აგვისტო გაძვირებით დაიწყო. მოიმატა ფქვილის, კვერცხის, შაქრის, სასმელების ფასებმა. პროდუქცია გააძვირა რძის პროდუქტების ზოგიერთმა მწარმოებელმა. უახლოეს დღეებში ფასების მატებას მარცვლეულსა და იმ პროდუქტებზე ელოდებიან, რომელთა წარმოებაში ამ სახეობის ნედლეულს იყენებენ.
თვის დასაწყისშივე ცხადია, რომ აგვისტო მაღალინფლაციური იქნება და გადაუსწრებს ივლისს, როცა ფასები პოსტკრიზისულ პერიოდში მაქსიმალურად გაიზარდა. ივლისის თვეში, წინა წლის იმავე დროსთან შედარებით, ფასებმა 7%-ით მოიმატა.
ხორბლის გაძვირება დაუყოვნებლივ დაეტყო სამომხმარებლო პროდუქტს. ფასმა მოიმატა კვერცხზეც. მეფრინველეობის ფაბრიკებმა, ხორბლის კატასტროფული გაძვირების მოლოდინში, კვერცხი თითქმის 50%-ით გააძვირეს.
კახა მეგრელიშვილი ("კოდას" კომერციული დირექტორი): "ნედლეული ძალიან გაგვიძვირდა და იძულებული გავხდით, ფასები გაგვეზარდა. ხორბალი, რითაც ქათამს ვკვებავთ, 50%-ით არის გაძვირებული. ტონა ხორბალში 430 ლარს თუ ვიხდიდით, ახლა აუკვე 550-600 ლარში მოგვიწევს ყიდვა. თანაც, რუსეთმა ექსპორტი შეაჩერა. თუ უკრაინამაც იგივე გააკეთა, არ ვიცი, რა მოხდება.
პროგნოზი შემაშფოთებელია. ცხადია, ხორბლის შემდეგ სიმინდი, მზესუმზირა და სხვა მარცვლეულიც გაძვირდება. ენერგორესურსების გაძვირება როგორღაც ავიტანეთ, გადაიარაღება მოვახდინეთ, მაგრამ საფურაჟე საკვების გარეშე ქათამს ვერ ვიყოლიებთ. ამ საკვებს ალტერნატივა არ აქვს.
ფასის გაზრდას სექტემბრამდე არ ვაპირებდით, იმის მიუხედავად, რომ ივნისში კვერცხის გაიაფების შემდეგ, ხარჯებს ვეღარ ვინაზღაურებდით და ვზარალობდით. შემოდგომაზე ვფიქრობდით მოგებაზე გასვლას, მაგრამ... ოჯახისთვის, რომელიც 30 კვერცხს იძენს, კვერცხის 2-3 თეთრით გაძვირება უკვე ერთი ლარით გაძვირებას ნიშნავს. მაგრამ ჩვენც რა ვქნათ, ვერაფერს ვახერხებთ. მომავალში მარცვლეულის ფასების ძალიან დიდ ცვლილებას აღარ ველით, თუმცა, მცირე კორექტივები მაინც მოხდება".
ნედლეულის გაძვირებით ახსნა ფასების ზრდა რძის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია "სანტემაც". კომპანიამ თადარიგი ყველაზე ადრე დაიჭირა და ბაზარზე მოსალოდნელი ცვლილებების მოლოდინში საცალო ქსელში ყველა სახეობის პროდუქცია საშუალოდ 10%-იანი ფასნამატით შეიტანა. "სანტეს" კონკურენტები გაძვირებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, თუმცა შემოდგომისთვის ფასების მომატებას არ გამორიცხავენ.
