როგორ აფასებენ მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ქართველი ექსპერტები - "ჩვენ ვიქნებით უშუალოდ დარტყმის ქვეშ"

როგორ აფასებენ მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ქართველი ექსპერტები - "ჩვენ ვიქნებით უშუალოდ დარტყმის ქვეშ"

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საქართველისთვის უკიდურესად სახიფათოა. "ეს არის ჩვენთვის უკიდურესად სახიფათო იმიტომ, რომ თუ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის ფრონტის ხაზი არის ყარაბაღი, ჩვენთვის ფრონტის ხაზი სამწუხაროდ, არის თბილისი. რუსული ბაზა არის სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან ახლოს და თუკი სიტუაცია გამწვავდა და რუსეთში ჩათვლიან, რომ სჭირდებათ სამხედრო კორიდორი საქართველოზე, ჩვენ აღმოვჩნდებით ძალიან მძიმე მდგომარეობაში. რადგან თბილისი ახლოს არის მათ ბაზებთან, პრინციპში ჩვენ ვიქნებით უშუალოდ დარტყმის ქვეშ. ჩვენ არ უნდა ავყვეთ არანაირ ემოციებს და უნდა ვიყოთ მობილიზებული იმისთვის, რომ როგორმე მივაღწიოთ დეესკალაციას. იმედია, ქართული მხარე ამაში რაიმე წვლილს შეიტანს", - განაცხადა შარაშენიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს კონფლიქტი უნდა ჩაცხრეს რაც შეიძლება სწრაფად, რადგანაც მისი გამწვავების შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს ჩვენთვის საზიანო. "ისევ და ისევ, რუსეთმა ჩვენგან შეიძლება მოითხოვოს კორიდორი. ამისთვის ჩვენ მზად არ ვართ არანაირად. თუ ჩვენ კორიდორს გავხსნით, ბუნებრივია, იქნება კატასტროფა, იმიტომ, რომ ჩვენ კონფლიქტში ვებმებით. თუ ჩვენ რუსეთს უარს ვეტყვით, არ უნდა დავივიწყოთ რომ თბილისი არის პირდაპირ ფრონტის ხაზზე და რუსული ბაზაა აქვე. ასე რომ, ემოციებს არ უნდა ავყვეთ და ან ერთ ან მეორე მხარეს დავუჭიროთ მხარი. ნუ გვექნება ახლა იმის ილუზია, რომ აზერბაიჯანმა შეიძლება ტერიტორიები დაიბრუნოს ახლა და მერე ჩვენც დავიბრუნებთ ტერიტორიებს. ეს ასე მალე არ მოხდება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დაცხრეს", - განაცხადა შარაშენიძემ.

ექპერტი ლევან გერაძე კი მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს და მხარეებს შუამავლის როლი შესთავაზოს.

როგორც გერაძემ "ინტერპრესნიუსს" ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებში საქართველოს როლის კომენტირებისას განუცხადა, ჩვენს ქვეყანას აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც მეგობრული ურთიერთობები აქვს, ამიტომ მისი როლი შესაძლოა პოზიტიური იყოს.

"გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქვეყანასთან გვაქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობები, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ შუამავლის როლი. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები აზერბაიჯანული და სომხური დიასპორა და მათი ხელშეწყობით და მათი რესურის გამოყენებითაც გარკვეული მესიჯების გაიგზავნოს. თუ კონფლიქტი არ შეჩერდა და მოხდა კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია, მაშინ სერიოზული პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება, გავატაროთ თუ არა ის შეიარაღებული ძალები, რომელიც მოისურვებენ ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ ამ კონფლიქტში ჩართვას", - აღნიშნა ექსპერტმა.

გერაძე მიიჩნევს, რომ პრობლემები საკმაოდ სერიოზული შეიძლება იყოს, თუმცა, ის მაინც ფიქრობს, რომ სიტუაცია აქამდე არ მივა.

"კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება იყოს, არის ლტოლვილების გამოდინების საკითხი. აქაც დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია არ მივა ისეთ კონდიციამდე, რომ შესაძლებელი გახდეს გარკვეული პრობლემების პროვოცირება. მე მაინც შედარებით ოპტიმისტურად ვუყურებ მოვლენათა განვითარებას და დიდი იმედი მაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის. იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში მშვიდობიან ფორმატში გადავა მოვლენები", - აღნიშნა გერაძემ.

კითხვაზე, რამდენად არსებობს საფუძველი ითქვას, რომ სიტუაცია დასტაბილურდება, გერაძემ უპასუხა, რომ გამომდინარე განცხადებებიდან, რომელსაც მხარეები აკეთებენ, ამის თქმის საფუძველი არსებობს,

"ძალიან რთული სათქმელია ამის თქმა, რადგან მე ინფორმაცია მხოლოდ ღია წყაროებიდან მაქვს, თუმცა თუ გადავხედავთ ერთი და მეორე მხარის მასმედიის საშუალებებს, ყველა აღნიშნავს თავის გამარჯვებებს და ა.შ. მგონია, რომ ახლა ის სტადიაა, როცა ძალიან რთულია მშვიდობაზე საუბარი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მხარემ განაცხადა მზადყოფნა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, მე იმედი მიჩნდება. ბევრწილად საფრანგეთისა და რუსეთის ფედერაციის ჩართულობა იძლევა საფუძველს, რომ მინსკის ჯგუფი ამოქმედდება და შესაძლებელი გახდება მშვიდობიან ფორმატში ურთიერთობების გადატანა", - განაცხადა გერაძემ.

"საქართველოსთვის ბრძოლა აქტუალური გახდება - გამორიცხული არაა, მოსკოვმა თბილისს სომხეთის მიმართულებით დერეფანი მოსთხოვოს" - რა ვერსიებია რუსეთში?

ზეიმი ბაქოში, არეულობა ერევანში, რუსი სამხედროები ყარაბაღში - რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა და რას გეგმავს სომხეთის ოპოზიცია? მოვლენები შეთანხმების შემდეგ

"აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნების პრეცედენტი, იქნებ გამოფხიზლებად იქცეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის" - თორნიკე შარაშენიძე