წელს მოსავალიანობა 35-50 პროცენტით დაეცემა

წელს მოსავალიანობა 35-50 პროცენტით დაეცემა

ქართული სოფლის მეურნეობა წელს უმოსავლო იქნება. ექსპერტების გათვლით, 35-50 პროცენტით შემცირდება ხორბლის, ყურძნის, ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ხილისა და ბოსტნეულის მიმართულებით. ადგილობრივი პროდუქციის დეფიციტი ფასებში უკვე გამოხატულია.

მოსალოდნელ საფრთხეებზე ექსპერტები თამამად საუბრობენ. სახელისუფლო სტრუქტურის წარმომადგენლები ჯერ კიდევ ფრთხილობენ და თავს იკავებენ ციფრების დასახელებისგან ან ჯერ კიდევ არ მოეპოვებათ ინფორმაცია, სოფლის მეურნეობის რომელიმე კონკრეტულ დარგში რამდენი პროცენტით შემცირდება მოსავალი. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ სამინისტროში ღიად არ საუბრობენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა არათუ ჟურნალისტებს, თავის დროზე ვერც ქვეყნის პირველ პირს უპასუხა იმის შესახებ ყურძნის რა მოსავალი გვექნება წლეულს. კვეზერელმა უბრალოდ თქვა, რომ პროგნოზი თვის ბოლოს გაკეთდება.

აქედან გამომდინარე, პროგნოზირების სამსახურის უქონლობა ერთი მორიგი მიზეზია, რითაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართველი ექსპერტების კრიტიკას იმსახურებს.

დღეს სოფლის მეურნეობაში ძნელად მოიძებნება დარგი, რომელზეც გვალვებს გავლენა არ მოეხდინოს. გამონაკლისი, ექსპერტ თამაზ კუნჭულიას განმარტებით, ბაღჩეულია, სადაც შარშანდელ მოსავალს წლევანდელი 25-30 პროცენტით აჭარბებს. სამეგრელოს მოსახლეობის ინფორმაციით, თხილის წლევანდელი მოსავალიც უხვია და გასული წლის მონაწევს ბევრად აღემატება.

ექსპერტები კარგა ხანია აცხადებენ, რომ რომ ცუდი ამინდი რეგიონებში მოუსავლიანობას გამოიწვევს, რაც თავისთავად ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. საფრთხეს ისინი რეალურად მიიჩნევენ. მათი ნაწილის შეფასებით, ასეთი ცუდი მოსავალი საქართველოს არ ჰქონია.

"გვალვა მოსავლიანობაზე ყველა მიმართულებით იქონიებს გავლენას. გვალვა და სტიქიური მოვლენები ხარისხზეც აისახება და მოსავლის რაოდენობაზეც. განსაკუთრებით ცუდად ერთწლიან კულტურაზე იმოქმედებს. როგორც გავიგე, დასავლეთში სიმინდსაც უჭირს. იმერეთსა და გურიაში ერთწლოვანი კულტურები განადგურების პირასაა.

მოსალოდნელია, რომ მოსავალი სერიოზულად შემცირდება. ვფიქრობ, სიმინდისა და ბოსტნეულის საერთო რაოდენობა წლეულს 50%-ით შემცირდება. რუსეთში, არსებული მდგომარეობის გამო, ხორბლის ექსპორტი აიკრძალა. ვფიქრობ, ამ მაგალითს სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ.

არცერთი დარგი არ გვაქვს ისეთი, რომ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი არ ხასიათდებოდეს შემცირების ტენდენციით. ეს ყველა კულტურაზე აისახება, მათ შორის, სადაც 100-პროცენტიანი თვითუზრუნველყოფა გვქონდა. უამინდობა სერიოზულად იმოქმედებს ხილზეც, რადგან ნაყოფის გამონასკვა წვიმებისა და სიცივეების პერიოდს დაემთხვა. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ხილის მოსავალი, დაახლოებით, 50%-ით დაიკლებს.