შალვა ალავიძე ("ეკო-ფუდის" მენეჯერი): "ეკო-ფუდის" პროდუქტი სექტემბრამდე არ გაძვირდება. შემდეგ რა ფასად მოგვიწევს რძის ფხვნილისა და ნატურალური რძის შესყიდვა, წინასწარ არ ვიცით. უფრო გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება ძნელია, რადგან ამ ბაზარზე მუდმივად განახლებადი სიტუაციაა. ნატურალური რძე უფრო ოქტომბრიდან გაძვირდება, როცა წველადობა იკლებს. ამის მიუხედავად, ცალკეულ პროდუქტს, მაგალითად, მაწონს მაინც ნატურალური რძით დავამზადებთ. თუ ნედლეული გაძვირდა, პროდუქციის ფასიც, ბუნებრივია, მოიმატებს".
10 თეთრით გაძვირდა შაქარიც. ერთ 50-კილოგრამიან ტომარას ბითუმად მოვაჭრეები 76,8 ლარის ნაცვლად უკვე 80 ლარად ყიდიან. აგარის შაქრის ქარხანა თითქმის ორი თვეა გაჩერებულია და ბაზარზე ამჟამად მთლიანად იმპორტული შაქარი იყიდება. მისი ძირითადი ნაწილი ბრაზილიასა და ბელორუსიიდან შემოაქვთ. "აგარა ჯგუფის" დირექტორ ლაშა ისაკაძის თქმით, აგარის ქარხანა ამ დღეებში განაახლებს მუშაობას და ბაზარზეც საკუთარი პოზიციების აღდგენას შეუდგება. ეს კი აუცილებლად ფასებით უნდა მოახდეს, რაც ნიშნავს, რომ კონკურენცია მოიმატებს და შაქრის გასაყიდმა ფასმაც შესაძლოა დაბლა დაიწიოს.
ნედლეული არა, მაგრამ გაზრდილი აქციზი გახდა ალკოჰოლური სასმელების გაძვირების მიზეზი. მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა პროდუქცია აქციზის განაკვეთის გაორმაგებისთანავე გააძვირეს. ლუდის კომპანიებმა საცალო ქსელში სასმელი საშუალოდ 15–20%-იანი ფასნამატით შეიტანეს. ზოგ სავაჭრო ობიექტსა და სუპერმარკეტში 2-ლიტრიანი "ნატახტარისა" და "ყაზბეგის" ფასი 3,60-დან 4,20 ლარამდე გაიზარდა. გაძვირდა არაყი, კონიაკი და სხვა სპირტიანი სასმელებიც. იაფფასიან არყებზე ფასნამატი 40-50 თეთრი გამოვიდა, ძვირიანზე _ 2 ლარი და მეტი.
"გომი ლუქსი", რომელიც აგვისტომდე 1,10 ღირდა, 1,50 ლარი გახდა. კომპანია "გომში" ამბობენ, რომ ფასებს ზუსტად იმდენი მიუმატეს, რამდენიც ფასწარმოქმნაში აქციზის წილის ზრდას შეესაბამებოდა და ახალი ფასი მინიმალურ მოგებაზე გათვალეს, რეალიზაცია რომ არ შემცირებოდათ. პროდუქციაზე ფასის ზრდას გარდაუვლად მიიჩნევენ კომპანია "სარაჯიშვილშიც".
კომპანიაში ამბობენ, რომ იძულებული იქნებიან, სასმელი გააძვირონ, რაც გაყიდვაზე უარყოფითად აისახება. იმპორტიორებმა ქსელში უკვე მომატებულ ფასში შეიტანეს უცხოური ალკოჰოლური სასმელებიც. როგორც მოსალოდნელი იყო, ბიზნესი, წაგებისგან თავის გადასარჩენად, გაზრდილ საგადასახადო ხარჯებს პროდუქციის გაძვირებით ინაზღაურებს, ამ დროს კი ყველაზე მეტად ხელმოკლე ადამიანები ზარალდებიან. მთავრობის სურვილი, შეავსოს ბიუჯეტი, როგორც ყოველთვის, ახლაც ხალხის ზურგზე გადაივლის.
ნონა ქვლივიძე
"ეკოპალიტრა"