ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქართული ტელემედიის მიერ მომზადებული სიუჟეტების მთავარი "გმირი" ბაყაყი გახლდათ - არც მეტი, არც ნაკლები - ჩვეულებრივი, ქართული, ჭაობის ბაყაყი, რომლითაც თურმე ევროკავშირის ქვეყნები დაინტერესდნენ.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, საქართველოდან ბაყაყის ექსპორტი პირველად 2009 წელს მოხდა და მის მიმართ სერიოზული ინტერესიც გაჩნდა. 2009 წელს საქართველოდან გაიყვანეს 250 ათასი ცალი ბაყაყი, რომელთა საერთო ღირებულება 14 ათას 612 დოლარი იყო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ბაყაყის ექსპორტი მხოლოდ საფრანგეთში განხორციელდა, ბაყაყებზე დიდი მოთხოვნაა დასავლეთ ევროპაში, აშშ-ში და სამხრეთ ამერიკაში. თურმე მას თეთრი ხორცი აქვს, რომელიც გემოთი ქათმისას წააგავს. საერთაშორისო ბაზარზე 1 კგ ბაყაყის ფასი 4-დან 6 დოლარამდეა. ამ ყველაფრის "გვირგვინი" გახლდათ ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე "გაჟღერებული" ფრაზა: "ქართული ბაყაყები მადლობას უხდიან საქართველოს ხელისუფლებას"(!).
გვესაუბრება "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელი ნოდარ ჯავახიშვილი:
- მასმედიასაც და ხელისუფლებასაც საქმე არ უნდა ჰქონდეს, რომ ასეთ უმნიშვნელო ციფრებზე ლაპარაკობდეს. წარმოდგენა თუ აქვთ, რას ნიშნავს ექსპორტი ან იმპორტი? ამ რაოდენობის ოქროც რომ გაგქონდეს, არ შეიძლება ილაპარაკო. წარმოიდგინეთ, რამდენი ათასი ტონა ხორცი შემოგვაქვს საქართველოში და რამდენიმე კილოგრამი ბაყაყის გატანაზე შეიძლება ილაპარაკო? შეიძლება ბუზი სპილოდ გადავაქციოთ? ამაზე რომ ხელისუფლება დაიწყებს ლაპარაკს, ის ხელისუფლება კინწისკვრითაა გასაგდები!
ბაყაყიც შეიძლება გაიტანო, მატლიც, ჭიაყელაც, მაგრამ ამის გამო აჟიოტაჟის ატეხა შეიძლება? საცოდავი საზოგადოება ვართ ჩვენ, რომ ამ ხელისუფლებას ვუთმენთ და ვუსმენთ. ხორბალს ჩვენ არ ვაწარმოებთ, ჩაი ამოვძირკვეთ, ყურძენი და ხილიც კი აღარ გვაქვს საკმარისი, აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყანაში აბრეშუმი აღარ მოგვყავს და ახლა ბაყაყების იმედად უნდა დავრჩეთ?!
- ნიანგების მოშენებაზეც იყო ლაპარაკი.
- რატომაც არა, ნიანგებიც უნდა შემოვიყვანოთ და ჩხრიალა გველებიც, ტარაკნებსა და კალიებსაც ჭამენ ზოგიერთ ქვეყანაში და ბარემ ისინიც მოვამრავლოთ. აბა, ქართულ ცხვარს და მთის ძროხას ხომ არ მოვაჯიშებთ?
- სხვათა შორის, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა უცხოელების მიერ ქართული ცხვრის გაყვანასაც.
- ეტყობა, გადაწყვიტეს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა არ უნდა ჰქონდეს და ამას წარმატებით ასრულებენ. ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გადის საქართველოდან, ყოველდღიურად გვიმცირდება სულადობა და ხორცით მხოლოდ 30 პროცენტით ვართ უზრუნველყოფილნი. ასეთ დროს განა შეიძლება გვიხაროდეს, რომ ცოცხალი, პროდუქტიული პირუტყვი გაგვყავს? ნამატი შეიძლება გაყიდოს ადამიანმა, მაგრამ ამათ ცხვრის ფარები გაყიდეს.
მოვჭერით ის ტოტი, რომელზეც ვზივართ. ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებდით პრივატიზაციის ყველა ეტაპზე - ქარხნები ჩაიგდეს ხელში "დიდმა ქართველებმა" და დაზგები გაყიდეს, ნაცვლად იმისა, რომ ამ დაზგებს ემუშავა და ყოველდღიური მოგება მიეცა მისთვისაც და ქვეყნისთვისაც.
