აფხაზეთში წლიდან წლამდე სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება

აფხაზეთში წლიდან წლამდე სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება

ბოლო წლების მონაცემებით, აფხაზეთში შობადობა ეცემა და სიკვდილიანობა მკვეთრად მატულობს. ამის შესახებ აფხაზურ მედიასთან დე ფაქტო რესპუბლიკის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების ხელმძღვანელმა რიტა ტრაპშმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთში, 2017 წლის პირველ ცხრა თვეში 1500-ზე ნაკლები ბავშვი დაიბადა, რაც 2016 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 500-ით ნაკლებია.

მისივე თქმით, 2000 წლის შემდეგ ასეთი მძიმე მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა. რადგან აფხაზეთში ეს პრობლემა წლებია დგას, ე.წ. პარლამენტმა გამოსავალი იპოვა და აბორტი აკრძალა, თუმცა, მალევე გაირკვა, რომ უარესი შედეგი მიიღეს - "კანონმა", რომელიც შობადობის გაზრდაზე იყო გათვლილი, ათეულობით ქალის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეიწირა, რადგან ე.წ. იატაკვეშა აბორტები და ექიმბაშები მომრავლდა...

"ყველამ ვნახეთ, რომ ამ კანონმა კარგი არაფერი მოგვიტანა, - მეტიც, 2016 წელს ორი მშობიარე დაიღუპა... იქნებ მითხრას ვინმემ, ვის კისერზეა მათი ცოდვა?.. არაერთხელ ვთქვი, აუცილებლად გასათვალისწინებელია სამედიცინო ჩვენება ორსულობის შეწყვეტის დროს, მაგრამ ყური არავინ მათხოვა... ახლახანს ჩვენთან მოვიდა ქალი, რომელიც მაღალი წნევის გამო ორსულობის შეწყვეტას ითხოვდა. უარი ვუთხარით, მაგრამ როდესაც მისი მდგომარეობა გართულდა, აბორტი გავუკეთეთ. სხვა გზა არსებობდა?" - კითხულობს ტრაპში.

მისივე განმარტებით, მშობიარეთა დიდი ნაწილი რუსეთში მიემგზავრება და მშობიარობის შემდეგ ორმაგ მოქალაქეობას იღებს...

აფხაზეთის დემოგრაფიული მდგომარეობა იყო ის პირველადი მიზეზი, რისთვისაც დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა 2016 წლის დასაწყისში აბორტის სრულ აკრძალვას დაუჭირეს მხარი. თუმცა, ერთი წლის შემდეგ აფხაზეთის ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ აბორტის აკრძალვა აფხაზეთში შობადობაზე დადებითად არ ასახულა, პირიქით, ისედაც დაბალი სამედიცინო მომსახურების ფონზე, რისკები გაიზარდა....

მაშინ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ჯანდაცვის "ექს მინისტრი" ანზორ გოოვი აცხადებდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აბორტის წინააღმდეგი იყო, მაგრამ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც აბორტი გარდაუვალია. მისი პოზიცია "პარლამენტარებმა" არ გაიზიარეს...

აფხაზი ჟურნალისტების თქმით, შობადობის შემცირებას ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გარდა, კიდევ ერთი მიზეზი აქვს - მიგრაცია. მათივე თქმით, ახალგაზრდები უმუშევრობისა და დუხჭირი ცხოვრებისგან თავის დასაღწევად რუსეთში მიდიან და შემდეგ უკან აღარ ბრუნდებიან...

"დიდი ალბათობით, ესეც არის მიზეზი, რომ 90-იანი წლების შემდეგ, აფხაზეთში შობადობა მკვეთრად შემცირდა... 2009-2012 წლებში, შობადობის მაჩვენებელი ასეთი იყო, - 2207, 2156, 2143, 2258... ბოლო წლებში, კონკრეტულად, 2015 წელს, აფხაზეთში, 1927 ბავშვი დაიბადა, 2016 -ში კი, 1247... ასეთი ვარდნა, ეკონომიკური პრობლემებითაც აიხსნება, თუმცა, ძალზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის თემა, რომელიც მამაკაცებში უფრო თვალშისაცემია, რაც ნარკოტიკების ხშირ მოხმარებას უკავშირდება... ისევ და ისევ ეს პრობლემები განაპირობებს სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს", - წერს აფხაზური მედია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი