პოლონეთი იამალ-ევროპის გაზსადენის მართვიდან "გაზპრომის" ჩამოცილებას აპირებს

პოლონეთი იამალ-ევროპის გაზსადენის მართვიდან "გაზპრომის" ჩამოცილებას აპირებს

პოლონეთის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი იამალ-ევროპის გაზსადენის მართვიდან "გაზპრომის" ჩამოცილებას აპირებს, რათა მასზე კონტროლი სახელმწიფო კომპანია Gaz-System-მა განახორციელოს. თავის მხრივ, "გაზპრომი" საკუთრების დათმობას არ აპირებს, თუმცა მზადაა, Gaz-System-ის, როგორც ტექნიკური ოპერატორის, მომსახურებას დათანხმდეს.

ამის მიზეზი ის არის, რომ ევროკომისია პოლონეთისგან იამალ-ევროპის გაზსადენის ადგილობრივი მონაკვეთის ექსპლუატაციის პირობების ევროკავშირის მესამე ენერგოპაკეტთან შესაბამისობაში მოყვანას ითხოვს. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის გაზსადენები ისევე, როგორც სხვა მსგავსი ინფრასტრუქტურა, დამოუკიდებელი ორგანოებით უნდა იმართებოდეს და მესამე მხარისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

გაზეთ "კომერსანტის" ცნობით, პოლონეთს გაზსადენის "გაზპრომის" კონტროლიდან გაყვანის გეგმა უკვე აქვს. ივლისის ბოლოს Gaz-System-მა პოლონურ მარეგულირებელ Urzad Regulacji Energetyki-ს Europolgaz-სთან ოპერატორული შეთანხმების პროექტი უკვე გადასცა. ეს კომპანია იამალ-ევროპის გაზსადენის 684 კმ-იან მონაკვეთს და 5 კომპრესორულ სადგურს ფლობს. "გაზპრომსა" და პოლონურ PGNiG-ს Europolgaz-ში 48-48 პროცენტი აქვთ, კიდევ 4%-ს კომპანია Gas-Trading აკონტროლებს.

გაზეთის ინფორმაციით, Gaz-System აირის მომწოდებლებთან შეთანხმების დადებასა და პოლონეთის ტერიტორიაზე აირის გადინების სატრანზიტო ტარიფის დადგენას თავად აპირებს.

Europolgaz-ში აცხადებენ, რომ URE-თვის შეთანხმების საკუთარი ვარიანტის წარსადგენად მზად არიან და ეს მომავალ კვირაში, "გაზპრომ ექსპორტის" ხელმძღვანელთან მოლაპარაკების შემდეგ მოხდება. რუსული მხარე მზადაა, პოლონელებს გაზსადენის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე ოპერატორული შეთანხმება გაუფორმოს.

თუკი Europolgaz-ი და Gaz-System-ი ვერ მოილაპარაკებენ, საკითხის გადაჭრაზე თავად პოლონური მარეგულირებელი იზრუნებს, იამალ-ევროპის გაზსადენის მართვას კი Gaz-System 6 თვის განმავლობაში მისი პირობებით განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი საერთაშორისო შეთანხმება პოლონეთთან, ასევე ახალი რუსული ვარიანტი, აირის ტრანზიტზე "გაზპრომისა" და PGNiG-ის მონოპოლიის შენარჩუნებას 2045 წლამდე განაპირობებს. ბოლო დრომდე პოლონური მხარე ამ ვარიანტზე თანახმა იყო, თუმცა მოლაპარაკებებში ევროკომისია ჩაერთო და დოკუმენტის თავიდან შედგენა მოითხოვა.

მომზადებულია kommersant.ru-ს მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