ოქრომ თავი დაიფასა

ოქრომ თავი დაიფასა

ოქრო ოდითგანვე ითვლებოდა სიმდიდრისა და ფუფუნების სიმბოლოდ. ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ ამ ძვირფასი ლითონის შეძენასა და დაგროვებას, რადგან ამგვარი დანაზოგი ყველაზე საიმედოდ მიიჩნეოდა და მიიჩნევა დღესაც.

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, ოქროს გაძვირება მიუთითებს ინფლაციური პროცესის სწრაფ მიმდინარეობაზე, რადგან ოქრო არის უნივერსალური ვალუტა, რომელშიც სარკესავით აირეკლება ქვეყნის ფინანსურ სისტემაში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში ოქროს ფასი მთელ მსოფლიოშიც და საქართველოშიც იმდენად გაიზარდა, რომ მის შეძენას მოსახლეობის საშუალო ფენა ვეღარ ახერხებს. ამას ჩვენი რესპონდენტი ნანა თ.-ც გვიდასტურებს:

- უკვე რამდენიმე წელია, ყაზბეგის გამზირზე, ერთ-ერთ მაღაზიაში ოქროსა და ვერცხლის ნაწარმით ვვაჭრობ. იყო დრო, როცა ოქროს ბევრი მყიდველი ჰყავდა და შემოსავალიც უფრო მეტი მოჰქონდა, ახლა კი მხოლოდ ქორწილებისა და ნიშნობის დროს ყიდულობენ.

- უფრო ხშირად რომელი სინჯის ოქროს ყიდულობენ?

- ოქროს სინჯი გვიჩვენებს წმინდა ოქროს შემცველობას ნაკეთობაში. მარტო ოქროსაგან არაფერი კეთდება იმიტომ, რომ ეს ძალზე რბილი ლითონია. ამიტომ ის ყოველთვის შეიცავს მინარევებს; ვერცხლს, სპილენძს, კობალტს და ა.შ. ე.წ. რუსულ ოქროში ძირითადად სპილენძია შერეული, იტალიურში კი - ვერცხლი. თბილისში ორივე სახეობის ოქრო მოწონებით სარგებლობს.

სინჯი აღნიშნავს, მეტალის ათასი ნაწილაკიდან რამდენია ოქროსი. შესაბამისად, ბაჯაღლო შეიცავს 958 ოქროს ნაწილაკს, ჩვეულებრივი ოქრო კი - 583-ს. თუმცა, ამათ გარდა, კიდევ ბევრი სინჯი არსებობს. ყველაზე მაღალი ხარისხისაა ოქრო, რომლის სინჯიც 999-ია, მაგრამ ის ჩვეულებრივ პირობებში არ გვხვდება. ეს არის უმაღლესი ხარისხის კილოგრამიანი ოქროს ზოდები, რომელსაც ვალუტის სახით ინახავენ. თბილისში ყველაზე მეტად 583 სინჯის, ჩვეულებრივი ოქრო იყიდება, რომელსაც ხალხი "თურქულ ოქროს" ეძახის. ყიდულობენ ბაჯაღლოსაც, რადგან ის ყველაზე მაღალი ხარისხისაა.

- ქალბატონო ნანა, რა ღირდა ოქრო სავაჭრო ქსელში ადრე და რა ღირს დღეს?

- ოქროს ფასი ბოლო ორი წლის განმავლობაში თანდათან მატულობდა და დღესაც ასეა. საერთაშორისო ბაზრის პარალელურად ოქრო საქართველოშიც ძვირდება. ეს ძვირფასი მეტალი ჩვენში ძირითადად სომხეთიდან და თურქეთიდან შემოაქვთ. თუ ამა წლის მაისში 583 სინჯის ოქროს ღირებულება 37 ლარი იყო, ახლა უკვე 40 ლარი გახდა.

1 გრამ ბაჯაღლოს აპრილში 58 ლარადაც შეიძენდით, მაისში კი მისი ფასი უკვე 65 ლარამდე ავიდა. დღეს ბაზრობაზე 1 გრამი ბაჯაღლო 80 ლარი ღირს, ხოლო თბილისის ცენტრში არსებულ მაღაზიებში 100-115 ლარი. ამგვარი ფასებია "ზარაფხანის" მაღაზიათა ქსელშიც და მაღაზია "დელფოსშიც", სადაც ძირითადად იტალიური ოქრო იყიდება.

თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ოქროს შეძენა ვერც მოვახერხო და ჩემს სექციაში ვერცხლისა და ბიჟუტერიის სამკაულები "მოვამრავლო." სხვათა შორის, ჩემსავით ბევრი ფიქრობს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