აფხაზური მხარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენის თხოვნით იუნესკოს მიმართავს

აფხაზური მხარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენის თხოვნით იუნესკოს მიმართავს

უკვე მერამდენედ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, რეგიონში არსებული უნიკალური ტაძრების დაცვის პრობლემასთან დაკავშირებით, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების ყურადღების მიქცევას ცდილობს...

ამჯერად, მათ კულტურული ძეგლების დაცვის საკითხთან დაკავშირებით იუნესკოსა და გაეროს კეთილი ნების ელჩების ყურადღების მისაქცევად ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ბედიის, ლიხნის, ბზიფის, ბიჭვინთის, მოსკოვისა და ანაკოფიის ტაძრები არა მხოლოდ აფხაზეთის რესპუბლიკის, მთლიანად კაცობრიობის არქიტექტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლებია, რომელთაც სასწრაფოდ სჭირდებათ რესტავრაცია და ყურადღების მიქცევა, თუმცა, "აფხაზეთის სუვერენიტეტის საერთაშორისო აღიარების არარსებობისა და პოლიტიკური ბარიერების გამო" ეს ვერ ხერხდება.

მიმართვის ერთ-ერთი ავტორის, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიას თქმით, 1992-1993 წლებში, ქართულ-აფხაზური ომის დროს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარები აფხაზურ კულტურულ ძეგლებს ანადგურებდნენ, გაჰქონდათ აფხაზი ხალხის უნიკალური რელიქვიები და არტეფაქტები, უმოწყალოდ ბომბავდნენ ქრისტიანულ ტაძრებსა და სიწმინდეებს, რამაც აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის მხრივ, უმძიმესი სურათი შექმნა...

ამ მწვავე მიმართვაში, რა თქმა უნდა, არაფერია ნათქვამი ქართული მხარის მიერ არაერთგზის შეთავაზებულ, პრობლემის მოგვარების ერთობლივ გზებზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მზად იყო, როგორც ადამიანური, პროფესიული კადრები, ასევე ფინანსურ რესურსი გამოეყო აფხაზეთში არსებული უნიკალური ძეგლებისთვის, რათა საწყის ეტაპზე, მონიტორინგი, შემდეგ კი, ძეგლების დღევანდელი ფიზიკური მდგომარეობა დადგენილიყო, რის მერეც, სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყებოდა...

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძის თქმით, ქართული მხარე ახლაც მზად არის, რიგგარეშე ანგარიში გააგზავნონ, რათა ამ წინადადებებთან დაკავშირებით დაუდასტურონ მზაობა.

"ბევრი ძეგლი მართლაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გარდა ამისა, არაერთი ინფორმაცია გაქვს სხვადასხვა ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ, სადაც ზოგ შემთხვევაში პროფესიონალიზმის ან ცოდნის ნაკლებობის გამო, ქართული კვალის მიზანმიმართულად წაშლის თვალსაზრისით, მიუღებელი პროცესები ვითარდება".

მაშინ, როდესაც ტან კანია 90-იანი წლებში ქართული მხარის მიერ დანგრეულ "ადგილობრივ კულტურულ ძეგლებზე" საუბრობს, არაფერს ამბობს ოჩამჩირეში, XI საუკუნის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე, რომელსაც რესტავრაციის შემდეგ რუსული, ე.წ. ხახვისთავა გუმბათი დაადგეს, რასაც მაშინ, აფხაზური საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, თუმცა, საბოლოოდ, არაფერი შეცვლილა...

ჯერ კიდევ 2013 წელს აფხაზეთის ყოფილმა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ბედიის, მოქვისა და ილორის ტაძრების რეკონსტრუქციის განკარგულება გასცა, - მაშინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ხუროთმოძღვრების ისტორიული ნიმუშების მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მათი რესტავრაცია დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო, "სხვა შემთხვევაში, უძველესი ობიექტები ქვების გროვად იქცეოდა და ახალგაზრდა თაობას, აფხაზური მდიდარი ისტორიის შესახებ არაფერი ეცოდონებოდა", - აცხადებდა ანქვაბი...

აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების იუნესკოს ნუსხაში შეტანისა და ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან კომპრომისის აუცილებლობაზე სოხუმში წინა წლებშიც საუბრობდნენ, თუმცა, იდეა ჰაერში დარჩა და მისი განხორციელებისთვის არაფერი გაკეთებულა.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?