"რა მოგვიტანა ხუთდღიანმა ომმა, რომელმაც მსოფლიო შეძრა?"

"რა მოგვიტანა ხუთდღიანმა ომმა, რომელმაც მსოფლიო შეძრა?"

"ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო", 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყო და 12 აგვისტოს დამთავრდა. ისტორიაში იგი "ხუთდღიანი ომის" სახელით შევიდა. ამ ომმა მართლაც გააოგნა მსოფლიო საზოგადოებრიობა და დაადასტურა, რომ 21-ე საუკუნეშიც ძალა აღმართს ხნავს, ხოლო დასავლეთი ისეთივე მერკანტილურია, როგორც ყოველთვის.

ქრონიკა

2008 წლის აგვისტოს პირველი რიცხვებიდან შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში ვითარება დაიძაბა. 2 აგვისტოს ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს - ქვემო და ზემო ნიქოზს, ავნევს, ერედვს, ერგნეთს, 6 აგვისტოს დაიწყო ფრონეს ხეობის სოფლების ინტენსიური დაბომბვა.

7 აგვისტოს ფრონეს, ნულის და ავნევის მიმართულებით სროლა განახლდა.

7-8 აგვისტოს ღამეს ქართულმა სამხედრო შენაერთებმა ცხინვალზე შეტევა დაიწყეს. დაიწყო ქალაქის დაბომბვა. 7 აგვისტოს, 23 საათსა და 35 წუთზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვითი სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა სახელმწიფოებრიობის დაცვისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

8 აგვისტოს ცხინვალში ჩრდილო ოსეთიდან მოხალისეები ჩავიდნენ, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა სოფელი ერედვი, მარნეულისა და ბოლნისის სამხედრო აეროდრომები დაბომბეს...

გავა დრო და ევროკავშირის ეგიდით შექმნილი აგვისტოს ომის გარემოებათა შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის, ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნაში ეს მოვლენები ასე აისახება: "2008 წლის აგვისტოს  ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალის დაბომბვით, ქართული მხარის მასირებული საარტილერიო შეტევით". თუმცა, იქვე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მოსკოვის მიერ გამოყენებული ძალა არაპროპორციული, გადაჭარბებული იყო.

ომის პირველ დღეებში ხელისუფლების უმაღლესი პირები, მათ შორის უშიშროების საბჭოს იმჟამინდელი მდივანი კახა ლომაია, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ცდილობდნენ, მოსახლეობა დაერწმუნებინათ, რომ რუსეთი კონფლიქტში არ ჩაერეოდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი აცხადებენ, რომ 7 აგვისტოს რუსული სამხედრო ფორმირებები, რეგულარული არმია უკვე შემოსული იყო ქვეყნის ტერიტორიაზე.

ამ ყველაფერს კი მათი მილიტარისტული და როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, სრულიად უსაფუძვლო განცხადებები უძღოდა წინ. თემურ იაკობაშვილი ირწმუნებოდა, "შლოპანციან რუს და აფხაზ ჯარისკაცებს 3 საათში დავამარცხებთ", ხოლო უშიშროებისა და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე სევასტოპოლამდე აპირებდა "ჟანგიანი რუსული გემების" დევნას.

ეს ომი ლაკმუსის ქაღალდად იქცა და საზოგადოებას პოლიტიკოსების ნამდვილი სახე დაანახვა, ნიღაბი მოხსნა. მას ჰყავს თავისი გმირები და ანტიგმირები. ყველას ახსოვს გორში, თვითმფრინავის დანახვაზე შიშისაგან ჯერ გაურკვეველი მიმართულებით გაქცეული, შემდეგ კი მიწაზე განრთხმული ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი;

თავზარდაცემული პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელიც სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს და მოსახლეობას მოუწოდებდა, - ვისაც როგორ შეგიძლიათ, თოხებითა და ბარებით დაიცავით თავიო...

ომის ყველაზე მძიმე წუთებში, როცა მოსახლეობას გამხნევება სჭირდებოდა, შიშისაგან სახედაკარგული პრემიერ-მინისტრი გურგენიძე, რომელიც ამბობდა: თუ საჭირო გახდა, ჩვენი მეგობარი პრეზიდენტები უკან უნდა დავაბრუნოთო.

წითელ ხიდთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, მანქანების გრძელი რიგი იდგა, გარბოდნენ როგორც მაღალჩინოსნები, ისე რიგითი მოქალაქეები, თუმცა იყო თბილისელების მეორე ნაწილი, რომელიც მიუხედავად აშკარა საფრთხისა, ქალაქის დასავლეთ შემოსასვლელისკენ, დიღმისკენ მიდიოდა იმ ქართველი ჯარისკაცების დასახმარებლად, რომლებიც უმეთაუროდ, ბედის ანაბარა მიტოვებულები, სანგრებს თხრიდნენ და მზად იყვნენ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლათ. ამ ომის ნამდვილი გმირები სწორედ ეს უბრალო ქართველი მეომრები არიან, რომლებმაც იარაღი აისხეს და ისე წავიდნენ მტერთან საბრძოლველად, არ უკითხავთ - ვინ დაიწყო ომი?

ქართული სამშვიდობო ძალების სარდალმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა სამხედრო პირისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი: ხელისუფლებამ ცხინვალში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დაიწყოო... მოგვიანებით, გენერალი იძულებული გახდა, უკან დაეხია. ჩემი განცხადება იმპულსური იყოო. ომის პირველ დღეებში საქართველოს ხელისუფლება ისე დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, რომ უკვე მზად ჰქონდათ დროშები და ხალიჩები ცხინვალში აღლუმის ჩასატარებლად.

ეს ომი საქართველოსთვის კიდევ უფრო მძიმე შედეგით დასრულდებოდა, რომ არა საერთაშორისო საზოგადოებრიობის, განსაკუთრებით კი საფრანგეთის ხელისუფლების აქტიური ჩარევა. სწორედ პრეზიდენტმა სარკოზიმ იტვირთა შუამავლის როლი რუსეთსა და საქართველოს შორის, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულებით დასრულდა.

12 აგვისტოს თბილისში აღმოსავლეთ ევროპის 5 ქვეყნის პრეზიდენტი და ნიკოლა სარკოზი ჩამოვიდნენ, რუსთაველის გამზირზე კი ის მიტინგი-კონცერტი ჩატარდა სარკო-სარკოს ყვირილით, რომელიც დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს საზოგადოებაში... სწორედ მაშინ თქვა ბრწყინვალე კომპოზიტორმა ბიძინა კვერნაძემ მრავლისმეტყველი ფრაზა, რომელშიც მწარე სიმართლე იყო: "დღეს ვინ გვითევს ღამეს?" ფაქტია, რომ ომის დროს სრულიად დაუცველი აღმოჩნდა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები, საჰაერო თუ საზღვაო სივრცე. ქვეყნის პრეზიდენტი კი მოსახლეობას "ამშვიდებდა": თუ რუსები თბილისისკენ წამოვლენ, 12 საათით ადრე შეგატყობინებთო...

ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც აცხადებენ, ამ ომმა მსოფლიოს რუსეთის ნამდვილი სახე დაანახვაო. ღირდა კი ასეთი მსხვერპლი, ტერიტორიების დაკარგვა ამად?

აგვისტოს ომის პერიპეტიებსა და მისი გავლენის შესახებ დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრებიან პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.

პაატა ზაქარეიშვილი: "მრავლისმეტყველია, რომ ქართულ მხარეს ტალიავინის დასკვნის სრული თარგმანი დღემდე არ გამოუქვეყნებია"

- ბატონო პაატა, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ომი სამხედრო თვალსაზრისით კი წავაგეთ, მაგრამ პოლიტიკურად გამარჯვებულები ვართო...

- ეს სრული აბსურდია. რუსეთი მსოფლიოსთვის დიდი ხანია გამოაშკარავებულია. ფაქტია ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ჩეჩნეთის ომის მერე უფრო მკაცრი იყო მოსკოვის მიმართ, ვიდრე აგვისტოს ომის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლებას წინდახედულება და პოლიტიკური ალღო არ ეყო, ეს საბედისწერო ნაბიჯი არ გადაედგა და ბოლომდე ჩაჰყვა რუსეთს ავანტიურაში. რომელ პოლიტიკურ გამარჯვებაზეა ლაპარაკი? ამ ომის შემდეგ საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების შანსი კატასტროფულად შემცირდა.

თუ 2005 წლის ბოლოსთვის ცხინვალის კონფლიქტის მოგვარება დაახლოებით 3-4 წელიწადში, ხოლო აფხაზეთისა - 7-8 წელიწადში იყო შესაძლებელი, 2006 წლის მაისისა და მით უმეტეს, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, გაურკვეველი ვადით გადაიდო. საქმე ის არის, რომ 2006 წლის ზაფხულში სააკაშვილის ხელისუფლებამ თანამდებობიდან გაათავისუფლა გოგა ხაინდრავა და ირაკლი ალასანია, რომლებიც წარმატებით მუშაობდნენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემებზე; აქედან დაიწყო შეუქცევადი მილიტარისტული პროცესები, აგვისტოს სისხლისღვრა კი დამაგვირგვინებელი აკორდი იყო.

