აზიური ფაროსანა და რუსი სამხედროების მიერ ჩამორთმეული მიწები აფხაზეთში

აზიური ფაროსანა და რუსი სამხედროების მიერ ჩამორთმეული მიწები აფხაზეთში

აზიურმა ფაროსანამ, რომელსაც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა მთელი სეზონია ებრძვის, აფხაზეთის რეგიონს შანსი არ დაუტოვა... უმძიმესი მდგომარეობაა გალის რაიონში. აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა მასთან გამკლავებას უშედეგოდ ცდილობს. აფხაზეთის, ე.წ. სახელმწიფოს კომიტეტის წარმომადგენელი, ეკოლოგიასა და გარემოს დაცვის საკითხებში, საველი ჭითანავა აცხადებს, რომ ადამიანური რესურსებით მასთან ბრძოლას აზრი არ აქვს.

ადგილობრივი ეკოლოგების აზრით, 2015 წლიდან გავრცელებულმა აზიურმა ხოჭომ, ე.წ. სუნიანმა ხოჭომ წელს განვითარების პიკს მიაღწია, რასაც გვალვებმა შეუწყო ხელი. ადგილობრივები მას, თავდაპირველად საკუთარი ძალებით წამლავდნენ, რაც ერთგვარი შეღავათი იყო, თუმცა, ახლა უკვე მავნე მწერი იქაურობას მასობრივად მოედო... ადგილობრივების თქმით, თხილის იმედი აღარ არსებობს, ისევე, როგორც სიმინდის, ახლა კი ფაროსანას ხოჭო კულტურულ ნათესებსაც მოედო...

"ეს არის კოშმარად ქცეული ყოველდღიურობა, ადრე ყოველწლიური შემოსავალი მაინც გვქონდა, წელს საერთოდ არაფრის იმედი არ გვაქვს... სოფელ რეფში, მიწის ნაკვეთი მქონდა, ჯერ კიდევ ბაბუაჩემი ამუშავებდა, იმდენი წელია ჩვენს სარგებლობაშია, მამა-პაპური იყო. წელსაც დავთესეთ. იქვე, საბჭოთა დროინდელი შენობის ნანგრევებია, არც კი მახსოვს რა იყო. ერთი-ორჯერ შევნიშნე, რუსი სამხედროები აზიდვებს აკეთებდნენ, მაგრამ ახლოს არის მათი ბაზა და არც კი მიმიქცევია ყურადღება, - ვიფიქრე, უბრალოდ გადმოვიდნენ, მეთქი. წელს, ტაროგამოსხმულ სიმინდის ყანაში შესვლის უფლება არ მომცეს, - ეს ადგილი ჩვენ გვჭირდება, ვარჯებისთვისო... ვერაფერი ვუთხარი... არადა, იმ სიმინდის იმედი მქონდა, ყანა ყველგან შეჭამა და გაანადგურა ფაროსანამ, ისევე როგორც თხილი და ახლა ბოსტნეულსაც მიადგა", - ამბობს ჩვენთან საუბარში გალის რაიონის მკვიდრი.

მისივე თქმით, წელს ისედაც უმძიმესი სოციალური ფონი, კიდევ უფრო დამძიმდება. გალის რაიონის ერთი ნაწილის თქმით, შესაძლოა, წელს მათი ერთადერთი შემოსავალი ციტრუსი გახდეს, თუ აზიურმა ფაროსანამ ისიც არ დააზიანა.

"წელს, რუსებმა აქ მიწის ნაკვეთები დაამუშავეს და ბოლოკი მოიყვანეს, რომელსაც დიდი სატვირთო მანქანებით რუსეთში ეზიდებიან. ადგილობრივი მუშახელი დაასაქმეს და დღიურად 1000 რუბლს (ეროვნული ვალუტით 40 ლარამდე) უხდიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ზაფხული მოსახლეობამ ამ თანხით გაიტანა, მაგრამ თან იმის შიშიც გვქონდა, ჩვენი მიწის ნაკვეთები არ მიესაკუთრებინათ - დადიან, რაღაცას ამოწმებენ, მეორე დღეს კი შეიძლება, იქაურობა შემოკავებული დაგვხვდეს, - ჩვენიაო, გეტყვიან და ვერაფერს ეტყვი...",- გვიყვება კონფლიქტის ზონაში მცხოვრები 38 წლის დათა.

"ადგილობრივი უწყება მუდმივად ყიდულობს შხამქიმიკატებს და ცდილობს, სპეციალური ხსნარით დაამუშავოს გარემო. საჭირო ადგილებში დამონტაჟებული იყო სპეციალური აპარატურა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სიგნალს გვაძლევდა. ჩვენც ადგილზე გავდიოდით და ვცდილობდით, იქუარობა ლოკაციურად დაგვემუშავებინა. ახლა უკვე ხოჭო იმ რაოდენობის არის, მასთან გამკლავება ამ აპარატურითაც შეუძლებელია... გალის რაიონში, რამდენჯერმე ვერტმფრენითაც განხორციელდა შეწამვლა, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, აზიურმა ფაროსანამ ახალი თაობა გამოჩეკა და მათ ძალიან სწრაფად შეძლეს იქაურობის ათვისება...

მეზობელი სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით, ალბათ ყველაზე გამართლებულია დაზიანებული ფართობის აღრიცხვა და ლოკაციური ჩარევა... ასევე დროული იქნება, მოხალისეების ჩართვაც, რათა დროულად დავამუშავოთ ტერიტორია, ვიდრე ხოჭოს ახლადგამოჩეკილი თაობა ფრენას ისწავლის..." - აცხადებს, ე.წ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმირ გერია, რომლის თქმითაც, მათ ხელთ აქვთ რუსი სპეციალისტების დასკვნები, რომლის თანახმადაც, აზიური ფაროსანა უპრობლემოდ ანადგურებს ციტრუსსაც, მანდირინს, ლიმონსა და ფორთოხალს. ასევე, ხილს - ატამს, კარალიოკს, ხურმას, ლეღვს, ყურძენს, და თავისთავად, არც ბოსტნეულის კულტურაზე ამბობს უარს. ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთში პრაქტიკულად განადგურებულია ლობიო, კიტრი, პომიდორი, წიწაკა, სიმინდი და მწვანილი...

ჭითანავას თქმით, ამ დღეში მხოლოდ აფხაზეთის რეგიონი არ არის, უმძიმეს მდგომარეობაშია თურქეთი და საბერძნეთი, საიდანაც, სავარაუდოდ, შეიძლება მათი მიგრირება მოხდა.

სინამდვილეში, აზიური ფაროსანა, აფხაზეთში, სოჭიდან გავრცელდა - 2015 წელს, როდესაც იქ ოლიმპიადა იმართებოიდა, რუსეთის ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ხე-ტყის მასალა სწორედ აზიის ქვეყნებიდან წამოიღო... აზიური ფაროსანა იქიდან ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი დანარჩენ საქართველოში გავრცელდა.

ფაროსანას მიერ წლიური მოსავლის განადგურებას აფხაზურ სოციალურ ქსელები უკვე მოჰყვა კომენტარები - "ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ხოჭოს შეწამვლა არ შეუძლია, რათა გლეხს სიმინდის აღების საშუალება მაინც ჰქონდეს, სამაგიეროდ, ლამის ყოველ წელს, არჩევნებს ვატარებთ და მილიონებს ვხარჯავთ"... "ნარკომანიის დამარცხებას ერთობლივი ცენტრის შექმნით გვპირდებიან, მაშინ როდესაც ხოჭო ვერ მოუსპიათ. სახლში გვიცვივდება. ერთი-ორი კაკალი დამსვენებელი გვყავდა და ისიც გაგვექცა..." "სთხოვეთ რუსეთს დახმარება, ვიდრე სულ არ შევუჭამივართ, რახან მათი ნაკვეთები დაცულია, ალბათ იციან რაღაც წამალი... თუ უკიდურესობამდე უნდა მივიდეთ და მერე რაღაცის სანაცვლოდ დაგვეხმარება? როგორც ჩვევია...",- წერენ აფხაზები.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?