ყარაბაღის ომის ქრონიკა და საქართველო - რა პოზიცია ეკავა ქართულ სახელმწიფოს მეზობლების კონფლიქტში წლების მანძილზე

ყარაბაღის ომის ქრონიკა და საქართველო - რა პოზიცია ეკავა ქართულ სახელმწიფოს მეზობლების კონფლიქტში წლების მანძილზე

2016 წლის 2 აპრილს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღისთვის მიმდინარე შეიარაღებულმა დაპირისპირებამ 14 წლის შემდეგ ახალი ძალით იფეთქა. საბრძოლო მოქმედებები განახლდა. დაპირისპირებაში ავიაცია და არტილერია ჩაერთო. თუმცა, 6 აპრილის მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიმშვიდეა. "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძირითადად შენარჩუნებულია", - აცხადებს ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი.

რამდენიმედღიან დაპირისპირებას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 31 სამხედრო შეეწირა. რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის ე.წ. არმიის დანაკარგს, სტეფანაკერტში განაცხადეს, რომ დაღუპულია 29 სამხედრო.

უკვე საუკუნეზე მეტია, მთიანი ყარაბაღის ტერიტორია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სისხლიანი დაპირისპირების ქვაკუთხედად რჩება. 1994 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, მხარეებს შორის ორმხრივი სროლა ჩვეული მოვლენა იყო. ცეცხლს სამხედროებიც და უბრალო მოქალაქეებიც ეწირებოდნენ, თუმცა მსგავს ესკალაციამდე საქმე არასდროს მისულა.

1905-1907 და 1918-1920 წლებში, მთიანი ყარაბაღი დაპირისპირების მიზეზი ორჯერ გახდა. სომხეთის და აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ, პროლეტარიის ბელადებმა ეთნიკურ ნიადაგზე მიმდინარე დაპირისპირება მარტივად მოაგვარეს. 1923 წელს, აზერბაიჯანის სსრ-ს ტერიტორიაზე სომხებით დასახლებული უბნები მთიანი ყარაბაღის ავტონომიაში გააერთიანეს. მაშინ სამომავლო შედეგებზე ფიქრით თავი არავინ შეიწუხა. შენელებული მოქმედების ბომბის ტაიმერმა ათვლა დაიწყო.

1980-იანი წლების ბოლოს ვითარება გართულდა. ერთ დროს ძლიერი რეჟიმი, რომელიც ტანკებითა და ძალით ყველა პრობლემას აგვარებდა, შესუსტდა. 1988 წლის 22 თებერვალს სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მომხდარ შეტაკებაში 2 ადამიანი დაიღუპა. მომდევნო დღეებში ქალაქ სუმგაიტში მცხოვრები სომხების მასიური დევნა დაიწყო. ხალხს ხოცავდნენ, მათ ქონებას წვავდნენ. 1989 წლისთვის სომხებმა - აზერბაიჯანის (მხოლოდ ბაქოში 50 ათასამდე ცხოვრობდა), აზერბაიჯანლებმა კი სომხეთის დატოვება დაიწყეს.

სსრკ-ს დაშლასთან ერთად, რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 1991 წლის ბოლოს სსრკ-ს შინაგანმა ჯარმა ყარაბაღის ზონა დატოვა. სრულმასშტაბიანი ომისკენ გზა ხსნილი იყო.

1992 წლის 1-ელ იანვარს 6 ტანკის შემადგენლობით, იერიში მთიანი ყარაბაღის სომხურ სოფლებზე მიიტანეს. რამდენიმე დღეში ჯავშანტექნიკასთან ერთად არტილერიის, მათ შორის "გრადების" გამოყენება დაიწყეს. 21 მარტს დადებულმა მშვიდობიანმა ზავმა მხოლოდ 1 კვირას გასტანა. 28 მარტს აზერბაიჯანულმა მხარემ სტეფანაკერტზე მასიური შეტევა დაიწო. გაზაფხულის მიწურულს კონფლიქტის ზონაში ავიაციაც გამოჩნდა.

იხილეთ სიუჟეტი: მთიანი ყარაბაღის ომის ქრონიკა ქართველი სამხედრო ანალიტიკოსის თვალით

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ბაქოს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი არსენალი ერგო - 4-ე არმიის ქონება, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 3 ბრიგადა, სამხედრო ავიაციის 4 ბაზა და კასპიის ფლოტის ნაწილი. საწყობებში არსებული საბრძოლო მასალების საერთო რაოდენობა 11,000 სარკინიგზო ვაგონის მოცულობით შეფასდა.

1992 წლის მაისში ბაქომ მე-4 არმიიდან, მოსკოვიდან მიღებული დირექტივის საფუძველზე 237 ტანკი, ჯავშანტექნიკის 235 ერთეული, 170 საარტილერიო დანადგარი მიიღო. ავიაციის სახით - 23 შვეულმფრენი. მათ შორის 14 დამრტყმელი Ми-24.

იარაღის თვალსაზრისით ერევანი ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაში იყო. სომხეთს მხოლოდ 50 ტანკი, ამდენივე საარტილერიო სისტემა და 40 ერთეული ჯავშანტექნიკა ერგო. საბრძოლო მასალების რაოდენობა - 500 ვაგონი. ავიაციის სახით, ერევნის მთავარი ბირთვი 13 Ми-24 იყო. ბაქო ხისტად მოქმედებდა. ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენილ რუსულ ნაწილებს ძალისმიერი მეთოდით იპყრობდნენ. დაკავებულ აეროდრომებზე რუსეთში გადასაყვანად გამზადებული 16 საბრძოლო თვითმფრინავი ჩაიგდეს ხელში.

