საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერაყს საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 3,6 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს.BBC-ს ცნობით, ეს არის სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი ყველაზე დიდი კრედიტი, რომელიც ერაყის მთავრობას ბოლო წლებში ქვეყნის აღსადგენად მიუღია.
სანაცვლოდ, ერაყის ხელისუფლებამ ეკონომიკის რამდენიმე დარგის ლიბერალიზაცია უნდა მოახდინოს. კერძოდ, დააფინანსოს მეწარმეები და ფერმერები. 3,6 მილიარდიანი კრედიტით სამშენებლო პროექტები და სოციალური სექტორი დაფინანსდება.
ერაყის ეკონომიკის შემოსავლის ძირითადი წყარო ნავთობია, რომლის ფასი ბოლო პერიოდში უკიდურესად არასტაბილური იყო, ამიტომ ერაყს დონორთა დახმარება დასჭირდა.
სავალუტო ფონდთან შეთანხმება ირანში საპარლამენტო არჩევნების წინ გაფორმდა. უცხოელ პოლიტიკოსთა აზრით, ეს არჩევნები ცხადყოფს, რამდენად დემოკრატიულია ამჟამინდელი ერაყი.
თუმცა, წინასწარი გამოკითხვებით, ახალი პარლამენტის მთავარ ამოცანად ერაყელები ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებაზე მუშაობას ასახელებენ.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.




















