"საპარლამენტო მმართველობა" - გამოსავალი აფხაზეთისთვის?

"საპარლამენტო მმართველობა" - გამოსავალი აფხაზეთისთვის?

"აფხაზეთი დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე" - აცხადებს აფხაზი პოლიტიკოსი, ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, სერგეი შამბა, რომლის თქმითაც, ასევე აუცილებელია "აფხაზეთის კონსტიტუციის შეცვლაც".

აფხაზი პოლიტიკოსის თქმით, - რეგიონში ვითარება გამოსწორებისკენ არ მიდის, პირიქით, სხვადასხვა სახის, ზედაპირული ღონისძიებების მიუხედავად, ყოველდღიურად ჭაობში ეფლობა, ამიტომაც, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ.

"მოვიდა დრო, საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადავიდეთ. სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, ეს აუცილებელია და გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ კავკასიის ქვეყნები თანდათან შესანიშნავად ითვისებენ მმართველობის ამ სტილს, რაზეც მუდმივად მსჯელობს ჩვენი საზოგადოება. ყოველ შემთხვევაში, ამაზე უარესი შედეგი, რაც ახლა გვაქვს, არ დადგება, რადგან უარესი, პრაქტიკულად გამორიცხულია..." - აცხადებს შამბა.

პოლიტიკოსის თქმით, გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ერთპიროვნული მმართველობას, ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე აქვს და "კონსტიტუციაში" ჩაწერილი მმართველობის დემოკრატიული ფორმა, თუმცა, ფაქტია, რომ "დემოკრატია აფხაზეთში ძალიან სუსტია..."

"ჩვენ ვხედავთ, რომ საკანონმდებლო და სასამართლო სისტემა ერთმანეთთან და ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირშია, უფრო სწორად, მასზე დამოკიდებულია. ვიდრე, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი არ მოხდება, ხელისუფლება მის ხელში არსებული ძალაუფლებას, ყოველთვის ბოროტად გამოიყენებს და ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი გვექნება..." - აცხადებს შამბა. დე ფაქტო ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, აფხაზი ახალგაზრდები ამაყობენ თავიანთი ქვეყნით და მათ საშუალება უნდა მიეცეთ, რომ ბედნიერად იცხოვრონ.

საპარლამენტო ცვლილებების შედეგად "გაბრწყინებული" აფხაზეთის არ სჯერა ადგილობრივ მოსახლეობას. მათი თქმით, მაშინ, როდესაც სოხუმში, ტროტუარიც კი არ არსებობს ქვეითებისთვის, საპარლამენტო მმართველობით პრობლემების მოგვარება და "ნორმალურ სახელმწიფოდ" ჩამოყალიბება, სასაცილოა...

აფხაზეთში მცხოვრები ჟურნალისტის, ნადეჟდა ვენედიქტოვას თქმით, რეგიონის მთავარი პრობლემა "კანონის" არარსებობაა. "გზებზე არსებულ განუკითხაობას წლიდან წლამდე ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი, "მკვლელი მძღოლები" ჩვეულებრივ განაგრძნობენ ცხოვრებას... პრეზიდენტები და შს მინისტრები იცვლებიან, ხალხი კი, მაინც იხოცება... ასეთ მძღოლებს, რამდენიმე დღის წინ ორი ქალი შეეწირა, მაგრამ არავინ დასჯილა..." - წერს ჟურნალისტი.

ალექსეი კასლანძია, აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი: "სახელმწიფოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, - ენერგეტიკის, ეკოლოგიის, მედიცინის, განათლების, ნარკოტიკების გავრცელების, გზებზე არსებული განუკითხაობის სფეროში, რასაც კორუმოპირებული ჩინოვნიკები ემატება... დარჩა რამე?.. ალბათ არაფერი... ხალხს სამუშაო არ აქვს, ყველას ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნა, - მნიშვნელობა არ აქვს იცის თუ არა საქმე... ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს კრიმინალის კუთხით, - ყოველდღე ერთი და იგივე გვესმის, - დააყაჩაღეს, გაძარცვეს, ესროლეს... თითქმის ისე, როგორც მაფიოზების ქვეყანაში. მრცხვენია, რომ ჩემს ქვეყანაში, პენსიონერი 500 რუბლს იღებს. ეს დაცინვაა... არაფერს ვამბობ, ჩემზე, - მე რუსეთის პენსიასა და პროფესორის ანაზღაურებას ვიღებ. ამის ფონზე კი, ჩინოვნიკების აპარატი და ხელფასები იზრდება.

ბატალი, 36 წლის, "საჯარო პირი:" "ახლახან, მეორე შვილი შემეძინა, - თან მიხაროდა, თან იმაზე ვფიქრობდი, როგორ გამომეყვანა ბავშვი სამშობიაროდან, რამდენი ფული დამჭირდებოდა... მრცხვენია, მაგრამ ამხელა კაცი ვარ და მშობლები მეხმარებიან, ბებიაც კი, თავისი პენსიიდან მაძლევს ფულს, შვილთაშვილისთვის... არადა, მას იქით უნდა ვეხმარებოდე. დარდი არ მასვენებს, როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს. ერთი სიტყვით, სასიხარულო ცოტაა... ამ ყველაფრის შემდეგ, ის, რომ ვიღაცები კონსტიტუაცია შეცვლიან და ახალი მართველობის სტილით ქვეყანას ეშველება, უბრალოდ, დაუჯერებელია. ხოჭო (ფაროსანა) ვერ მოგვაშორეს, განადგურდა ყველაფერი. რუსეთში, მანდარინის ექსპორტი 30%-ით შემცირდა, ვიძირებით და არ ვაღიარებთ..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?