სამწუხაროდ, გასული კვირა საქართველოში საწარმოო ტრავმებითა და მსხვერპლით აღინიშნა. თბილისში მშენებარე კომპლექს "აფთაუნ თბილისზე" მომხდარ ინციდენტს ტყიბულის მაღაროში მომხდარი ტრაგედია მოჰყვა. ასევე თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მშენებარე სახლის კედლის გადმონგრევა დასახლებული ეზოსკენ, სავსებით შესაძლებელია, ტრაგედიით დასრულებულიყო. ბუნებრივად ჩნდება კითხვა -რამდენად ვართ დაზღვეული მსგავსი შემთხევევების განმეორებისგან? ჯერჯერობით მომხდარი ფაქტების მიზეზებიც არ არის ზუსტად დადგენილი.ტყიბულის მაღაროში მეთანგაზის აალების შედეგად დაიღუპა ოთხი გამოცდილი მაღაროელი -მიზდონ ონიანი, გიორგი ბრეგაძე, მურმან კუბლაშვილი და ჯემალ ჯიშიაშვილი. ბესიკ ზოსიაშვილი კი მძიმედ დაშავდა. მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს სპეციალური კომისია სწავლობს. მაღაროს ყველა უბანი კი უკვე ჩვეულებრივი დატვირთვით მუშაობს. 4 მარტს კი ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა.
ტყიბულის მაღაროების მფლობელი შპს "საქნახშირია", რომელიც ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" წევრია. "საქნახშირი" მაღაროებს 2006 წლიდან ფლობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაროების გადაიარაღების, გვირაბების აღდგენისა და მომზადებისთვის მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელეს, აქტიურად მუშაობენ საწარმოო პროცესში ISO-სტანდარტებისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დასანერგავად, თუმცა ტრაგიკულმა შემთხვევამ ცხადყო, რომ მაღაროელების უსაფრთხოება დაცული არ იყო.
მრავალფუნქციურ კომპლექს "აფთაუნ თბილისს" არაბული კომპანია "რაკიინ დეველოპმენტი" აშენებს. 2 მარტს, დილით, ბეტონის ჩასხმისას შენობის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ორი მუშა დაშავდა. სამშენებლო სამუშაოებს "რაკიინ დეველოპმენტის" კონტრაქტორი კომპანია "XXII საუკუნე" ასრულებს. აქაც ჯერჯერობით ნგრევის გამომწვევი მიზეზების კვლევა მიმდინარეობს. ალბათ ურიგო არ იქნება, თუ დასკვნა უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების საფუძველი გახდება.
კატასტროფების კვირა კი იმით დასრულდა, რომ თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, კომპანია "ახალი სტილის" მიერ მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის კედელი ჩამოინგრა. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სასწრაფოდ აუწყა საზოგადოებას, რომ ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა კორპუსის ქვემოთ მდგარი ავტომობილი. მფლობელს ზარალი, გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიამ აუნაზღაურა.
ნგრევის სავარაუდო მიზეზად ძლიერი ქარი დასახელდა. თუმცა სამშენებლო კომპანიებმა უსაფრთხოების გათვლა უფრო ძლიერ ქარსა და სხვა ბუნებრივ მოვლენებზეც უნდა გააკეთონ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავტომობილის ნაცვლად, სავსებით შესაძლებელია, ადამიანებს დამუქრებოდათ საფრთხე. ალბათ დროა, ჩვენთან ბიზნესმა, მათ შორის, სამშენებლომ, უსაფრთხოების ნორმების დასაცავადაც ისწავლოს საკმარისი ხარჯების გაწევა. დღეს უსაფრთხოებაზე "დაზოგვა" ხვალ გაათმაგებულ ხარჯსა და ზოგჯერ აუნაზღაურებელ დანაკლისსაც გამოიწვევს.
"ეკოპალიტრა"




















