"თუ ვალს ვერ გადავიხდით, 2013 წელს ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეექმნება!"

"თუ ვალს ვერ გადავიხდით, 2013 წელს ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეექმნება!"

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალმა მიმდინარე წლის 31 ივლისის მდგომარეობით 3,584 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 6,5 მილიარდი ლარია. სწორედ ამ მტკივნეული საკითხით დავიწყეთ ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ ნოდარ ხადურთან.

- ბატონო ნოდარ, ჩვენი ქვეყნის საგარეო სახელმწიფო ვალი თითქმის შვიდ მილიარდ ლარს აღწევს. რამდენად საგანგაშოდ მიგაჩნიათ ეს ციფრი?

- სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში ვალი მკვეთრად გაიზარდა. თავად საგარეო სახელმწიფო ვალის მოცულობა ამ ეტაპზე არ არის კატასტროფული, მაგრამ დამაფიქრებელია ამ ვალის ზრდის ტემპი - ბოლო წლებში საგარეო ვალი თითქმის გაორმაგდა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რატომ ვიღებთ და რისთვის ვიყენებთ ამ თანხას. ზოგიერთ შემთხვევაში ვალის აღების საჭიროება არ არსებობდა. მაგალითად, 2008 წლის მაისში საქართველომ ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები გამოუშვა.

შვიდ პროცენტს ვიხდით ამ ვალში და მისი დაფარვა 2013 წელს გვიწევს. 2013 წელს საქართველოს ბიუჯეტის 30 პროცენტი საგარეო ვალის მომსახურებას უნდა მოხმარდეს, რაც მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყანას. ეს, რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, მთლიანი საგარეო ვალი კი გაცილებით მეტია - მთლიანი შიდა პროდუქტის 80 პროცენტს აღემატება და 8 მილიარდ დოლარზე მეტია. აქ შედის კომპანიებისა და ბანკების მიერ აღებული ვალები, რომლის გადახდაც სახელმწიფოს არ ევალება, თუმცა გადაუხდელობის შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას შეიძლება მოუწიოს იმ აქტივების ჩაბარებამ, რომელიც ვალის უზრუნველსაყოფად არის ჩადებული. ეს, ძირითადად, კერძო აქტივებს ეხება. მაგალითად, "საქართველოს რკინიგზამ" ცოტა ხნის წინ გამოსცა ობლიგაციები და გაყიდა. თუ რკინიგზა ამ ვალს ვერ დაფარავს, შესაძლოა ობლიგაციის მფლობელებმა "საქართველოს რკინიგზის" ქონება მოითხოვონ. კრედიტორებს ამის უფლება აქვთ.

- მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს სახელმწიფოს პროცენტები, რომელსაც ყოველწლიურად ვიხდით?

- ზოგჯერ ვალის აღება გარდაუვალია. თუ იცი, რომ ეს ვალი მოხმარდება სასარგებლო პროექტს, რომელიც მომავალში ქვეყნის შემოსავალს გაზრდის, მაშინ მისი აღება გამართლებულია. თავისთავად, პროცენტები, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ისეთი დიდი ტვირთი არ არის ბიუჯეტისათვის, ზოგიერთი სესხი ძალიან კარგი პირობებითაც გვაქვს აღებული - წლიური 2 ან 3 პროცენტით, რაც ნამდვილად არ არის მაღალი, მაგრამ როდესაც საგარეო ვალს ვიღებთ, უნდა ვიცოდეთ, რისთვის დაიხარჯება ეს თანხა, ვინაიდან ის მომავალი თაობების გადასახდელია. ამასთანავე უნდა ვიცოდეთ, შევძლებთ თუ არა მის გადახდას.

ყოველწლიური პროცენტების გადახდა საგანგაშო არ არის, მაგრამ 2013 წელს შეიძლება სერიოზული პრობლემები დაგვიდგეს, თუ ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შევასრულებთ. 2013 წელი კი არც ისე შორს არის.

- ბატონო ნოდარ, როგორ ფიქრობთ, სტაბილურია ქართული ვალუტის კურსი?

- ლარის კურსი ამ ეტაპზე სტაბილურია. ეროვნული ბანკის საქმიანობაც და ქვეყნის ეკონომიკაც მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ეს კურსი შენარჩუნდეს. ეროვნულ ბანკს აქვს ინსტრუმენტები, რომლითაც შეიძლება ეროვნული ვალუტის კურსი შეინარჩუნოს და ინარჩუნებს კიდეც. დღეს ისედაც მძიმე სიტუაციაა ეკონომიკაში, ფასები განუხრელად იზრდება და ლარის კურსი კიდევ უფრო რომ დაეცეს, მძიმე ინფლაციურ პროცესებს გამოიწვევს.

- ამბობენ, რომ სექტემბრიდან საკვები პროდუქტები კიდევ უფრო გაძვირდება. საფუძვლიანია ეს შიში?

- აქაც უნდა გამოვყოთ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები: თუ გავითვალისწინებთ, რა ხდება მსოფლიოს ბაზრებზე, თავისთავად ცხადია, რომ საქართველოს არა აქვს იმუნიტეტი, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისაგან თავი დაიცვას. რუსეთში ხორბლის მოსავალი ხანძრებმა და გვალვამ გაანადგურა, უკრაინაშიც გვალვა იყო. ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევს ხორბლის ფასის ზრდას. ხორბლის გაძვირება თავისთავად გამოიწვევს პურისა და სხვა საკვები პროდუქტის გაძვირებას.

ჩვენ დამოკიდებულნი ვართ საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაც. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს საფრთხე და მეწარმეებთან ერთად მოლაპარაკებები გამართოს კანადის, აშშ-ის ავსტრალიის წარმომადგენლებთან, შედარებით დაბალ ფასში რომ შემოვიდეს პროდუქტები და ინფლაცია კიდევ უფრო არ გამწვავდეს.

- საზოგადოება ხშირად სვამს კითხვას - ხომ შეიძლება გვქონდეს ჩვენი და სხვაზე დამოკიდებულნი არ ვიყოთ?

- სამწუხაროდ, საქართველოს სამყოფი ხორბალი არასოდეს ჰქონია. საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ყველაფრით უზრუნველყოს თავისი მოსახლეობა.

- ბატონო ნოდარ, ბევრი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ საქართველოს შეუძლია თავისი მოსახლეობა სურსათით უზრუნველყოს.

- ამ წუთში ჩვენს ქვეყანაში სახნავ-სათესი მიწების თითქმის 60 პროცენტი დაუმუშავებელია, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი და მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი არის მხოლოდ 9 პროცენტი და კიდევ: საქართველოში ყველაფერს ვერ მოიყვან. ქვეყანამ უნდა მოიყვანოს პროდუქტი, რომელიც უფრო იაფი უჯდება სხვასთან შედარებით და სანაცვლოდ იყიდოს ის, რის მოყვანაც უფრო ძვირი უჯდება. ასე იქცევა მსოფლიოს ყველა ქვეყანა და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