძინა, როდესაც ასეთი დამოკიდებულება გაჩნდა ადამიანებს შორის.

ვფიქრობ, დღეს გამოფხიზლების დროა. ადამიანს თუ ნიჭი აქვს, არც ერთი ხელისუფლების დროს არ დაიკარგება. მომეწონა სტუდენტების პროტესტი "ვერის უბნის მელოდიებთან" დაკავშირებით. მგონი, ყველამ კარგად გაიგო, არის თუ არა ვინმე მსოფლიო დონის ვარსკვლავი.

- კახის პოლიტიკაში წასვლის შემდეგ ბევრი უარყოფითი სიუჟეტი ვიხილეთ. თუ დაგმუქრებიან?

- არა, ალბათ იმიტომ, რომ ცნობილ სახეს ასე ადვილად ვერ დაემუქრებიან. ერთი ამბავი ატყდებოდა. პრობლემები იყო - დედაჩემი ენდოკრინოლოგია და სამსახურიდან გამოუშვეს, მაგრამ ვინაიდან საქართველოში არ არის ბევრი პროფესიონალი ამ დარგში, ისევ დაურეკეს და დააბრუნეს. დიდი ხელფასი არ აქვს, დადის მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი პაციენტი ჰყავს და არ უნდა, არაპროფესიონალების ხელში ჩავარდნენ.

არ არის მუქარა, მაგრამ არის დაბლოკვა. ძალიანაც რომ გინდოდეს, ვთქვათ, "რუსთავი 2"-ზე ვერ გამოჩნდები. ხელისუფლებას ჰყავს თავისი წრე, რომელიც უნდა გამოჩნდეს და მხოლოდ მათ უნდა ვხედავდეთ ტელევიზიით. თუკი რაიმე სიუჟეტი გადის, ანტიპიარულია.

- შენსა და ბიჭოლას შორის მართლა იყო დაძაბული ეპიზოდი? ამბობდნენ, კახიმ გააგდებინა სახლიდანო.

- უკრაინაში ერთი ჩვენებით მოვიპოვეთ პოპულარობა, რადგან ყველაფერი კარგად გვქონდა გათვლილი. ბევრ ადამიანს არ აწყობს ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან წარმატებული ტანდემი გვაქვს. სახლიდან გამოგდება აბსურდია. ბიჭოლა სხვაგან ცხოვრობს და რომც მნდომოდა, ვერ გავაგდებდი. კახი ჩვენს ურთიერთობაში საერთოდ არ ერევა, რადგან ეს ჩემი პირადი საქმეა. არაფრისგან შექმნეს ჭორი. ჟურნალისტმა დამირეკა, ფორუმზე წერენ ამის შესახებო. ფორუმზე ხელისუფლებასთან დაახლოებულ ხალხზე ისეთ რაღაცებს ავრცელებენ, ერთხელ ასეთ ჭორებზეც დაწერონ, არ შეიძლება?!.

- ბიჭოლა სკანდალური ადამიანია, შენთვის ეს რამდენად კარგია, როგორც დიზაინერისთვის? ამას წინათ რუსულის "ცოდნისთვის" გააკრიტიკეს.

- ბიჭოლამ არ იცოდა რუსული და ეს არც დაუმალავს. არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში არ უსწავლია. ახლა ძალიან კარგად ლაპარაკობს. როცა ეს სიუჟეტი გავიდა, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა უთხრეს, კარგია, რომ ცდილობ და ლაპარაკობო. ხელისუფლებას და მის მხარდამჭერებს რუსული არაფერი მოსწონთ და ამათ რომ უსმინო, რა სავალდებულო იყო ჩვენთვის რუსულის ცოდნა? ამით იმის თქმა მინდა, რომ როგორც უნდათ, ისე ატრიალებენ ყველაფერს. ბიჭოლა ეპატაჟური ადამიანია და ცდილობს, მასისგან გამოირჩეოდეს. თავად სკანდალური საერთოდ არ არის. ბევრი ჭორი ვრცელდება, რომ ჩვენი ურთიერთობა გააფუჭონ, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ძალიან კარგად ვმუშაობთ ერთად. საქართველოში ბევრი პრივილეგირებული დიზაინერია, ვისაც ეს უნდა.

- ვინ არიან ისინი?

- ვინც ჩანს. თავად გადაავლეთ თვალი. ხელისუფლებასთან არიან დაახლოებული და არანაირი შეზღუდვა არ აქვთ. მათ ჩვენებებს ძალიან კარგად აფინანსებენ. ეს კარგია, თუმცა მათ გამო სხვები არ უნდა იჩაგრებოდნენ. მაქსიმალურად შუქდება მათი ყველა ღონისძიება. კი არ მშურს მათი, უბრალოდ, თავიანთ საქმეს მიხედონ და ჭორებს ნუ ავრცელებენ. თავი დაგვანებონ!.. არ ვართ ორიენტირებული საქართველოს ბაზარზე და აქ პიარზე.

- ოჯახზე გკითხავ. ამ წინასაარჩევნო პერიოდში თუ გქონდათ შენ და კახის განტვირთვის საშუალება?

- არანაირი. ჩვენი ურთიერთობა ერთი-ორი საათით შემოიფარგლება. როცა მოდის, ბავშვებს სძინავთ.