რუსეთმა სააკაშვილი საომარ მოქმედებაში ჩაითრია, შეაყვანინა რა ქართული ჯარი ცხინვალში, ქალაქის აღების ილუზიით. მოსკოვმა შეძლო, ქართული მხარე დაერწმუნებინა, თითქოს არ იყო დაინტერესებული ცხინვალის რეგიონის ბედით. ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე სააკაშვილი აცხადებდა: რუსებს რამდენჯერმე წამოსცდათ, რომ მათ სამხრეთ ოსეთი არ აინტერესებთ.

2008 წლის 9 აგვისტოს, საღამოს 17.00 საათზე გამოქვეყნდა პრეზიდენტის განკარგულება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ რუსული არმია 8 აგვისტოს შემოვიდა, ანუ მითი, რომ რუსეთი 7 აგვისტოს, ცხინვალზე ჩვენს იერიშამდე შემოიჭრა, იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო შეთხზული... ომის პირველ დღეებში მხოლოდ ოსებსა და ქართველებს შორის დაპირისპირებასა და დიალოგის აუცილებლობაზე იყო საუბარი... სააკაშვილის ცხინვალში შესვლა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჯარის შემოყვანის საბაბად გამოიყენა.

სწორედ ეს წერია ტალიავინის დასკვნაში, რაც ქართულ მხარეს საუკეთესო მხრიდან სრულებით არ წარმოაჩენს, თუმცა, ასევეა რუსეთის კრიტიკაც. მრავლისმეტყველია ისიც, რომ ქართულ მხარეს ტალიავინის კომისიის დასკვნის თარგმანი სრულად არ გამოუქვეყნებია, მხოლოდ ფრაგმენტებია გამოქვეყნებული.

- როგორ აფასებთ ამ ომში დასავლეთის, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების როლს?

- ბუშის ადმინისტრაციის ნეოკონსერვატიული ფრთის, სენატორების - ლუგარის, მაკკეინისა და განსაკუთრებით, ვიცე-პრეზიდენტ ჩეინის მიზანი იყო, სააკაშვილს რუსეთის გამომააშკარავებლის როლი ეთამაშა, როგორც დიდ ზვიგენებს იჭერენ ანკესზე წამოცმული პატარა და საშუალო თევზებით. საქართველო გამოიყენეს, როგორც ამერიკულ ანკესზე წამოგებული პატარა თევზი, რათა ზვიგენი (თეთრი დათვი) ბუნაგიდან გამოსულიყო, მაგრამ როცა რუსეთი ღია მოქმედებაზე გადავიდა, ბუშს გაოგნებისგან ენა მუცელში ჩაუვარდა... თუმცა მხოლოდ სხვას ნურაფერს დავაბრალებთ, თავმოყვარე და ღირსეული ხელისუფლება უნდა მიხვდეს, ვის თამაშს თამაშობს.

რაც შეეხება ამ ომის შედეგების აღმოფხვრას, ამაზე ლაპარაკი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავა, რადგან ის სულ უფრო აღრმავებს უფსკრულს ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის, უარს ამბობს მათთან პირდაპირ დიალოგზე და განაგრძობს პაექრობას რუსეთთან. ასე რომ, შექმნილი ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის დემოკრატიზაცია, დემოკრატიული ხელისუფლების არჩევაა.

ასეთ საქართველოსთან თანამშრომლობით აფხაზები და ოსები თვითონ დაინტერესდებიან. დღეს კი ისინი ასეთი არჩევანის წინაშე დგანან: რუსეთის ძლიერი ავტორიტარული რეჟიმი თუ საქართველოს პაროდიული ავტორიტარული რეჟიმი? და არჩევანს, ცხადია, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ არ აკეთებენ.

ირაკლი სესიაშვილი: "კითხვას: შევძლებთ ცხინვალის აღებას? სამხედრო მაღალჩინოსნებმა უპასუხეს - "დიახ!"

