ცხინვალის რეჟიმი ახალგორის რაიონში ოსი დევნილების ჩასახლებას გეგმავს, - ამის შესახებ სააგენტო "რესს" საცხოვრებელი ფართის დე-ფაქტო სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ელეონორა ბედოევამ განუცხადა.
ბედოევას ინფორმაციით, ახალგორის რაიონში დაბრუნებას აპირებს 80 ოჯახი, რომლებიც სახლებიდან "საქართველოს ხელისუფლებამ 90-იან წლებში გააძევა". მისივე თქმით, ახლო მომავალში ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლები ოს დევნილებს შეხვდებიან და მათი დაბრუნების საკითხებს გადაწყვეტენ.
"საქართველოს მოქალაქეები ოსების სახლებში შესახლდნენ და უკანონოდ გადაიფორმეს. ამ ყველაფერზე არსებობს საქართველოს მთავრობის უკანონო აქტები. ადამიანების უკანონო გამოსახლებებთან დაკავშირებით იმ წლებში სასამართლო გარჩევები არ ჩატარებულა. გავიდა ორი წელი მას შემდეგ, რაც ლენინგორის რაიონს ისევ სამხრეთ ოსეთი აკონტროლებს და გაძევებული ხალხი ელოდება იმ დღეს, როცა რესპუბლიკა სახლების დაბრუნების საშუალებას მისცემს", - განაცხადა ბედოევამ.
მისი შეფასებით, ოსი დევნილების - "ჯანსაღი ძალის, ოსური ინტელიგენციის დაბრუნება" რაიონის და მთლიანად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცხოვრებაზე დადებითად აისახება.
"აქ საჭიროა ოსური და რუსული ენების მცოდნე ხალხი. მასწავლებლებმა, ექიმებმა, ინჟინრებმა - 90-იან წლებში ეს რაიონი ყველამ დატოვა. ისინი მზად არიან, დაბრუნდნენ და სოფლის მეურნეობა, კულტურის სფერო და განათლება ააღორძინონ", - განაცხადა ბედოევამ.