სოხუმს აფხაზეთში გაერო-ს დამკვირვებლების შესვლა ამ დროისთვის არარეალურად მიაჩნია. როგორც საინფორმაციო სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება, ამის შესახებ ჟენევის დისკუსიებზე სოხუმის რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ განუცხადა.
ჩირიკბას თქმით, აფხაზეთში გაერო-ს მისიის ან დამკვირვებლების განთავსება ამ ეტაპზე მხოლოდ თეორიულად დასაშვები ვარიანტია.
"აფხაზეთს მუდმივად აქვს კავშირი გაერო-სთან, განსაკუთრებით კი, ჟენევის დისკუსიების ფორმატში. აფხაზეთში ჩამოდიან გაერო-ს წარმომადგენლები. ისინი მონაწილეობენ გალის რეგულარულ ხუთმხრივ შეხვედრებში. იმედი გვაქვს, აფხაზეთში მომავალში ამ გლობალური საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდება და მაშინ აფხაზეთში ამ ორგანიზაციის სრულფასოვანი წარმომადგენლობის ყოფნა სრულიად ბუნებრივი იქნება; ჯერ კი, ამაზე საუბარი ნაადრევია", - აღნიშნა ჩირიკბამ.
გამოცემა "ვზგლიადმა" გუშინ გაავრცელა ვიაჩესლავ ჩირიკბას კომენტარი, რომელშიც აცხადებს, "სოხუმს საზღვრის აფხაზურ მხარეზე გაერო-ს დამკვირვებლების დაშვება სურს". მისი განმარტებით, ამ მექანიზმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ახალი, აფხაზური პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც სოხუმის რეჟიმი ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდზე წარადგენს.