"სააკაშვილი დღესაც ყველა სოფელში რეზერვისტთა ამოქმედებაზე საუბრობს"

- ხელისუფლებამ შეცდომების მთელი კასკადი დაუშვა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორც კონფლიქტების მოგვარების, ისე რუსეთთან ურთიერთობის დოქტრინა კრიტიკას ვერ უძლებდა. ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაში რუსეთის ფაქტორი ჯეროვნად არ იყო გათვალისწინებული, თითქმის გამორიცხავდა მისგან ფართომასშტაბიან აგრესიას, რაც ხელისუფლებას ხელს აძლევდა. ჩვენი შეიარაღებული ძალების რეალური შესაძლებლობები გააანალიზეს. ქართული არმია მოუმზადებელი იყო ასეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებისთვის, - ჩვენმა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალებმა ვერ შეძლეს მტრის შეკავება.

- გავრცელებული ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს სამხედრო შტაბებს ხშირად პოლიტიკოსები ხელმძღვანელობდნენ და გადაწყვეტილებებსაც ისინი იღებდნენ...

- ამ მძიმე შედეგის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს არაპროფესიონალები მართავენ, რომლებმაც დილეტანტური გადაწყვეტილებები მიიღეს. როდესაც დაისვა კითხვა: შეძლებენ საქართველოს შეიარაღებული ძალები ცხინვალის გათავისუფლებას, აღებას კონკრეტულ ვადაში? უმაღლესი რანგის სამხედრო პირებმა უცერემონიოდ თქვეს - "დიახ!" შესაბამისად, არც უკანდახევის გეგმა იყო გათვალისწინებული.

კრიტიკული ვითარებისას, ხელისუფლებამ პროცესებში ჩართო ინტელექტუალური რესურსი, რომელთაც სამხედრო სფეროში ბევრი არაფერი გაეგებოდათ, ამ ბაკქანალიაში იყვნენ ჩართული პოლიტიკოსები თუ არაპოლიტიკოსები, ძველი ბიჭები და ქურდები. ყოველივე ამის შედეგად, ქართული არმია ქაოსურად დაიფანტა, დაიშალა და მოწინააღმდეგეს არნახული თავისუფლება მიეცა, მიეღწია თავისი მიზნებისათვის. შედარებით კარგად იმუშავა ჩვენმა არტილერიამ, მათ ჰყავდათ პროფესიონალი კადრები, რომლებმაც აფხაზეთის ომში მიიღეს სამხედრო ნათლობა.

პროფესიონალიზმი სამხედრო სფეროში უმთავრესია: გივი თარგამაძე, შესაძლოა, წარმატებული რევოლუციონერი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას საბრძოლო ბრძანებების გაცემა შეეძლოს, გიგი უგულავა, შესაძლოა, კარგ პურს აცხობდეს, მაგრამ მან ვერ უზრუნველყო ომის დროს ზურგის სამსახური. რეზერვისტთა სამსახურმა ომის დროს ვერ იმუშავა, რადგან მისი შექმნის საწყის ეტაპზევე არაერთი შეცდომა დაუშვეს...

ომის გაკვეთილებმა ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ბევრი ვერაფერი ასწავლა - ჰგონიათ, რომ ომში წარმატება მებრძოლთა რაოდენობაზეა დამოკიდებული, ამას მოწმობს სააკაშვილის სიტყვები, რომელიც ახლახან თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას წარმოთქვა: "ყველა სოფელში, დასახლებულ პუნქტში უნდა შეიქმნას პატარ-პატარა მომზადების ჯგუფები და ამისთვის საჭიროა იარაღიც".

თუმცა, თუნდაც ნახევარი მილიონი ჯარისკაცი ვერ იქნება სახელმწიფოს სამხედრო ძლიერების გარანტი, თუ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, მის გარშემო სამხედრო-პოლიტიკური თეატრის ყველა მიზანსცენა და ნიუანსი არ გაითვალისწინე, პირიქით, ასეთი პოლიტიკა უფრო სახიფათოც კი არის. საქართველოს პატარა, მობილური და ეფექტური არმია უნდა ჰყავდეს.

რა მივიღეთ 5-დღიანი ომის შედეგად

ოფიციალური ინფორმაციით, ომში საქართველოს 412 მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 170 სამხედრო, 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი. ომმა იმსხვერპლა 2 ქართველი და ერთი ჰოლანდიელი ჟურნალისტი. 10 ჯარისკაცი და 14 პოლიციელი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ომის შედეგად ქვეყანამ დაკარგა ახალგორი, კოდორის ხეობა - უკანასკნელი ფორპოსტი აფხაზეთის ტერიტორიაზე, 130-ზე მეტი სოფელი და რაც მთავარია, რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, - ამ ნაბიჯის გადადგმას ის ომამდე ვერ ბედავდა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?