"ანტირუსული ჩოჩქოლი აფხაზეთში"

"ანტირუსული ჩოჩქოლი აფხაზეთში"

ეს ადამიანი წლების შემდეგ, მშობლიურ ქალაქში ქურდულად შეიპარა, გზად ილორის წმინდა გიორგის ტაძარში სანთელი დაანთო და თავის სულიერ მამას დაურეკა, ილოცეთ, რომ სახლში მშვიდობით დავბრუნდეო... მოძღვარმა სთხოვა, იმ ტაძარში თავმომწვარი სანთლები ჩამოეტანა მისთვის და წირვის დროს დარეკილი ზარები მობილური ტელეფონის მეშვეობით მაინც მოესმინებინა: ტაძრის ვიდეო და ფოტოგადაღება საშიში იყო...

პირველ სახიფათო ნაბიჯს მეორე მოჰყვა. ცდუნება დიდი იყო. დადიოდა აფხაზეთის გადამწვარ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ქალაქი ქალაქს არ ჰგავდა და სოფელი ნასოფლარად ქცეულიყო; იქ, სადაც ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა, შეღამებულზე, ქალაქის გარეუბნებში მხოლოდ ზარების რეკა და ტურების კივილი ისმოდა. "თუ რუსების სამხედრო კოლონას არ ჩავთვლით, მთელი დღის განმავლობაში გამეფებულ სიჩუმეში ეს ხმები აფხაზეთის წარსულსა და აწმყოში საოცარ კონტრასტს ქმნიდა", - მიყვება სოხუმიდან დევნილი, რომელსაც მშობლიური ქალაქის ნოსტალგიამ, როგორც ადგილობრივები იტყვიან, "ქართულ-რუსულ-აფხაზური საზღვარი" გადაალახვინა.

- 15 წლის შემდეგ, პირველად ავედი ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში. მარიამობის დღესასწაული იყო. ტაძარში ცოტა ხალხი იყო და მივხვდი, რომ ყველა ერთმანეთს იცნობდა. ისინიც მიხვდნენ, რომ უცხო ვიყავი და ისე მიყურებდნენ, მღელვარებისგან მუხლები მიკანკალებდა... იმ სალოცავში შესვლა ჩემი მოძღვრის თხოვნა იყო, რომელიც წლების წინ სწორედ იმ ტაძარში აკურთხეს მღვდლად. მან ილორის ტაძრის აფხაზ წინამძღვართან დამაბარა, - სიკვდილამდე ერთხელ მაინც მომეცით ნება, რომელიმე დღესასწაულზე იმ ტაძარში ავიდე და წირვა-ლოცვა ჩავატაროო. როცა ეს მამა ილარიონს ვუთხარი, შეყოყმანდა: - მე ამის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ ტაძარს არც ისე დიდი მრევლი ჰყავს, თან მათი უმეტესობა ქართველები არიან და ამ საკითხთან დაკავშირებით "პასუხისმგებლობით აღჭურვილ" აფხაზებს უნდა შევუთანხმდეთ, რადგან ასეთ რაღაცებს მაინც ისინი წყვეტენო... - შემდეგ კი სინანულით დასძინა: - აქ ისეთი ავტორიტეტით აღარ სარგებლობს სასულიერო პირი, როგორც საქართველოშიო...

ეს ერთგვარი გაფრთხილება იყო, - რომ ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად, აფხაზებთან პირადი კონტაქტი მესაჭიროებოდა. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, მართლაც მივაღწიე იმას, რომ ილორის ტაძარში ერთი დღე ქართველი მოძღვრისთვის დაეთმოთ, მაგრამ ჩემმა მოძღვარმა იქ ქართველი მედავითნეებისა და მგალობლების გუნდის ჩაყვანაც მოისურვა, რაც ამ ნაბიჯს კიდევ უფრო რისკიანს ხდიდა. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემი მოძღვრის მოსახელე სასულიერო პირისგან წყენა ახსოვდათ და ვერაფრით დავაჯერე, რომ ის სხვა ტაძრის მღვდელმსახური იყო. ერთი სიტყვით, რაც მეტს ვმუშაობდი ამაზე, მით უფრო კარგად ვხვდებოდი, რომ იქ სასულიერო პირები და უშიშროება მჭიდროდ თანამშრომლობდნენ და ამ საქმეს თავი დავანებე.

