"ტრაგიკული ინციდენტი ღრმა მწუხარებას იწვევს" - ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე

 "ტრაგიკული ინციდენტი ღრმა მწუხარებას იწვევს" - ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება 19 მაისს, დე-ფაქტო საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში აღნიშნული ინციდენტის განხილვას ქართულ მხარესთან გეგმავს.

ე.წ. უწყების ვერსიით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ნაბაკევის ტერიტორიაზე აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის სამხედრო მოსამსახურესა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ საქართველოს მოქალაქე გიგლა ოთხოზორიას შორის მოხდა კონფლიქტი იმის გამო, რომ მას საჭირო დოკუმენტების არქონის გამო, აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. მოვლენები გაგრძელდა ქართულ ტერიტორიაზე, სადაც ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

უწყება აღნიშნავს, რომ ამ ინციდენტის განხილვას უახლოეს მომავალში, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე გეგმავს.

გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურა, ე.წ. საგარეო უწყების შუამავლობით, 14-15 ივნისს, ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე აპირებს საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისთვის მიმართვას თხოვნით, გადასცენ მხარეს მათ ხელთ არსებული ყველა მასალა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

ე.წ. უწყება აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხედრო პროკურატურამ სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით.

"ტრაგიკული ინციდენტი ღრმა მწუხარებას იწვევს. ამასთანავე, სამწუხაროა ისიც, რომ ქართულმა მხარემ, კერძოდ კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გადაწყვიტა ამ ინციდენტის გამოყენება ვითარების დაძაბვის მიზნით და საინფორმაციო ომში პოლიტიკური ქულების მოსაგებად. უწყებამ შეაფასა აფხაზეთში არსებული სიტუაცია როგორც "სრულიად უკონტროლო" და პასუხისმგებლობა ინციდენტისთვის რუსულ მხარეს დააკისრა, რომელსაც "საოკუპაციო ძალა" უწოდა", - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.რუსეთის საგარეო უწყებამ საპასუხო განცხადება მალევე გაავრცელა და განაცხადა, რომ "თბილისში მშვენივრად იციან, რომ არც მესაზღვრეებს და არც რუსეთის სხვა წარმომადგენლებს არ ჰქონდათ კავშირი ამ სამწუხარო შემთხვევასთან".

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?