სამომხმარებლო ბაზარზე ფასების მატება ისევ გრძელდება და შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელმაც დაგეგმილ ორნიშნა ზღვარს გადააჭარბოს. ინფლაციის მაჩვენებლის ზრდას არ გამორიცხავს ექსპერტთა ერთი ნაწილი და ამის მიზეზად არა მარტო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, არამედ მსოფლიო სასურსათო ბაზარზე არსებულ სიტუაციას ასახელებს. მეორე ნაწილი კი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ვალუტის კურსი ამ დონეზე შენარჩუნდა, იმის შანსი, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაგეგმილ ფარგლებს არ გასცდეს, რეალურად არსებობს.
ამ დროისთვის კი ინფლაციის მაჩვენებელი ასე გამოიყურება - ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ უკვე 7% შეადგინა, საშუალო წლიურმა კი 3,4%. რაც შეეხება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, ივლისში, ივნისთან შედარებით, 0,2%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა, წინა წელთან შედარებით ამ ციფრმა 7%, ხოლო 2009 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით 1,8% შეადგინა. საერთო ჯამში კი ამ დროისთვის ინფლაციის მაჩვენებელი 4,9%-ს შეადგენს, რაც დაგეგმილთან შედარებით ჯერჯერობით მხოლოდ 1,1%-ით დაბალია (როგორც ცნობილია, 2010 წლის ბიუჯეტი ინფლაციის 6%-იანი მაჩვენებლითაა დაგეგმილი).
ინფლაციური პროცესების გააქტიურება წლის დასაწყისიდან დაიწყო და პიკს უკვე მაშინ მიაღწია, როდესაც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა. მაშინ გაძვირდა როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი წარმოების პროდუქტი, ამასთან, მაშინ ფასებმა მოიმატა მედიკამენტებზეც.
ფასების მატება დღესაც გრძელდება და როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ავთანდილ სილაგაძე ვარაუდობს, პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება.
"პროდუქტებზე ფასების მატება ახლა არ დაწყებულა და არც შეჩერდება. ინფლაციური პროცესები გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ორნიშნა მაჩვენებელსაც მიაღწევს. ის, რომ პროცესები გაგრძელდება, მარტო ხორბალზე ფასის მატებაც მეტყველებს. ასევე იზრდება შაქრის ფასი, მოიმატა ფასმა სოფლის მეურნეობის პროდუქტზე, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში კიდევ უფრო გაძვირდება. საერთო ჯამში კი, ფასები იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო.
გარდა ამისა, ჩვენ მცირე ოდენობით გვაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქცია, არ არის ინვესტიციები და თუ ასე გაგრძელდა, დამერწმუნეთ, ინფლაციური პროცესები მომავალ წელსაც არ შენელდება. იმისათვის, რომ პროცესი შეჩერდეს, საჭიროა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვა და ჩადება. ამაში სახელმწიფომ უნდა იაქტიუროს და ხელი შეუწყოს ამ სფეროს განვითარებას.
საჭიროა ინვესტიციები სამრეწველო დარგშიც, სხვა შემთხვევაში, ვიმეორებ, ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება. ექსპერტები სასურსათო პროდუქტის დეფიციტზე დასკვნებს ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ აკეთებდნენ. ჩვენ რომ ეს მაშინ გაგვეთვალისწინებინა, დღეს პროდუქცია გვექნებოდა და პრობლემებს თავს ავარიდებდით", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში სილაგაძემ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე კი მიუხედავად ფასების მატებისა, ფიქრობს, რომ წლეულს ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა ციფრს არ მიაღწევს.
"მართალია, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში ყველაფერზე იზრდება ფასები, ხორბალზე, შაქარზე და ა.შ. რაც ჩვენზეც ჰპოვებს სერიოზულ ასახვას, მაინც არ ველოდები, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა ციფრს გადააჭარბებს.
დიდი ალბათობაა, რომ შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რაც ახლა გვაქვს. ანუ, თუ ვალუტის კურსი არსებით ცვლილებას არ განიცდის, ანუ არ დაეცემა ლარი დოლართან მიმართებაში და ასევე იმპორტირებული საქონლის ფასი მნიშვნელოვნად არ მოიმატებს, სიტუაცია ისეთივე დარჩება, როგორც ახლაა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ სექტემბერი და ოქტომბერი უფრო მძიმე იქნება, თუმცა იმედი მაქვს, რომ სიტუაცია უარესობისკენ არ შეიცვლება", - დასძინა არჩვაძემ.
ელზა წიკლაური