კონფლიქტის ზონაში სროლა განახლდა - გაერო-ს ბოლო მონაცემები მთიან ყარაბაღში გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ

კონფლიქტის ზონაში სროლა განახლდა - გაერო-ს ბოლო მონაცემები მთიან ყარაბაღში გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ

განახლებული| მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ბრძოლის შედეგად მოკლულია სომეხი გენერლები და პოლკოვნიკები. ამის შესახებ "ინტერფაქსის" ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, "აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საპასუხო იერიშის შედეგად" დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა გაანადგურეს, მათ შორის არიან გენერლები და პოლკოვნიკები.

როგორც "ინტერფაქსი" წერს, ეს ინფორმაცია მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკასა და ერევანში ჯერ არ დაუდასტურებიათ.

დღეს დილით აზერბაიჯანულმა მხარემ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სროლა განაახლა, - ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე ღამის განმავლობაშიც ისროდა ნაღმტყორცნებიდან, დილის შვიდი საათიდან კი კონფლიქტის ზონის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ინტენსიური სროლები დაიწყო. მანამდე კი სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, არცრუნ ოგანესიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის შეირაღებულმა ძალებმა დღეს დილით აზერბაიჯანული მხარის კუთვნილი სამი ტანკი გაანადგურეს.

ამასთან, გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში განახლებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობებს ავრცელებს. არსებული ინფომრაციით, დაღუპულია სულ მცირე 33 ადამიანი, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

"ოფიციალური წყაროების მიხედვით, სომხეთსა და აზერბაიჯანში სულ მცირე 30 სამხედრო და სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რაც შეეხება დაშავებულების საერთო რაოდენობას, ოფიციალურად არ არის დადასტურებული, თუმცა, არაოფიციალური წყაროების ცნობით, მათი რიცხვი 200-ს აღემატება", - წერია გაერო-ს ოფისის განცხადებაში.

გავრცელებული ცნობით, იმ სოფლებში, სადაც შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს 14.4 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამასთან, როგორც გაერო-ს წარმომადგენლები ამბობენ, მათ არ აქვთ ინფორმაცია დაზიანებული ინფრასტრუქტურის და მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ.

"აზერბაიჯანის მთავრობა აცხადებს, რომ დაპირისპირების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები არ არიან, ამავე დროს სომხური მხარე ამბობს, რომ მათ ერევანში 50 ადამიანისგან მიიღეს დროებითი თავშესაფრის მინიჭების შესახებ თხოვნა. ორივე მხარე აცხადებს, რომ არ საჭიროებენ ჰუმანიტარულ დახმარებას", - წერია გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის განცხადებაში.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?