ცხინვალის რეჟიმი ახალგორის ქართულ მოსახლეობას ოსებად იხსენიებს. ახალგორელები ოსებად ცხინვალურმა მედიამ რაიონში რუსული საველე ჰოსპიტალის საქმიანობის გაშუქებისას მოიხსენია.
რუსული საველე ჰოსპიტალი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში, 22 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე მუშაობდა.
"ამ დროის განმავლობაში რესპუბლიკის მოქალაქეებს უმაღლესი დონის სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს - ლენინგორის რაიონში მუშაობდა საველე ჰოსპიტალი, სადაც გამოკვლევა 1500-ზე მეტმა ოსმა გაიარა. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მთავარი კლინიკური სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებმა გამოიკვლიეს ზნაურის რაიონის 880 მცხოვრებიც", - იუწყება ერთ-ერთი ცხინვალური საინფორმაციო ვებგვერდი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში, ასევე, ჩაიტანეს 30 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი და ჩაატარეს საოციალურ-სამოტივაციო ტრენინგები, რომელიც 80-მა ადამიანმა გაიარა.
ანალოგიური აქცია აფხაზეთშიც იგეგმება.