თბილისში მყოფი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელი ლარს თანელი აცხადებს, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოში კერძო სექტორის განვითარებასა და კრიზისის შემდგომ მის ზრდას ხელს შეუწყობს.
ამის შესახებ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელმა და აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ლარს თანელმა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც თანელმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და საქართველოს თანამშრომლობის სფეროების გაფართოებას, კერძოდ, მისი თქმით, მთავრობასთან, კერძო სექტორთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა IFC-ს საქართველოში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაში დაეხმარა.
"IFC-მ უმნიშვნელოვანესი დახმარება გაუწია საქართველოს საბანკო სექტორს ფინანსური კრიზისის პერიოდში, რითაც ბიზნესისა და კერძო პირების დაფინანსების შესაძლებლობები უზრუნველყო. ჩვენ განვაგრძობთ კერძო სექტორის მხარდაჭერას. ვაპირებთ, დავეხმაროთ საქართველოს, გაზარდოს თავისი კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ეკონომიკაში და განავითაროს ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით ვაფასებთ მთავრობასთან თანამშრომლობას ამ მიზნების მიღწევის პროცესში", - აღნიშნა თანელმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას უკვე ხელმოწერილი აქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, უახლოეს მომავალში საქართველოს 340 მილიონი დოლარი გამოეყოფა. უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საბანკო სექტორთან თანამშრომლობას გეგმავს. ასევე, როგორც ლარს თანელმა აღნიშნა, მათთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რომელიც ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის.
"საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო რეფორმატორია. ჩვენ უნდა გავაფართოოთ თანამშრომლობის სფეროები სოფლის მეურნეობის, ინფრასქტრუქტურის და საბანკო სექტორის განვითარების გზით", - აღნიშნა თანელმა.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება. თბილისის შემდეგ იგი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა.
ოფოციალური მონაცემებით, 1995 წლიდან სხვადასხვა სექტორის 35 პროექტში IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში, თითქმის 500 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უჭერს მხარს.