აპარტეიდი ან გაძევება - სეპარატისტების მუქარა გალის ქართველობას

აპარტეიდი ან გაძევება - სეპარატისტების მუქარა გალის ქართველობას

სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატები გალში მცხოვრები ქართველების მიმართ აპარდტეიდული პოლიტიკის გატარებას ითხოვენ. ზოგიერთი მათგანი კი პირდაპირ მათ გაძევებას ითხოვს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მათ ქართული პასპორტები ექნებათ, ხოლო თუ მხოლოდ აფხაზურ პასპორტებს დაიტოვებენ, მაშინ მარიონეტული ხელისუფლება მათ ხელშეუხებლობასა და "ყველანაირ უფლებას" უზრუნველყოფს, გარდა პოლიტიკურისა.

"იმ შემთხვევაში, თუ გალში მცხოვრები ქართველები არ აიღებენ მხოლოდ აფხაზურ პასპორტს, ისინი გაძევებული იქნებიან ქვეყნის ტერიტორიიდან. ხოლო თუ აიღებენ მხოლოდ აფხაზურ პასპორტს და პარალელურად ქართული პასპორტები არ ექნებათ, ხელშეუხებელნი იქნებიან და ექნებათ ყველანაირი უფლება მინიჭებული, გარდა პოლიტიკურისა", - განაცხადა დეპუტატმა ბესლან კობახიამ.

საერთოდ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრები ბოლო დღეებია გალში მცხოვრები ქართველების პასპორტიზაციისა და მათი გასახლება-დატოვების თემის ირგვლივ კვლავ გააქტიურდნენ. ბესლან კობახიამ ზემოთსენებული განცხადება გააკეთა დებატებზე, რომლის შინაარსი შეიძლება ამ ფრაზით გადმოიცეს - "რა ვუყოთ გალის მოსახლეობას".

მისი თქმით, გალის მოსახლეობის 99%-ს ზუგდიდის რაიონში ქართული პასპორტები აქვს აღებული, პარალელურად აფხაზური პასპორტებიც გააჩნიათ და ეს უნდა მოისპოს.

მართალია, კობახიას ე.წ. პარლამენტში ბევრი არ დაეთანხმა და ქართველების გაძევებას არ მიესალმა, მაგრამ ის, რომ ქართული მოსახლეობის პასპორტიზაციის თემა "აფხაზურ რესპუბლიკას" უზარმაზარ ტვირთად აწევს და ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, ამაზე ბევრი ისაუბრეს.ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ პასპორტიზაციის პროცესთან დაკავშირებული დარღვევების გამოსავლენად გალის რაიონის მოსახლეობაში სპეციალური გამოკითხვა ჩატარდა, სადაც ქართველების 96%-მა თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეა.

გამოკითხვის ჩატარების ინიციატორი გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია იყო.

მისი თქმით, გალის რაიონის 18 სოფელში მცხოვრები 18 071 ადამიანი გამოკითხა და გაირკვა, რომ მათგან 17 372 საქართველოს მოქალაქეა, აფხაზურ პასპორტს კი 7 127 ადამიანი ფლობს. გამოკითხვა გრძელდება ქალაქ გალში, სადაც 7 ათასი მცხოვრებია რეგისტრირებული.

სეპარატისტულმა ხელისუფლებამ სწორედ ეს 96%-იანი მაჩვენებელი ჩათვალა უდიდეს ტვირთად და პასპორტიზაციის პროცესზე საუბარიც დე ფაქტო პარლამენტში ამიტომაც წარიმართა გაცხარებით.

შეგახსენებთ, რომ სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ გასულ წელს გალის რიონში გაცემული 26 ათასი აფხაზური პასპორტი გააუქმა იმ საბაბით, რომ მათ მფლობელებს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კი ქართული და აფხაზური "ორმაგი მოქალაქეობა" აკრძალულია. ამიტომაც აგვისტოში გამართულ ვადამდელ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გალის რაიონის მოსახლეობიდან მხოლოდ 280 ადამიანს ჰქონდა ხმის მიცემის უფლება.

დღეისათვის, სოხუმის დე ფაქტო პარლამენტი გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისთვის მოქალაქეობის ნაცვლად "ბინადრობის უფლების" მინიჭებას გეგმავს, რაც, მათი განმარტებით, მათთვის ყველა უფლების შენარჩუნებას გულისხმობს, არჩევნებში ხმის მიცემისა და კანდიდატად დასახელების გარდა.

"აფხაზური პასპორტებისა" თუ ბინადრობის მოწმობის გაცემა 1 აგვისტოდან უნდა დაიწყოს და პროცესი 2016 წლის 30 იანვრისათვის უნდა დასრულდეს.

ვისაც აფხაზური პასპორტის აღება მოუნდება, მან აუცილებლად საქართველოს პასპორტი უნდა გააუქმოს, სხვა შემთხვევაში კი საქართველოს მოქალაქეებისათვის მხოლოდ ბინადობის მოწმობა გაიცემა.

ახალი პასპორტების საფასური 135 რუბლი იქნება, ხოლო ბინადრობის უფლების მოპოვება 188 რუბლი ეღირება.

აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრი, "ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი ლევან კიკნაძე აცხადებს, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ამ მოვლენებს მივსდევთ და რეაგირებას ვერ ვაკეთებთ. თუმცა მშვიდად არ უნდა ვიყოთ, საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩავრთოთ და ეს აპარტეიდული პოლიტიკა უნდა ვამხილოთ.

კიკნაძის თქმით, დე ფაქტო სახელისუფლებო დონეზე საუბარი, რომ ვინც აფხაზურ პასპორტს არ აიღებს, გამოაძევებენ, არ ყოფილა, თუმცა არის საშიშროება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისინი აიძულებენ გალში საკუთარი სახლები დატოვონ.

"ამას ოფიციალურად არ იტყვიან, მაგრამ ქართველებს ყველა პირობას შეუქმნიან, რომ აფხაზეთში არ ეცხოვრებოდეთ. მერე იტყვიან, რადგან მოქალაქე არ იყო და არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებდა, თავად გადაწყვიტა აფხაზეთიდან წასვლაო. ყველაფერი ამისკენ მიდის", - აღნიშნავს კიკნაძე.

მისი თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დაადგინა ნორმა, რომ "აფხაზურ პასპორტს" იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ გალის მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვის. მან უნდა წარადგინოს იმის დამამტკიცებელი დოკუმენტი, რომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა "აფხაზური პასპორტი" და ის სრულფასოვანი მოქალაქე გახდება.

"კობახიას განცხადება, რომ ქართველს მაინც არ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებაო, ეს სპეციალურად გაკეთებული განცხადებაა, რომ ამით მდგომარეობა დაძაბოს და გალელები დააშინოს და პასპორტის აღებაზე დაითანხმოს. მათ სამართლებრივ დონეზე სხვანაირად გაცხადების უფლება არა აქვთ. ეს მათ იციან. იმ შემთხვევაში, თუკი გალელები საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს არ იტყვიან, მათ ასე ხელაღებითაც ვერ გამოაძევებენ. ისინი მოქალაქეობის არმქონე პირებად დარჩებიან. ბინადრობის მოწმობებს დაურიგებენ და არც მიწის, არც საკუთრებისა და არც არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას არ მისცემენ. გალის მოსახლეობის უმეტესობას საკუთრება დაკანონებული არ აქვს და ბინადრობის მოწმობამ შეიძლება მათ პრობლემები შეუქმნას", - აცხადებს კიკნაძე.

ყოფილი ექსმინისტრის თვალსაზრისით, სეპარატისტების გათვლაა, რომ დააშინონ გალის ქართული მოსახლეობა და გაძევების შიშით საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ათქმევინონ, სანაცვლოდ კი აფხაზური პასპორტები ააღებინონ.

"მეეჭვება, რომ ქართველებს გალი დაატოვებინონ. არ მინდა ამის თქმა, მაგრამ გალის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათ საცხოვრებელს ვერ მისცემს და ამიტომ იძულებულნი გახდებიან დათმონ საქართველოს მოქალაქეობა და საკუთარ სახლში დარჩენის გამო აფხაზური პასპორტი აიღონ. მათ წასასვლელი არ აქვთ, ეს იციან აფხაზებმა და ეს ყველაფერი მათი ერთიანი კომპლექსური გეგმაა. თუმცა მშვიდად არ უნდა ვიყოთ, საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩავრთოთ და ეს აპარტეიდული მომავალი პოლიტიკა უნდა ვამხილოთ", - დასძენს კიკნაძე.

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავას თქმით, სეპარატისტულ აფხაზეთში მოლოდინია, რომ ქართველები საქართველოს მოქალაქეობას არ დათმობენ და მხოლოდ ბინადრობის მოწმობას აიღებენ, ამიტომაც ამბობენ, რომ მათ მხოლოდ მუშაობის უფლება მიეცემათო, ეს კი ადამიანის უფლებათა შეზღუდვაა და ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებაზე ამგვარ საკითხებს მუდმივად აყენებს.

"მარტო ბინადრობის უფლების მინიჭებით გალის ქართველ მოსახლეობას პრობლემები შეექმნება, ისინი სრულფასოვანი მოქალაქეები ვერ იქნებიან. მგონია, ისეთი სიტუაცია შეიქმნება, რომ ხალხი იარაღის ჟღარუნის გარეშე იძულებული გახდება აფხაზური პასპორტი აიღოს და სწორედ ეს არის სეპარატისტების მთავარი მიზანი. აფხაზები საჯაროდ და ხმამაღლა არ იტყვიან, რომ ქართველებს გამოაძევებენ, რადგან იციან, რომ დასავლეთს ასეთი აპარტეიდული კანონებით ვერ დაელაპარაკებიან. ამიტომაც შენიღბული თამაში დაიწყეს. კი ბატონო, ქართული ენა გინდათ - ისწავლეთ, მაგრამ ფაკულტატურად. კობახიამ საერთოდ თქვა, თუკი ქართული სკოლა გინდათ, კერძო სკოლები გახსენითო. ახლა თითქოს პოლიტიკა შეცვალეს და შენიღბულად, ვითომ მოფერებით უნდათ მოსახლეობის თანდათან თავის მხარეს გადაყვანა. ჩვენ ამ თემებს ჟენევაში სულ ვაყენებთ, მაგრამ ამას ჯერ არანაირი შედეგი არ მოაქვს", - მიიჩნევს გვაზავა.

ეკატერინე ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?