ცხინვალი თუ დონბასი – საით იხრება რუსეთი?

ცხინვალი თუ დონბასი – საით იხრება რუსეთი?

ცხინვალში მიმდინარე წელს აფასებენ და სამომავლო გეგმებისთვის ემზადებიან. ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, გასული წელი სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ საინტერესო და წარმატებული იყო, თუმცა, ის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებზე ჯერჯერობით, ვერ აისახა. "რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საშინაო საკითხებზე მუშაობა, პრიორიტეტები უკვე დალაგებულია და მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ნარკომანიასთან ბრძოლა. ვაპირებთ, ამ პრობლემის მიმართ შეუწყნარებელი ვიყოთ. კანონი უნდა გამკაცრდეს,"- განაცხადა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება. ამ საკითხზე 2016 წელს, მაშინდელი პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და ექსპრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი "მუშაობდნენ". მათი ინიციატივით, ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთანავე უნდა გამართულიყო, თუმცა, ამჯერად ბიბილოვმა პოზიცია შეცვალა - მან წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ეს საკითხი, გაურკვეველი ვადით გადაიდო."

მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა ნებისმიერ დროს მზად არის რეფერენდუმი ჩაატაროს, მაგრამ ახლო მომავალში ამის აუცილებლობა არ არსებობს. ოსი ბლოგერების თქმით, სინამდვილეში, რუსეთს, პრობლემებით სავსე ცხინვალის რეგიონის "ბოლომდე აკიდება აღარ უნდა, მით უფრო, რომ ახლა დონბასზეა გადართული. ბიბილოვი კი, რომელიც პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ აგვარებს, პირდაპირ ვერ ამბობს, რომ რუსეთი დონბასისკენ იხრება და მოსახლეობის წინაშე თავს იმართლებს", – წერენ ისინი.

რუსი პოლოტოლოგის, ვლადიმირ ნოვიკოვის მოსაზრებით, რუსეთის ყურადღება დონბასისკენ არის მიმართული. ევროპისა და ამერიკის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, - თავი დაანებოს დონბასს, - რუსეთი აპირებს, მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დააყენოს და დონბასი მის ფარგლებში გააერთიანოს. რუსეთი ამ ფაქტს "დონბასის დახმარების" აუცილებლობით ხსნის.

"თუმცა, დონბასის დახმარების საკითხი სულაც არ ნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთმა რუსეთთან მიერთების საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოხსნას. მით უფრო, რომ ეს თემა უკვე სამი წელია ცხინვალის რეგიონში აქტუალობას არ კარგავს. თუმცა, ვერც ერთი მხარე - როგორც რუსეთი, ასევე ცხინვალი, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდა.

მიმაჩნია, რომ ეს უფრო პოლიტიკური საკითხია, რადგან არსებობს რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, სადაც ნათლად წერია, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომელთა სუვერენიტეტსაც რუსეთი იცავს.

თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რესპუბლიკაში ყოველთვის იყო კამათი. საზოგადოებამ კი კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ახლანდელ ხელმძღვანელობას საკითხის გადასაწყვეტად პოლიტიკური მექანიზმი არ გააჩნია. რამდენად მოტივირებულია ამისთვის რესპუბლიკა, უკვე სხვა საკითხია," - აცხადებს ნოვიკოვი.

მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი დონბასის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის ერთ-ერთი მხარდამჭერია, თუმცა, ალბათ, ერთადერთი – არა. გარდა ამისა, რესპუბლიკაში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმი კიდევაც რომ ჩაატარონ და დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ, - ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის შემადგენლობაში მაშინვე მიიღებენ. მოსალოდნელია, რომ უფრო პირიქით მოხდება, - "სამხრეთ ოსეთის მონდომება სულაც არ ნიშნავს, რომ მოვლენები დრამატულად განვითარდება და რუსეთი ცხინვალის რეგიონს მიიერთებს, დონბასი კი, დახმარების გარეშე დარჩება. არადა, ის მხოლოდ რუსეთის დახმარების იმედზეა," - წერს რუსი პოლიტოლოგი.

თუმცა, როგორც ვლადიმირ ნივიკოვი ამბობს, რეფერენდუმის თემის პიარით, ანატოლი ბიბილოვმა და მისმა პარტიამ, - "ერთიანი ოსეთი", უპირობო გამარჯვება მოიპოვეს. "ახლა კი, რადგან ამ მიმართულებით არაფერი იცვლება, ეს მათთვის ტვირთად იქცა. გამოდის, რომ ამომრჩეველი მოატყუეს. ახლა მთავარია, მათ რაღაც ახალი ლოზუნგი მოიფიქრონ, რათა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე მოსახლეობას ეს დაპირება გადაავიწყდეს,"- ამბობს ნოვიკოვი.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დეპუტატის, როლანდ ქელეხსაევის თქმით, ბიბილოვმა რეალური დაპირებების ნაცვლად, ამომრჩეველს ზღაპრულ სამყაროში ცხოვრების ილუზია შეუქმნა, თუმცა, ჯერჯერობით ჭაობიდან ამოსვლას ვერ ახერხებს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?