- ვიცი, რომ თქვენი მოძღვარი პირადად ესაუბრა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარს...

- დიახ. მაშინ უკვე ძალიან ცუდად იყო, თითქმის ლოგინად ჩავარდნილი სიკვდილს ებრძოდა. მისი კურთხევით, კიდევ ერთხელ გადავედი აფხაზეთში და იქაურ ქართველ მრევლს სიმბოლური საჩუქრები ჩავუტანე. აფხაზ მოძღვარს ეს ჟესტი დიდად არ ესიამოვნა, მაგრამ არაფერი უთქვამს, უბრალოდ გამაფრთხილა, - ძალიან პატრიოტულ ნოტაზე ნუ გადახვალთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ხალხმა აქ უნდა იცხოვროსო... გამოკვეთილი სეპარატისტია; ვერ ვიტყვი, რომ ქართველების მიმართ რაღაც ლოიალურობით გამოირჩევა, მაგრამ საკუთარ საქმეს ღირსეულად ართმევს თავს და ამას მრევლიც აღიარებს. საოცრება იყო, რომ ამ ტაძარში თითქმის ყველა ხატს მირონი სდიოდა. მამა ილარიონმა ყველას ჩამოსწმინდა მირონი და ის ტილო ქართველი მღვდლისთვის გამომატანა. ჩემს მოძღვარს ტილო სიკვდილამდე ხელიდან არ გაუშვია, მაგრამ დაიბარა, იმ ტაძარში დარჩენილიყო, სადაც მსახურობდა.

- რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირაში ერთხელ ამ ტაძრის მოძღვარი ქართველი მრევლისთვის ქართულ ენაზე სწირავდა. იმ მამაოზე ხომ არ გქონიათ საუბარი?

- არა, ეს მამაო სეპარატისტული განწყობილებით გამოირჩევა. მაგრამ იმ ტაძარში მართლაც მსახურობდა სასულიერო პირი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე თავის სენაკში ქართულად სწირავდა, ოღონდ ეს ძალზე იშვიათად ხდებოდა, ალბათ სულ რამდენიმე შემთხვევა თუ იყო. დიდი ხანია, ეს ადამიანი იქ აღარ მსახურობს, თუ არ ვცდები, რომელიღაც მამათა მონასტერში წავიდა. მასზე ლაპარაკს ადგილობრივები ერიდებიან... ახლა ილორის ტაძარში წირვა აფხაზურ და რუსულ ენებზე მიმდინარეობს. შენობა გარემონტებული და მოვლილია, მაგრამ წინამძღვარი იმაზე წუხდა, რომ ხალხი რწმენით არ ცხოვრობს და არც სულიერებაზე ზრუნავს....

- თქვენი მონაყოლიდან ირკვევა, რომ იქ საკმაოდ ხშირად ხართ, ალბათ ადგილობრივებთან ურთიერთობაც გიწევთ...

- ხშირად - არა, წელიწადში ერთხელ თუ ჩავალ, მაგრამ რამდენიმე დღე ვრჩები და ვცდილობ, ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენო... აფხაზეთში პირველად 2006 წელს ჩავედი. დედა აფხაზი მყავს, მაგრამ 1990-იან წლებში მაინც ვიბრძოდი: მაშინ მეგონა, რომ ასე იყო საჭირო... სამხედრო ნაწილი თუ ლაშქარი ჩემნაირებით იყო დაკომპლექტებული, მათაც ჩემსავით, სამხედროს გაკვეთილებზე ჰქონდათ ნასწავლი "კალაშნიკოვის" დაშლა-აწყობა და ყოველი შეტევის დაწყებისას, პირჯვარს ვიწერდით, ჩვენი ტყვია ნათესავსა და ახლობელს არ მოხვედროდა...