- კახი პირველი ნომერია და სავარაუდოდ, შევა პარლამენტში. როგორ წარმოგიდგენია თავი პოლიტიკოსის მეუღლედ და თუ გრძნობ ამის გამო რაიმე პასუხისმგებლობას?

- რა თქმა უნდა. ვფიქრობ, მეუღლეს უდიდესი როლი აქვს. ბევრჯერ წამიკითხავს ამის შესახებ. ძალიან აქტიურად ვარ ჩართული. ვკითხულობ ყველას მოსაზრებას, მომხრე იქნება ეს თუ ოპონენტი. რითაც შემიძლია, მაქსიმალურად გვერდით ვუდგავარ. კახა უკვე, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, საკუთარ თავზე იღებს ხალხზე ზრუნვის ვალდებულებას. როგორც სხვები მოსთხოვენ, ისე მოვთხოვ მეც და არ ვიქნები ისეთი მეუღლე, ქმრებს თავზე ხელს რომ უსვამენ ყველაფერზე. ყველაზე დიდი კრიტიკოსი კახის სახლში ეყოლება (იღიმის).

- რაიმე შენიშვნას თუ აძლევ?

- ყოველთვის ვეუბნები, როცა რაიმე არ მომწონს. ვეუბნები ჩემს აზრს და ითვალისწინებს. მაისიდან ძალიან გაიზარდა. ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. იცი, როგორი ადამიანია? როცა რაღაცას დაისახავს მიზნად, შეუძლია, ამისთვის თავი გადადოს. ძალიან გამხდარი და შეცვლილია. ალბათ 40%-ია საკუთარი თავის დარჩენილი.

- შეიცვალა რაიმე თქვენს ურთიერთობაში?

- პოლიტიკა ბევრ რამეს ცვლის. დღეს უფრო მოკრძალებულად უნდა იყო და ზედმეტი მანერულობა არ არის საჭირო. პირველ კურსზე მასწავლეს, როგორ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსის მეუღლე. მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ახლა გამომადგება. ჩემგან კახის პრობლემა არ შეექმნება. შეიცვალა ის, რომ მხოლოდ სატელეფონო ურთიერთობა გვაქვს... მაგრამ ისე ვარ, ერთი წელიც რომ არ ვნახო, პრობლემა არ მექნება, რადგან ამ საქმეს შეეჭიდა.

- ანუკი, შენი არაერთი გამონათქვამი აუტაცებიათ კრიტიკოსებს. ერთხელ ინტერვიუში თქვი, როგორ დახუნძლე ნაძვის ხე დოლარებით.

- და მახსოვს, თუ არ ვცდები, ლევან რამიშვილმა გამაკრიტიკა ამის გამო. ნაძვის ხე ძალიან მცირე ზომის იყო, სულ ათი სანტიმეტრიც არ იქნებოდა და ამას ხაზს გავუსვამ. ბავშვობიდან საფულეში სამი ერთდოლარიანი მედო, რომელიც ბარაქისთვის ბევრს უდევს ხოლმე. ის ერთდოლარიანები ამოვიღე და იმით გავაფორმე პატარა ნაძვის ხე. ეს 2010 წელს იყო. მილანის სახლში არ ვხვდებოდი ახალ წელს და ეს პატარა ნაძვის ხე დავტოვე ბარაქის სიმბოლოდ. მერე ლაპარაკი დაიწყეს ამაზე. ეს ტრადიციაა, მეკვლე რომ შედის სახლში, ფულს ყრის ხოლმე. ეს მოვყევი ინტერვიუში, როდესაც საახალწლო ტრადიციებზე მკითხეს. ისეთი ქაჯი არ ვარ, რომ ასდოლარიანები დამეკიდებინა ნაძვის ხეზე.

- სულ ლაპარაკობენ იმაზე, რომ თუკი ივანიშვილი მოვიდა ქვეყნის სათავეში, მუდმივად იმღერებს ბერა, ყველაზე დაპიარებული დიზაინერი იქნება ანუკი არეშიძე და ა.შ. შენი აზრით, რატომ აქვს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამგვარი მოლოდინი?

- ბიძინამ თქვა, სულ ბერა იმღერებსო? ხალხი ლაპარაკობს, რადგან მიეჩვივნენ მედროვე ხელოვანებს... არავინ იქნება პრივილეგირებული. მე სულ ვამბობდი, რომ თუკი აქ კოლექციას გავაკეთებ, ეს იქნება ყველასთვის განკუთვნილი. ბერას მაგივრად მე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველას მიეცემა საშუალება, იმღეროს, ნაციონალსაც და არანაციონალსაც, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება. ვდებ პირობას, რომ ნამდვილად არ ვიქნები პრივილეგირებული. არც მაქვს იმის სურვილი, რომ მეუღლემ "გამქაჩოს". კახიც ასე ფიქრობს.

- დაბოლოს, თუ იცლი შენი პატარებისთვის?

- ბავშვებზე გაგიჟებული დედა ვარ. კახი 5 თვისაა, ლევანი ცოტა დიდია, ვცდილობ, დრო ორივეს თანაბრად გავუნაწილო. მგონია, რომ კარგი დედა ვარ. უფროსი ძალიან არის მოწებებული ჩემზე.

- არ კითხულობს, კახი რატომ არ არის სახლში?

- კითხულობს ხოლმე, მაგრამ იცის, რომ მამა საქმეებზეა და მალე მოვა (იღიმება).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება