სადამდე გაგრძელდება ფასების "დოღი და რბოლა"

სადამდე გაგრძელდება ფასების "დოღი და რბოლა"

სურსათის გაძვირების ხმამ პრეზიდენტის ყურამდეც მიაღწია და ისიც მინისტრებთან ერთად საყიდლებზე ვიხილეთ. პური, შაქარი ან წიწიბურა რომ გაძვირდა, მოსახლეობამ პრეზიდენტის ტელევაჭრობამდეც კარგად იცოდა. არადა, პროდუქტების კიდევ გაძვირების არაერთი მიზეზი არსებობს.

შემოდგომა უბარაქოა წლეულს საქართველოში. არც მარცვლეული კულტურები გამოირჩევა მოსავლიანობით, არც ხილი და არც ბოსტნეული. შემოდგომა ეს-ესაა დაიწყო და 1 კგ ადგილობრივი ნიორი ბაზარზე 7 ლარი ღირს, ხახვი -1,20-1,30 ლარი, ვაშლი და ატამი კი 2-2,50 ლარი.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კილოგრამი კარტოფილის ფასი 20 თეთრით გაიზარდა და ამბობენ, რომ წლეულს კარტოფილის მოსავალი რეკორდულად დაბალია.

ადგილობრივი პროდუქცია უხვი მოსავლის შემთხვევაშიც კი ისედაც სრული მოთხოვნის მხოლოდ ნაწილს აკმაყოფილებს. მცირე მოსავალი იმპორტის წილს კიდევ უფრო გაზრდის.

ნინო მამალაძე (გამყიდველი სასურსათო მაღაზიაში): "წელიწადის ამ დროს მაღაზიაში დღეში 3-4 ტომარა შაქარს ვყიდდი ხოლმე. ახლა შემოდგომის პირია და წესით, ყველა ზამთრის მარაგს უნდა აკეთებდეს. დიასახლისები სწორედ ამ დროს ამზადებენ ზამთრისთვის კომპოტებსა და მურაბებს. მაგრამ წლეულს ხილიცა და შაქარიც ისე გაძვირდა, ზამთრის მარაგს ვინ დაეძებს, მთავარია, ხალხმა ყოველდღიურად გაიტანოს თავი. ერთ ტომარა შაქარი ორი კვირის განმავლობაშიც არ მეყიდება".

პრეზიდენტს სასურსათო მაღაზიაში მოპატაკე მინისტრებმა არ გაუმხილეს, რომ მნიშვნელოვნად გაძვირდა საკვები ზეთი. საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი ზეთი უკვე 3,60 ლარი ღირს, საცალო ქსელში კი როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტული 4 ლარად იყიდება.

მინისტრებმა არც ის უთხრეს პრეზიდენტს, რომ საქართველოში იმპორტირებული ხორბლისა და ფქვილის დიდი ნაწილი სწორედ რუსეთიდან შემოდის და ვერც ის შევიტყვეთ რიგიანად, როგორ ჰპირდება სახელმწიფო დახმარებას მოსახლეობას მძიმე ზამთრის გადასაგორებლად.

ირაკლი ლექვინაძე (ეკონომიკის ექსპერტი): -საქართველოს სასურსათო ბაზარზე გაძვირებას ბიძგი მსოფლიო ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ მისცა. პირველ რიგში ხორბლის კრიზისმა, რაც ხორბლის ძირითად მიმწოდებელ ქვეყნებში გვალვამ გამოიწვია. ბაზრებზე ხორბლის მიწოდება 4%-ით შემცირდა.

არ დაგვავიწყდეს, რომ ექსპორტი შეწყვიტა მსხვილმა მომწოდებელმა, რუსეთმა. ბუნებრივია, მიწოდებაში მნიშვნელოვანმა ცვლილებამ ფასები გაზარდა. ეს პირდაპირ აისახება საქართველოს ბაზარზე, რადგან ჩვენთან ხორბლის მოხმარების 80% იმპორტზე მოდის, რომლის უდიდესი წილი რუსეთიდან შემოდიოდა. ყაზახეთისა და უკრაინის წილი ხორბლის იმპორტში დაახლოებით 20-25%-ია.