გვალვიანობა სავარაუდოდ, მეცხოვრელეობაზეც მოახდენს გავლენას, რადგან გვალვების გამო ბალახებია გადამწვარი. რაც ასევე სავალალოა, გადაიწვა ჩაის ბუჩქებიც. ისედაც არ გვქონდა კარგი მდგომარეობა, ახლა ჩაის მოსავალი კიდევ უფრო შემცირდება.

ყურძნის მოსავლის პროგნოზი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. შარშანდელთან შედარებით რომ ნაკლები იქნება, ფაქტია. წვიმების დროსაც დაზიანდა ვენახი, სავარაუდო კლება 30-35%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. მნიშვნელოვანი შემცირებაა ბოსტნეულშიც", - განმარტავს კუნჭულია.

მისი ინფორმაციით, გვალვებს ერთადერთი, როგორც ჩანს, ბაღჩეული გადაურჩა. საზამთროსა და ნესვის მოსავალი წელს შარაშანდელზე მეტი იქნება, ამ მიმართულებით, დაახლოებით, 25-30-პროცენტიანი მატებაა მოსალოდნელი.

"მდგრადი განვითარება ცოტა სხვა შინაარსის მქონე ტერმინია და მიგვანიშნებს, რომ შევძლოთ საკუთარი პროდუქციის მოვლა და არ ვიყოთ მხოლოდ ბუნებაზე დამოკიდებული.

შემცირებული მოსავლიანობის პირობებში ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება. ეს პროცესი უკვე დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება. პურზე ფასების აწევა ისედაც იყო მოსალოდნელი. ასეთი მდგომარეობა გვქონდა 2007 წელს და ახლაც განმეორდა, რომ მოსავალი შემცირდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შეიძლება, რუსეთივით, სხვაგანაც აიკრძალოს ან შეზღუდვები გამოაცხადონ ექსპორტთან დაკავშირებით.

როცა მოსავალი მცირდება, ცხადია, ძვირდება კიდეც. ამ პროცესებს ახლა ვერაფერს დავუპირისპირებთ. თუ არ გავაუმჯობესებთ აგროტექნიკას, არ ჩავატარებთ თესვებს წესების დაცვით, მუდმივად გვექნება პრობლემები.

მაგალითად, ხორბალს დათესავენ და მოსავალის ზრდა-განვითარებას აღებამდე არავინ აქცევს ყურადღებას. გლეხმა ხშირად არ იცის, რას თესავს. თესლი უნდა იყოს მეორე ან მესამე, ყველაზე უარეს შემთხვევაში, მეოთხე თაობის. დღევანდელი მდგომარეობა იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რაც სოფლის მეურნეობაში ტარდება. ცივილიზებული სამყარო სტიქიას სხვანაირად უდგება, მარტო ჩვენ ვართ განსხვავებული", - ამბობს თამაზ კუნჭულია.

არსებული ინფორმაციით, საფრთხის წინაშეა ყურძნის მოსავალი, რომელმაც შარშან 180 ათასი ტონა შეადგინა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანამ ყურძნის ყველაზე დიდი მოსავალი 2007 წელს მოიწია, როდესაც პროდუქციის რაოდენობამ 227 ათასი ტონა შეადგინა. წინა 2006 წელს ქვეყანამ 163 ათასი ტონა ყურძენი მიიღო. ყველაზე ნაკლები, 130 ათასი ტონა ყურძენი დაფიქსირდა 2008 წელს.

ექსპერტები წელს გაცილებით ნაკლებ მოსავალს ვარაუდობენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი აზრით, ქართული ვაზი, შესაძლოა, დიდი საშიშროების წინაშე აღმოჩნდეს.

დასავლეთ საქართველოში წლევანდელი წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა მხოლოდ თხილისთვის. ადგილობრივების განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასეთი კარგი მოსავალი აქამდე არ ყოფილა.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