დედა ცხვარს რომ გაყიდი, რომელმაც უნდა გაცხოვროს, ეს შეიძლება გიხაროდეს ხელისუფალს? ნებისმიერი საკუთარი თავის პატივისმცემელი და ქვეყანაზე მზრუნველი ხელისუფლება ამ პროცესს აკრძალავდა. ჩვენ კი გვიხარია. მეცხვარე დავტოვეთ უსახსროდ, ჩამოვიყვანეთ თბილისში. რა უნდა აკეთოს აქ მან? - ან უნდა იმათხოვროს, ან ილოთოს! ის, რაც ათწლეულების განმავლობაში აცხოვრებდა მის საგვარეულოს, ქარს გაატანა, რადგან ასე სურს ჩვენს ხელისუფლებას!
ახლა კი მსჯელობენ, რას მოიგებს ქვეყანა სამასი კილოგრამი ბაყაყის თათის გატანით! კაცმა რომ წაიკითხოს და ნახოს, ნოდარ ჯავახიშვილი ამ საკითხზე სერიოზულად მსჯელობსო, რას იფიქრებს? თუ იუმორისტულ რუბრიკას აკეთებთ, მითხარით, 300 კილოგრამი ბაყაყის მოყვანა ერთ აბაზანაში შეიძლება... მგონი, ეს უფრო საზოგადოების "შაყირია", ვიდრე საქმეზე ფიქრი.
იცით, რამდენი ხორცი შემოგვაქვს წელიწადში? - მარტო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა 6 ათას ოთხასი ტონა, ღორის ხორცი - 7 ათას ტონაზე მეტი და ასეთ დროს კილოგრამებზე უნდა ლაპარაკობდეს სოფლის მეურნეობის მინისტრი?
- ბატონო ნოდარ, ჩვენი საზოგადოება წუხს იმის გამო, რომ საქართველოდან გააქვთ ხარისხიანი, უვნებელი პროდუქტი, აქ კი კაცმა არ იცის, რა შემოაქვთ.
- საქართველოში მართლა არავინ ამოწმებს როგორი ხარისხის პროდუქცია შემოაქვთ, მათ შორის ხორციც. თავის დროზე, გოგი თოფაძესა და ზურაბ ტყემალაძესთან ერთად ოფიციალური საკანონმდებლო ინიციატივით მივმართეთ ჩვენს "გენიალურ" პარლამენტს - მოგვეცით უფლება ვიცოდეთ, გენმოდიფიცირებულ, უხარისხო პროდუქტს ვჭამთ თუ არა-თქო.
გვითხრეს - წადით, დაიკარგეთ აქედანო! საზოგადოება რომ პარლამენტს ეხვეწება, პროდუქციას ეტიკეტზე ეწეროს, რას ვყიდულობთ და რას ვჭამთო, ის კი ამტკიცებს - არა, არ უნდა ეწეროსო, ამ პარლამენტს და ხელისუფლებას კიდევ სჭირდება რაიმე შეფასება? ეს არის ერის ამომწყვეტი ხელისუფლება.
- ორ წელიწადში თბილისში თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდა ამოქმედდეს.
- ამ ხელისუფლების ხელში ნებისმიერი წამოწყება, რაოდენ ნათელ მიზანსაც უნდა ისახავდეს, ქვეყნის დამღუპველია, ამიტომ ზოგადად ნუ შემაფასებინებთ, რას ნიშნავს თავისუფალი ეკონომიკური ზონა. რატომ? - სააკაშვილს ისევე არ უნდა აქ თავისუფალი ეკონომიკური ზონა, როგორც არ უნდოდა თავის დროზე ასლან აბაშიძეს. სააკაშვილს საქართველოში უნდა კანონებიდან, ადამიანობიდან და ქართველობიდან თავისუფალი ზონები.
თავისუფალი ეკონომიკური ზონა თუ უნდა, ყველა ბიზნესში ცხვირს რატომ ყოფს? თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე ლაპარაკი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ არის ბლეფი, კიდევ ერთი მოტყუება ქართველი საზოგადოების და რაც მთავარია, კიდევ ერთი გზა, როგორ გაყიდონ ქართველების ზურგს უკან ქვეყნის სიმდიდრე.
ბენზინით დაწყებული, წამლით დამთავრებული ყველაფერს აკონტროლებენ და ამათ თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდათ? როდესაც ხელისუფალი ასეთ ქვეყანაში თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე გელაპარაკება, ეს ნიშნავს, რომ უნდა გაგძარცვოს, გაგაბრიყვოს და თან თვალებშიც გაფურთხოს...
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)