მართალია, არც ერთ ამ ქვეყანას საქართველოსთვის ხორბლის იმპორტი არ შეუზღუდავს, მაგრამ ისინი მსოფლიო ბაზრის მოთამაშეები არიან, ამიტომ ფასები გაზარდეს. საქართველოშიც, შესაბამისად, პური გაძვირდა. ხორბლის გაძვირება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბურღულეულის, ზეთისა და ბევრი სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებზე.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა გულისხმობს ბაზრის დივერსიფიცირებას, რუსეთიდან იმპორტის ჩანაცვლებას სხვადასხვა ქვეყნებიდან. საუბარია გერმანიაზე, საფრანგეთზე, აშშ-ზე. თუმცა ეს იმავე ფასად არ იქნება. ჯერ ერთი, ფასები ზოგადადაც გაზრდილია და გასათვალისწინებელია ტრანსპორტირების ხარჯებიც. ასე რომ, შესაძლოა ბაზრის დივერსიფიცირება მოვახდინოთ, რუსული ხორბალი ჩავანაცვლოთ, მაგრამ ფასები მაინც მზარდი იქნება წლის ბოლომდე, უფრო სწორად, ახალი მოსავლის აღებამდე.

არსებობს სხვა გზაც -სანამ ასეთი კრიზისული პერიოდია, სახელმწიფოს შეუძლია მოუხსნას დღგ იმპორტირებულ ფქვილსა და ხორბალს. ეს 18%-ით გააიაფებს ამ პროდუქტების შემოტანას. მოგეხსენებათ, საქართველოში პურის მოხმარება საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით, დაბალშემოსავლიან ფენებში და მისი უმნიშვნელო გაძვირებაც კი სოციალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამძიმებს.

წლევანდელი წელი გამოირჩა სოფლის მეურნეობისთვის არასასურველი კლიმატური პირობებით, მოსავალი ნაკლები მივიღეთ და ადგილობრივი ხილი და ბოსტნეული შარშანდელზე ძვირია. ბუნებრივია, აგრარული პროდუქტების დეფიციტი შეივსება ძირითადად თურქეთიდან, ჩინეთიდან და ბულგარეთიდან იმპორტით. ამ ვითარებიდან გამოსავალი შესაძლოა იყოს საბაჟო მოსაკრებლების შემცირება, რომლებიც მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს ფასწარმოქმნაში.

-ამ ყველაფერს დაერთო გარევაჭრობის აკრძალვა. ესეც ხომ არ იმოქმედებს ფასებზე?

-სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის გაძვირებაში გარევაჭრობის აკრძალვა დიდ როლს არ თამაშობს. აქ უფრო სხვა საკითხია მნიშვნელოვანი -იმ ადამიანების ბედი, ვინც გარევაჭრობით იღებდა საარსებო სახსრებს. თუმცა გარევაჭრობასთან ბრძოლა პოლიციური მეთოდებით არ უნდა ხდებოდეს, არც ბაზრების მეპატრონეთა ნება-სურვილზე დამოკიდებული არ უნდა გახდნენ, რომელიც ნებისმიერ დროს გაუზრდის ან შეუმცირებთ საიჯარო გადასახადს.

-საერთაშორისო ეკონომიკის ლოკომოტივში, აშშ-ის ეკონომიკაში პრობლემები ალბათ მოახდენს კვლავ გავლენას ჩვენს ქვეყანაზე...

-ბოლო წლებში ყურადღებას ამახვილებენ, რომ აშშ-ის როგორც შიდა, ასევე საგარეო ვალი მზარდია. რა თქმა უნდა, ეს ადრე თუ გვიან გამოიწვევს განსაზღვრულ კრიზისულ მდგომარეობას ამერიკისთვის და პირველ რიგში, შესაძლოა დოლარი გაუფასურდეს.

თუ ამერიკის ეკონომიკას შეექმნება პრობლემები, ეს გავლენას ყველა იმ ქვეყანაზე მოახდენს, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ამერიკულ ეკონომიკასთან. ჩვენი ეროვნული ვალუტა დაკავშირებულია და მიბმულია დოლართან და შესაბამისად, დოლარის ინფლაცია ავტომატურად გამოიწვევს ლარის ინფლაციასაც.

P.S. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შემოსავლების სამსახური კვლავ აქტიურად განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის დაჯარიმებას. ხშირად საგადასახადო ინსპექტორების სამიზნე სურსათით მოვაჭრე მცირე მაღაზიებია, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით სოლიდურ ჯარიმა-საურავებს აკისრებენ. როგორც დაჯარიმებულმა მეწარმეებმა მოიმიზეზეს, ამის გამო იძულებული არიან, კიდევ უფრო გაზარდონ გასაყიდი პროდუქციის ფასი, რათა საკუთარ თავთან ერთად როგორმე ბიზნესიც გადაარჩინონ.

ემა ტუხიაშვილი

"ეკოპალიტრა"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