18-თვიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის იზოლატორიდან გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლეს

18-თვიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის იზოლატორიდან გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლეს

ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი გიუნაშვილი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში თითქმის 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, გათავისუფლებულია და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს გადაეცა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გიორგი გიუნაშვილი ამჟამად საკუთარ ოჯახში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით დასახლებაში იმყოფება. მას უკვე ესაუბრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც დღესვე გათავისუფლებულის მონახულებას გეგმას.

გორის რაიონის სოფელ დისევში მცხოვრები გიორგი გიუნაშვილი 2016 წლის ივნისში ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. მისი გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის არაერთ შეხვედრაზე ერგნეთში (IPRM).

"მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა დაკავებულის გადმოცემა. ბოლო წლების განმავლობაში არსებობს ამგვარი საკითხების ირგვლივ თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება, როგორც ქართულ-აფხაზური, ისე ქართულ-ოსური ურთიერთობების ფარგლებში. გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანი და პოტიური ნაბიჯია სამშვიდობო პროცესში, რაც პოზიტიურად აისახება მთლიანად სამშვიდობო პროცესზე", - აცხადებენ უწყებაში.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?