ტექნიკაში და ავიაციაში რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, ყარაბაღის ომი სომხეთის სასარგებლოდ დასრულდა. მოსკოვმა ყველაფერი სწორად გათვალა. ავიაციაში ბაქოს უპირატესობას, ერევნისთვის მიწოდებული საზენიტო საშუალებები დაუპირისპირა. შედეგმაც არ დააყოვნა. 2 წლიან ომში აზეირბაიჯანმა 10-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და 6 შვეულმფრენი დაკარგა.

1994 წლის 16 აპრილს-6 მაისს, მასირებული შეტევით, სომხებმა აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები უკუაგდეს. სომხური მხარის მტკიცებით, მტერმა 2000-მდე ჯარისკაცი (600-მდე მოკლულის სახით) დაკარგა. სომხურმა ფორმირებებმა ხელთ მტრის ჯავშანტექნიკის 28 ერთეული ჩაიგდეს. 2-წლიან ომში, მხარეებს დანაკარგის შესახებ განსხვავებული ციფრები მოყავთ. ოფიციალური ბაქოს მონაცემებით, ყარაბაღის ომში მან 11,500 ადამიანი დაკარგა. ერევანი კი ირწმუნება, რომ - 30,000. საკუთარ დანაკარგებს სომხეთი 5,800-6000 კაცით აფასებს.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით გამართული მოლაპარაკებები დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა.

საინტერესოა, რა პოზიციას ინარჩუნებდა ქართული სახელმწიფო წლების განმავლობაში მეზობელ ქვეყნებს შორის მიმდინარე კონფლიქტში - ამ საკითხზე სასაუბროდ AMBEBI.GE კონფლიქტოლოგ ლევან გერაძეს დაუკავშირდა. კონფლიქტოლოგის თქმით, ორ ქვეყანას შორის ღია თუ დახურულ დაპირისპირებაში საქართველოს მუდამ ნეიტრალური პოზიცია ეკავა: "არცერთი პრეზიდენტის დროს,საქართველოს რაიმე შეხება მთიან ყარაბაღთან არ ჰქონია. ზოგადად, რაც ეს კონფლიქტი დაიწყო ჩვენი პოზიცია იყო მშვიდობა და მზადყოფნა, რომ მხარეებისთვის ხელი შეგვეწყო, თუ მოლაპარაკება გახდებოდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ "მინსკის ჯგუფის" წევრი ქვეყანა, მახსოვს რამდენჯერმე დააფიქსირა ქართულმა მხარემ, რომ მოლაპარაკების გასამართად ორივე მხარის უმაღლეს წარმომადგენლებს თბილისს დაუთმობდნენ.

- თუ ყოფილა საქართველოს მხრიდან ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნილი ან დევნილების მიღებისთვის მზაობა გამოხატული?

- მთიანი ყარაბაღიდან დევნილები ჩვენს ტერიტორიაზე არ გადმოსულან, რა თქმა უნდა, იყო ერთეული შემთხვევა, მაგრამ არა მასობრივი. ყოველთვის გამოკვეთილად ვიჭერდით ნეიტრალიტეტს და ორივე მხარეს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოვუწოდებდით.

- დაპირისპირებული მხარეების სტრატეგიული პარტნიორები, თურქეთი და რუსეთი, ბოლო ნახევარი წელია, თავად გახდნენ ერთმანეთის მოწინააღმდეგენი, როგორია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური კონტექსტი?

- თუ ეს კონფლიქტი გარედან არის ინსპირირებული, რა სარგებელი შეიძლება ნახოს აქედან რუსეთმა? მხოლოდ ის, რომ კიდევ ერთხელ დაანახებს სომხეთს, რომ მისი ერთადერთი ყველაზე ძლიერი და საიმედო პარტნიორია რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, არის რუსეთი და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სამხედრო თვალსაზრისით თავის როლსა და შესაძლებლობებს. მინდა იმედი მქონდეს, რომ საბოლოო ჯამში ყარაბაღი არ გახდება ორი დიდი სახელმწიფოს - რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირების ასპარეზი. რასაკვირველია გარკვეული დაპირისპირება იქნება, მაგრამ ის არ გადაიზრდება ამ ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირებაში.

რეგიონში ყველანაირი დაძაბულობა მარტო იმ ლოკალური ადგილისთვის არ იქნება ზეგავლენის მომხდენი, ბუნებრივია გავლენას საქართველოზეც მოახდენს. მუდმივად იმის შიშში უნდა ვიყოთ, რომ არ მოხდეს ესკალაცია და კონფლიქტმა თავის საზღვრები არ გადალახოს. მოგეხსენებათ, საქართველოში როგორც სომხური ისე აზერბაიჯანული მხარის საკმაოდ დიდი დიასპორებია და ამ დიასპორების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობის საფრთხე არსებობს, თუმცა ეს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, შუამავლის როლი მოსინჯოს და ორივე მხარის პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში დროებითი მშვიდობის დამყარების გარკვეული შესაძებლობები შექმნას.

ნუკრი მგელაძე, თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ მთიანი ყარაბაღის ბრძოლებისა და დრამატული შედეგების ამსახველი ვიდეოქრონიკა

ასლან ბჟანია ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

1-ლი მარტიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების გავრცელებისთვის დამნაშავეს სიკვდილით დასჯიან - მედია

"წინასაარჩევნო" ორომტრიალი აფხაზეთში - ვინ არიან "პრეზიდენტობის" გამოკვეთილი კანდიდატები და რა საფრთხე ემუქრება რაულ ხაჯიმბას