უჩვეულო სიცხეების გამო თხილის აღების სეზონი საქართველოში ჩვეულებრივზე 20 დღით ადრე დაიწყო. მოსავალი თითქმის დაბინავებულია, არადა, შარშან მისი აღება აგვისტოს შუა რიცხვებში ის-ის იყო, იწყებოდა.
ორწლიანი ”ჩავარდნის” შემდეგ სოფლის მეურნეობის ეს დარგი შედარებით გამოცოცხლდა, თხილის შესასყიდი ფასი წელს რეკორდულად მაღალია - ბოლო ორ კვირაში 40 თეთრით მოიმატა და 1 კგ-ზე 3 ლარსა და 30 თეთრს მიაღწია. შედარებისთვის, შარშან თხილის ღირებულება ლარ-ნახევარს ცოტათი აჭარბებდა.
გლეხებისთვის სასიამოვნო სიახლე ქარხნებისთვის დიდი თავის ტკივილი აღმოჩნდა. როგორც თხილის ექსპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, ნედლეულის ფასი, მსოფლიო ბაზარზე ვითარების გათვალისწინებით, შეუსაბამოა და კომპანიებს განსაკუთრებულად დაბალ მოგებაზე, თითქმის თვითღირებულების ზღვარზე უწევთ მუშაობა.
”თხილზე საერთაშორისო ფასებს თურქეთი აწესებს, რომელზეც მსოფლიოში წარმოებული თხილის 70% მოდის. წინასწარი ინფორმაციით, წლეულს იქ კარგი მოსავალია, დაახლოებით, 650 ათას ტონამდე. შესაბამისად, თურქეთი თხილს დაბალ ფასად გაყიდის. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან მოთხოვნა ამ პროდუქტზე ფინანსური კრიზისის გამო საკმაოდ შემცირდა. ამას ისიც ემატება, რომ მეზობელ ქვეყანას მარაგად 200 ათასზე მეტი ტონა თხილი აქვს დარჩენილი.
თურქეთი ჯერჯერობით თავს იკავებს თხილის ფასის გამოცხადებისგან, შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზეც ვითარება გაურკვეველი რჩება. თურქული თხილის სავარაუდო ღირებულება 5,25 დოლარია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ფასად ვერ გავყიდით.
გლეხებისგან თხილი ძვირად რომ შევისყიდოთ, თვითღირებულებიანად 5-დოლარიან ზღვარს ავცდებით. ამიტომ ექსპორტიორების უმრავლესობა გაჩერებულია და ფასების შემცირებას ელოდება. ამ სეზონზე საქართველოდან საზღვარგარეთ მხოლოდ 140 ტონა თხილია გატანილი”, - განმარტავს ”ჯიენ კომპანის” მფლობელი მიხეილ ხომერიკი.
ექსპორტიორებს მიაჩნიათ, რომ ნედლეულის ბაზარზე ვითარებას, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სპეკულანტები ართულებენ, რომლებიც გამუდმებით ყიდიან და ყიდულობენ ნედლეულს და არარეალურ ფასს აწესებენ.
ქარხნების უმეტესობაც ვითარებას ბაზრების დიფერენცირებით პასუხობს. ამ ხერხს მიმართავს, მაგალითად, ერთ-ერთი ექსპორტიორი ”დიოსკურია”, რომელიც დასავლეთევროპული ქვეყნების გარდა, ბალტიისპირეთიდან შეკვეთებზეც მუშაობს, სადაც შედარებით ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ.
”ჯიენ კომპანიმ” წლეულს გზა აშშ-ის ბაზარზე გაიკვალა და ერთ-ერთ სავაჭრო ქსელთან, რომელიც 400 ობიექტს აერთიანებს, დაფასოებული თხილის მიწოდების ხელშეკრულება დადო. როგორც დამფუძნებელი აცხადებს, გაზაფხულიდან საექსპორტოდ 140 ტონა პროდუქტი გაგზავნა და ეს თანამშრომლობა ერთჯერადი არ იქნება.
ამერიკული ბაზარი რაც უნდა სარფიანი ჩანდეს, შორიცაა და რთულად ასათვისებელიც ქართული თხილისთვის. რამდენიმე ასეული ტონის ექსპორტიც, როცა მოსავალი 20 ათას ტონას აჭარბებს, ზღვაში წვეთია. მასშტაბების თვალსაზრისით გაცილებით პერსპექტიულად აზია გამოიყურება.
ქართული თხილის ექსპორტი ახლო აღმოსავლეთში ორი წლის წინ დაიწყო. 2010 წლის I კვარტალში ქვეყნის გარეთ გატანილი $15 მილიონის პროდუქციიდან 25% ერაყზე მოდის. მაგრამ ევროპისგან განსხვავებით აზიური ბაზარი მხოლოდ ბაირამის დღესასწაულისთვის აქტიურდება, გარდა ამისა, იქით ძირითადად ნაჭუჭიან თხილს ეზიდებიან, ეს კი გადამმუშავებელ ქარხნებს მოგებას ნაკლებად უტოვებს.
ბოლო დროს ქართული თხილის გასაღებისთვის კიდევ ერთ საინტერესო მიმართულება რუსეთი გახდა, რომლის შესახებაც, გასაგები მიზეზების გამო, მეთხილეები ნაკლებად საუბრობენ. თუმცა ოფიციალურ სტატისტიკას ვერავინ გაექცევა.
”საქსტატის” ინფორმაციით, წლეულს I კვარტალში აზერბაიჯანში $3,7 მილიონის ღირებულების (ანუ ექსპორტის საერთო მოცულობის 15%) თხილი გავიდა. აზერბაიჯანი კი, რომელიც თხილს თავადაც აწარმოებს, ემბარგოს შემდეგ ქართული პროდუქციის ერთგვარი სატრანზიტო კორიდორია.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველაზე სარფიანი ფასი თხილზე – $5,50 დოლარი, სწორედ ჩვენდამი მტრულად განწყობილ ქვეყანაში აღირიცხება და საქართველოში ნედლეულის გაძვირებაც გარკვეულწილად ამ ფაქტს უკავშირდება.
თხილის გადამმუშავებლებისთვის წლეულს შედარებით ხელმისაწვდომი გახდა კრედიტები. ომისა და ფინანსური კრიზისის ფონზე დარგმა ბანკების მხრიდან ნდობა დაკარგა, არადა, ნედლეულის სრული შესყიდვისთვის, სხვადასხვა გათვლებით, $80 მილიონია საჭირო. აქედან 70% სესხებზე მოდის, რომლის მიღება ქარხნებს გასულ წლებში ძალიან გაუჭირდათ. ამის გამო ექსპორტიორთა უდიდესი ნაწილი გაჩერდა, ხოლო ვინც კრედიტების მოპოვება მაინც შეძლო, მაღალი საპროცენტო განაკვეთის, 18-20%-ის გადახდამ მოუწია.
”წლეულს საბანკო პროცენტებმა მკვეთრად დაიწია და 12-15%-ის ფარგლებში მერყეობს, ეს ჩვენთვის ძალიან კარგია. მაგრამ თუ ჩასაბარებელი თხილის ფასი არ დაეცა, დარგის სრულ რეაბილიტაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია”, - აცხადებენ ექსპორტიორები.
ბელა ნოზაძე
"ეკოპალიტრა"