პაატა ზაქარეიშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა იყოს ერთადერთი

პაატა ზაქარეიშვილი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა იყოს ერთადერთი

ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ეს პირველი ასეთი მსხვერპლია, რაც ეჭვქვეშ აყენებს სამშვიდობო პოლიტიკას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრის თქმით, ეს არის უაღრესად აღმაშფოთებელი ფაქტი. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ ამ ტიპის საშინელი დანაშაული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არ ჩადენილა.

"სამწუხაროდ, ეს ჩვენი ხელისუფლების პერიოდში პირველი ასეთი მსხვერპლია, რაც, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ აყენებს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რაც ამდენ ხანს ხორციელდებოდა. თუმცა ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ, მაგრამ მკაცრად და მკაფიოდ მოვითხოვთ, რომ დაისაჯოს ის ადამიანი, მკვლელი, რომელიც იდენტიფიცირებულია. კარგად ჩანს, რომ ეს იყო ცინიკური, ამაზრზენი ფორმით განხორციელებული მკვლელობა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ითხოვს, ამ ფაქტზე გამახვილებული იყოს ყურადღება, რადგან "არასდროს ყოფილა, რომ სამშვიდობო პროცესში ასეთი უტიფარი, ცინიკური მკვლელობა განხორციელებულიყო".

ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთმა ადგილზე თავის თავზე აიღო ეფექტური მმართველობა, განახორციელა ხელმოწერა უკანონო ე.წ. ხელშეკრულებებზე, რითაც ადგილზე დე-ფაქტო მმართველობა მიითვისა.

მინისტრის თქმით, პირველ რიგში, ეს ეხება შეიარაღებულ ძალებს, სამართალდამცავ ორგანოებს. ზაქარეიშვილის თქმით, პირდაპირი პასუხისმგებლობა არის იმ ძალაზე, რომელიც ეფექტურად ახორციელებს მმართველობას დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე.

რაც შეეხება საგუშაგოებს, როგორც მინისტრმა განაცხადა, საგუშაგოები ხურჩაში ყოველთვის იდგა.

"მე ხურჩის საშუალებით ხშირად დავდიოდი გალში 2008 წლის შემდეგ და იქ ყოველთვის იდგა, როგორც ქართული, ისე აფხაზური საგუშაგოები", -განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მოწოდებას უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.

"ეს არის საშინელი მკვლელობა. სისხლის სამართლის უდიდესი დანაშაული, მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა მძიმე არ არის. ჩვენდა საუბედუროდ, მოხდა გამონაკლისი მკვლელობა, ეს არ არის სისტემური ხასიათის. რაც იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ის არ მეორდება. ეს არის ერთჯერადი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს ერთადერთი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?