არ მინდა ომზე ლაპარაკი, ვინაიდან, რაც აფხაზ ნათესავებთან კავშირი აღვადგინე, მას შემდეგ, ვცდილობ, ამ უბედურებაზე არ ვილაპარაკო. არც ისინი საუბრობენ იმ წლებზე. მისალმების შემდეგ აუცილებლად მკითხავენ, - რა ხდება თბილისშიო?.. არ დაიჯეროთ, რომ მათ აქაური ამბები არ აინტერესებთ. ყველაფერს ადევნებენ თვალყურს, ნებისმიერი ახალი სკვერისა თუ პარკის გახსნასაც კი... კანონები რომ მკაცრდება, ხალხი მათ შესრულებას როგორ ეჩვევა, - ამაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. ერთმა აფხაზმა მითხრა, - სამეგრელოში, აფხაზეთის საზღვართან ახლოს მდებარე რომელიღაც სოფელში ფარული კამერა ყოფილა დამონტაჟებული; ჩემმა ნათესავმა მოძრაობის წესები დაარღვია და ავარიული სიტუაცია შექმნა; მეორე დღეს საჯარიმო ქვითარი სახლში მიუტანეს და როგორ ხდება ეს ყველაფერი, ამიხსენიო...

როცა იქ ჩავდივარ, ყველაფერზე ვლაპარაკობთ, საბჭოთა საქართველოს პერიოდს ვიხსენებთ, ცხოვრების წესების შეცვლაზე, ტრადიციების მივიწყებასა და თანამედროვეობის მანკიერებებზე ვსაუბრობთ, მაგრამ 1990-იან წლებს არავინ იგონებს. ომის თემა ტაბუდადებულია. სოხუმში დეიდაშვილების სახლში ვრჩები და როცა ჭიშკარში სტუმარი შემოდის, მისი ჩაცმულობის მიხედვით ვხვდები, რა ეროვნების არის.

- როგორ?

- პერანგის ყველა ღილი ბოლომდე აქვთ შეკრული და ოჯახის დიასახლისს თვალს არიდებენ: მასპინძლის ქალისთვის სახეში ჯიქურ შეხედვა და "შეღიმილება" ცუდ ტონად ითვლება და ამას ახალგაზრდა აფხაზებიც მკაცრად იცავენ... რუსების მხრიდან უცხოებთან თავისუფალი და გახსნილი ურთიერთობა მათ აღიზიანებთ, მაგრამ მხოლოდ ეს როდია მათსა და რუსებს შორის უხმო ჭიდილის მიზეზი.

- მაშ, კიდევ რა არის?

- პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ისინი კარგად არიან ინფორმირებული ქართული პოლიტიკური სიახლეების შესახებ, რადგან სოხუმში, ოჩამჩირესა და გალში თითქმის ყველა კორპუსიდან და სახლიდან ისმის "ქრონიკისა" და "კურიერის" ხმები... ქართული საინფორმაციო გამოშვებების დასრულების შემდეგ, უკვე რუსულ არხებზე რთავენ. მათ აღიზიანებთ რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება აფხაზეთის საკურორტო ზონის მიმართ. როცა ბათუმის, ქობულეთის, ანაკლიისა და განმუხურის კადრები ნახეს და მისი განვითარების გეგმები მოისმინეს, უკმაყოფილება ჩემი თანდასწრებითაც კი არ დაუმალავთ. ეგონათ, აფხაზური არ მესმოდა და ერთმანეთს გადაულაპარაკეს, - ნახე, ეს კაცი (საქართველოს პრეზიდენტს გულისხმობდნენ) როგორ არ ისვენებს; ერთს წაართმევს, მეორეს აშენებს და ალამაზებს, რომ როგორმე ტურისტები მიიზიდოს!

წლების წინ ვის რად უნდოდა ბათუმის სანაპირო?! ახლა კი იქაურობა ისეა გაბდღვრიალებული, მარტო მისი ქუჩების დასათვალიერებლად ღირს იქ ჩასვლა, ჩვენ კი 20 წელია, ერთ ადგილს ვტკეპნითო... აფხაზების თქმით, რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს, ადგილობრივები დაამშიოს და არ უნდა, რომ ეს რეგიონი, როგორც საკურორტო ზონა განვითარდეს, თორემ თავადაც უზარმაზარ მოგებას მიიღებდაო.

- რა ვერსიები აქვთ - რატომ ამბობს რუსეთი ამაზე უარს?

