სურსათის უვნებლობის თემა მნიშვნელობას არასოდეს ჰკარგავს, მაგრამ წელიწადის ყველაზე ცხელ სეზონზე განსაკუთრებულად აქტუალურია. ამოქმედებული კონტროლი ჯერჯერობით ექსპორტიორ კომპანიებს შეეხება.
საქართველოდან საექსპორტოდ გადის ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყლები, საწებლები, ლიმონათი, მწვანილი. ევროკავშირში სურსათის შეტანისთვის აუცილებელი სტანდარტები რამდენიმე წელიწადში უნდა დაინერგოს.
სახელმწიფო კონტროლი მხოლოდ საცალო ვაჭრობის დონეზე ხორციელდებოდა და სურსათის უვნებლობის საკითხი მთლიანად მეწარმის კეთილსინდისიერებაზე იყო დამოკიდებული. მეწარმის უმთავრესი მიზანი მოგების მიღებაა, რაც ზოგჯერ კანონის დარღვევისა და მოქალაქეთა დაზარალების მიზეზი ხდება.
დავით კობერიძე (სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი): "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" კანონის რამდენიმე მუხლი შეჩერებული იყო. ისინი ითვალისწინებს სურსათის მწარმოებელთა, დისტრიბუტორთა და სარეალიზაციო კომპანიების რეგისტრაციას, ინსპექტირებას, გეგმური და მოულოდნელი შემოწმების პროცედურებსა და სხვ.
კანონი 2006 წელს მიიღეს. ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ამ მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრირება მეწარმეებს მძიმე ტვირთად დააწვებოდა, რაც საწარმოების დაკეტვასა და უმუშევრობის გაზრდას გამოიწვევდა. მეწარმეებს ვაფრთხილებდით, რომ მუხლები აუცილებლად ამოქმედდებოდა და უნდა მომზადებულიყვნენ. წლეულს 1-ელი ივლისიდან ხსენებული მუხლები ძალაში შევიდა. კონტროლი თავდაპირველად სურსათის ექსპორტიორ კომპანიებს შეეხება".
შეჩერებული მუხლების ამოქმედების მიზეზი გახდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე კონსულტაციების დაწყება. სურსათის ევროკავშირში შეტანისთვის აუცილებელი სტანდარტების დასანერგად, შემუშავდა 7-წლიანი გეგმა. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, წარმოებაში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიები არ დაჯარიმდებიან. მათ შესაბამის რეკომენდაციებს მისცემენ. ჯარიმები სასურსათო უსაფრთხოების დარღვევებისთვის საგაისოდ, 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.
შემდგომში ინსპექტირება იმ საწარმოებშიც განხორციელდება, რომლებიც ე.წ. მაღალი რისკის პროდუქციას (ხორცის, რძის, თევზის პროდუქტები, ბავშვის საკვები და სხვ.) აწარმოებენ. შედარებით "მსუბუქი" იქნება ინსპექტირება საწარმოებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში მოქმედებენ; ან აწარმოებენ საქართველოსთვის ტრადიციულ სურსათის სახეობებს (მაგალითად, გუდის ყველს); ან სურსათს აწარმოებენ მცირე რაოდენობით, ადგილობრივად გასაყიდად.
დავით კობერიძე:
-კომპანიები თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვით. საკმარისია სურსათში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება აღმოჩნდეს, მის მწარმოებელ კომპანიას დიდი ფინანსური ზიანი მიადგება. იმიჯი ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
-1-ელ ივლისს ამოქმედებული მუხლების შესაბამისად, კონკრეტულად რომელ საწარმოებში ეწყობა ინსპექტირება?
-ამჟამად, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, საჯარო რეესტრი ამუშავებს ინფორმაციას საქართველოში მოქმედი სურსათის მწარმოებელი და ევროპაში ექსპორტიორი კომპანიების შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე ინსპექტირების გეგმას მოვამზადებთ და დავამტკიცებთ. ბიზნესმენებთან გაფართოებულ შეხვედრას მოვაწყობთ ინსპექტირების წესებისა და მეთოდების ასახსნელად. ინსპექტირება არ გადაიქცევა მტკივნეულ პროცედურად, არ შეაფერხებს მათ საქმიანობას.
იმავდროულად, მომართვების შესაბამისად განვაგრძობთ სავაჭრო ქსელში გატანილი პროდუქციის ეტიკეტის შემოწმებას. ეტიკეტზე ზუსტად და სრულად უნდა იყოს მითითებული, რა დასახელების ნედლეულს შეიცავს პროდუქტი. შეძენილ ნიმუშებს შესამოწმებლად ლაბორატორიებში ვგზავნით. ჩვენი სამსახური კერძო, თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ლაბორატორიების მომსახურებით სარგებლობს.
მიუხედავად იმისა, რომ რძისა და სხვა სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი ზოგიერთი კომპანია რამდენიმე თვის წინ გააფრთხილეს, მათი ეტიკეტები მაინც შეუსაბამო რჩებოდა. სასამართლოს განჩინებით მათ ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. კანონი საშუალებას არ გვაძლევს, დაჯარიმებული კომპანიები დავასახელოთ, თუ განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე. თუ ეტიკეტირება არ გამოასწორეს, სანქციები სურსათის სხვა მწარმოებლებსაც დაეკისრებათ.
განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმები იზრდება. საწარმოების ინსპექტირებით სურსათის უსაფრთხოების ხარისხი გაიზრდება და დაინერგება საერთაშორისო სტანდარტები. ეს ყოველივე ევროკავშირის ბაზარზე შესვლას გაგვიადვილებს.
სანდრო უსტიაშვილი
"ეკოპალიტრა"