- მათი თქმით, რუსეთს სურს, აფხაზეთი, როგორც სამხედრო ბაზა, ისე აითვისოს საბოლოოდ და სრულად, რაც თავისთავად, აფხაზების ასიმილაციას ნიშნავს და შემდეგ, როცა ისინი უკვე რკინის მარწუხებში მოექცევიან და მათგან წინააღმდეგობის გაწევის საფრთხეც აღარ იარსებებს, სოხუმს, გაგრასა და ბიჭვინთას "მიხედავენ"... აფხაზები ხვდებიან, რომ ეს ყველაზე რეალური ვერსიაა და სინამდვილესთან მართლაც ახლოს დგას. ხალხი უკვე ხვდება, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა დამოუკიდებლად, სკოლის დირექტორსაც კი ვერ დანიშნავს და ამბობენ, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება...

- ეს რას ნიშნავს?

- ჯერჯერობით თავადაც ვერ არქმევენ სახელს იმას, რასაც აპირებენ და როგორც აპირებენ, მაგრამ ამბობენ, რომ აუცილებლად რაღაც უნდა მოხდეს... იქ შექმნილი დაძაბულობა თანდათან სახალხო აჯანყებისწინა პერიოდს ემსგავსება. აფხაზების ერთ-ერთი ვერსია ამ პროცესში ქართველების თანამონაწილეობას გამორიცხავს, რადგან, უკმაყოფილების მიუხედავად, ისინი მაინც რუსების გავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი, რადგანაც რუსი პირდაპირ ეუბნება, - თუ ჩვენ მიგატოვებთ, მაშინვე შემოვა ქართული ჯარი და რამდენიმე დღეში "კონსტიტუციურ წესრიგს" დაამყარებსო. ქართველის მიმართ შიში კი, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, მართლაც გაუცხოველდათ... ქართველისადმი ზიზღი და შიში ძლიერია და ბევრ მათგანს არც ის უნდა, რუსისგან მხსნელად ქართველი მოევლინოს...

- ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაში აფხაზებს რუსების დამოუკიდებლად მოშორების ილუზია აქვთ?

- არა, ეს ილუზია ნამდვილად არა აქვთ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ამ ნაბიჯის შემთხვევაში, რუსეთი ცოტა ხნით მაინც დაიხევს უკან და სტრატეგიას შეცვლის... ბოლო დროს ვრცელდება კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ჩემი ნათესავებისგან მოვისმინე, - ეს არის ქართველებისა და აფხაზების ერთობლივი, ასევე სახალხო აჯანყება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება არ იქნება ჩარეული და მოძალადის წინააღმდეგ უბრალო ადამიანები გაერთიანდებიან...

როცა ამას მოვკარი ყური, მაშინვე ვუთხარი, - რუსეთი ყოველდღიურად ახდენს თავისი შეიარაღების დემონსტრირებას და საპროტესტო ტალღის ჩაქრობა არ გაუჭირდება-მეთქი... აშკარად არ ამბობენ, მაგრამ აფხაზეთში 1980-იანი წლების განმეორება იგეგმება, როცა რუსები იდეოლოგიური მეთოდებით ამხედრებდნენ მათ ქართველების წინააღმდეგ, ოღონდ ამ შემთხვევაში, საქართველოსა და რუსეთის როლები შეცვლილია... ეს მხოლოდ იდეის დონეზეა, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ მტრულად არიან განწყობილი და დიდი და თანამიმდევრული მუშაობა სჭირდება იმას, რომ ამ სახიფათო გეგმის შესახებ, ქართველებთან პირისპირ და ღიად ისაუბრონ. მათ ბუნებას კარგად ვიცნობ და ვიცი - მიუხედავად იმისა, რომ ჩიხში არიან მოქცეული, არც ულტიმატუმის ენით საუბარს მოერიდებიან, რასაც ხასიათი და უახლესი წარსულის გამოცდილება აიძულებს...

ერთი სიტყვით, ყველაფერი დიპლომატიაზეა დამოკიდებული. საქმეს ართულებს ისიც, რომ აფხაზები ქართველებს ორ ნაწილად ყოფენ - მათ მოკეთე და მონათესავე ხალხად, რომელსაც პატივს სცემენ და ენდობიან და უცხოებად, რომლებსაც მტრად მიიჩნევენ... საქმე ის არის, რომ აფხაზების დამოკიდებულების შესახებ სრულად არის ინფორმირებული რუსეთი და თუ მაინც წავიდნენ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე, ეს ეთნოსის თვითგადარჩენისთვის გადადგმული უკიდურესი ნაბიჯი იქნება.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?